09 მაისი, 2019
რატომ უკრძალავენ ზაზა ფაჩულია და თიკა ალავიძე შვილებს ინგლისურად საუბარს
- 10 წლის წინათ გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც ერთ წელიწადში ჩემი მეუღლე გახდა - თიკა ალავიძე. იგი გმირია იმიტომ, რომ სამი შვილი მაჩუქა; გმირია იმიტომ, რომ მე მიძლებს; გმირია იმიტომ, რომ მეოთხე შვილი უნდა გამიჩინოს, ამიტომაც ვერ ჩამოვიდა ამერიკიდან. იგი ბოლომდე მიგებს, ასეთ სიტუაციაშიც ესმის, რომ საქართველოს ვჭირდები, ნაკრებს უნდა დავეხმარო ევროპის ჩემპიონატზე, - ეს სიტყვები ზაზა ფაჩულიამ 2017 წელს თქვა. ფაჩულიებს უკვე ოთხი შვილი ჰყავთ, ხოლო როგორ დაიწყო ზაზას და თიკას LoveStory ამას ქვემოთ
წაიკითხავთ.

ზაზა ფაჩულია: 17 წელი ნაკრებში... ამის მერე, როგორი ემოციით უნდა უყურო ტრიბუნიდან?! 

ზაზა: - როდესაც ცხოვრების უმეტეს ნაწილს უცხოეთში ატარებ, ყოველთვის გენატრება ქართული კულტურა და ტრადიციები, ყველაფერი, რაც საქართველოს უკავშირდება. ერთ დღესაც მეგობარმა კონცერტზე დამპატიჟა. დაუფიქრებლად დავთანხმდი.

თიკა: - ანსამბლ "სუხიშვილებში" ვცეკვავდი. მახსოვს, მცხეთაში გვქონდა კონცერტი, რომელსაც ზაზაც დაესწრო. აღმოჩნდა, რომ გვყავდა საერთო მეგობარი...

ზაზა: - იგი იცნობდა ანსამბლის რამდენიმე წევრს. კონცერტის დროს ხშირად ახსენებდა თიკას, ამბობდა, ძალიან კარგი და ნიჭიერი მოცეკვავეაო.

თიკა: - საერთო მეგობარმა მითხრა, ზაზას შენი გაცნობა უნდაო და კულისებში შემოიყვანა. ეს იყო ჩემი და ზაზას პირველი შეხვედრა.

ზაზა: - დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთთან ტელეფონით და ინტერნეტით გვქონდა კავშირი. ჩემთვის ეს პერიოდი ძალიან რთული იყო. უზომოდ მენატრებოდა.

თიკა: - ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები. ამ პერიოდის მანძილზე მას იშვიათად ვხედავდი, მაგრამ ყოველთვის აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ერთ დღესაც...

ზაზა: - ამერიკიდან დავურეკე და ვუთხარი: ჩამოდი, ხელი მოვაწეროთ-მეთქი.

თიკა: - დაურეკა მამაჩემსაც და ასე, სპონტანურად გადავწყვიტეთ, ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაგვეყვანა.

ზაზა: - ვინაიდან უკვე ოჯახის შექმნაზე იყო ლაპარაკი, ძალიან მინდოდა, ეს ყველაფერი ქართულად გამეკეთებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული ტრადიციის შესაბამისად ვერ შევძელი და ასე მოგვიწია შეუღლება.

ეს ყველაფერი ფაჩულიებმა ჟურნალ "OK"-ს მოუთხრეს.



თიკა ალავიძემ თავისი პროფესიით მუშაობა ამერიკაშიც განაგრძო. ცხადია, "სუხიშვილების" ანსამბლი მას ამერიკულ ჯორჯიაში ვერ გაჰყვებოდა...

- ატლანტაში 6 წელი ვიცხოვრეთ, გავხსენი საკუთარი სტუდია, სადაც ქართველებს ეროვნულ ცეკვებს ვასწავლიდი. სასიამოვნო იყო განცდა, რომ ემიგრანტებს ქართულ კულტურასთან ჰქონდათ შეხება. ატლანტის შემდეგ თითო წელი სხვადასხვა ადგილას გვიწევდა ცხოვრება და ჩემი საქმიანობა ვეღარ განვაგრძე, რადგან ფიზიკურად რთულია რაიმეს ხელახლა დაწყება, როდესაც ხვდები, რომ ეს ყველაფერი დროებითია. სამომავლოდ, როდესაც გვეცოდინება, საბოლოოდ სად დავფუძნდებით, მინდა, ისევ სტუდია გავაკეთო.

ფაჩულიების ოჯახმა ატლანტა 2013 წელს დატოვა, მომდევნო ორი წელი მილუოკიში გაატარა, ერთი - დალასში, კიდევ ორი ოკლენდში და დეტროიტში... თიკა ალავიძე საცეკვაო სტუდიისთვის ჯერ ვეღარ იცლის, მას ოთხი შვილი ჰყავს: დავითი, საბა, მარიამი და ნუცა.

- მეც და ზაზაც ჩვენს თავზე აღარ ვფიქრობთ, მაქსიმალურად ვცდილობთ, თავისუფალი დრო ბავშვებს დავუთმოთ. სამწუხაროდ, უქმეებზე ქალაქგარეთ ვერ გავდივართ, რადგან ზაზას ყველა "უიქენდი" დატვირთული აქვს. როდესაც ის შინაა, ამაზე დიდი ბედნიერება არც ჩემთვის და არც ბავშვებისთვის არაფერია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აქტიური რეჟიმის მქონე სპორტსმენებს მამობისთვის და ოჯახის საქმეებში მონაწილეობისთვის დრო არასოდეს ჰქონდათ, მაგრამ ზაზამ ეს სტერეოტიპი დამიმსხვრია. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთი არაჩვეულებრივი მამა იქნებოდა. მაქსიმალურად ყურადღებიანია. როდესაც თავისუფალია, მუდამ ოჯახთან და შვილებთან ატარებს დროს, ეთამაშება და ცდილობს, სიყვარული, სითბო არ მოაკლოს. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS