18 აპრილი, 2019
ქართველი მოდელი ავთანდილს და თამუნა ინგოროყვას მოდელებისადმი დამამცირებელ მოპყრობაში ამხელს
2014 წელს თათია ახალაია პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე გამოვიდა. ეს იყო 1 წლით ადრე, სანამ თაკო ნაცვლიშვილი გაივლიდა ვერსაჩეს ჩვენებაზე, დემნა გვასალია დაინიშნებოდა ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელად და სოფო ჭყონია თბილისში მერსედეს-ბენც მოდის კვირეულს გაუწევდა ორგანიზებას. 2014 წლის შემდეგ, ქართულ მოდაში ყველაფერი ელვის სისწრაფით განვითარდა. ახალაიაც განაგრძობდა მუშაობას, თან საკმაოდ ნაყოფიერად. ამ ხუთი წლის განმავლობაში, მან პირადად გაიცნო დოლჩე და გაბანა, შეხვედრა ჰქონდა რიკარდო ტიშისთან, 5 დღე იმუშავა ფიბი ფაილოსთან, ჩვენებაში დამტკიცდა პრადას მიუ მიუზე და
მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა ქართველი დიზაინერის ჩვენებაში, თუმცა, თათია არ გამხდარა „სელებრითი,“ რომელზეც გაუჩერებლად წერენ და საუბრობენ. ის შესაძლოა, იყოს ერთადერთი წარმატებული ქართველი მოდელი, რომელიც უმრავლესობაზე ბევრს მუშაობს, თუმცა, ყველაზე ნაკლებს საუბრობს. როდესაც მასთან ინტერვიუ დავგეგმეთ, ჩვენი მიზანი იყო, უკეთ გაგვეცნო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი და დაგვეხატა სრული სურათი იმის, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში გასული 5 წლის განმავლობაში.

თათია მოსკოვში დაიბადა, მაგრამ იქაურობა არ ახსოვს, რადგან სამი წლის ასაკში მშობლებთან ერთად საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. „ჩემი მშობლები აფხაზეთიდან არიან, იქ გაიცნეს ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, რაღაცები მახსოვს, მახსოვს ჩემი სახლი და ყოველთვის მენატრება“, – ამბობს მოდელი ჩვენთან საუბრის დასაწყისში.

ახალაია იმ მოდელების რიგებს მიეკუთვნება, რომელთა მიზანიც მოდელობა არ ყოფილა, თუმცა, არა იმიტომ, რომ საკუთარ გარეგნობას ვერ აფასებდა, არამედ მოდელობაში საინტერესოს და პერსპექტიულს ვერაფერს ხედავდა.

„არ მინდოდა მოდელობა, იამ (კიწმარიშვილმა) რამდენჯერმე მთხოვა მისვლა. ვეუბნებოდი, რომ არ მინდოდა. ბოლოს ვიფიქრე, მივიდოდი და ავუხსნიდი, რომ არ მაინტერესებდა ეს სფერო და წამოვიდოდი უკან“, – იხსენებს ახლა უკვე იას სააგენტოს, IC Model Management-ის, ყველაზე წარმატებული მოდელი. „ჩემი ეს დამოკიდებულება, ალბათ, იმით აიხსნებოდა, რომ, როცა მე ვიწყებდი, მოდაში ერთი წარმატებული ფიგურა არ გვყავდა. ყველა ძველი მოდელი ან წამყვანი გახდა, ან ხომ ხვდებით. ეგ ჩემთვის საინტერესო არ იყო და ამიტომ არ მინდოდა. 2014 წელს არც ეს მოდის კვირეული იყო (თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული), მოდური პრესა ხომ საერთოდ არ იყო, მაშინ თქვენც არ იყავით.“

თათია დოლჩე & გაბანას ალტა მოდასთვის, 2018 წელი, იტალია


Rating
ია კიწმარიშვილმა მართლაც დიდი როლი ითამაშა თათიას კარიერაში. მისი ძალისხმევით ახალაიამ გადაწყვიტა ამ სფეროში ბედი ეცადა, პარიზში ჩავიდა და ოტ კუტიურ მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა. ამ პერიოდიდან იწყება თათიას კარიერის წინსვლა. დავინტერესდით, იყო თუ არა ფინანსებთან დაკავშირებული მოდელობის დაწყება, რაზეც გვპასუხობს:

„მე სამოდელო სტუდიებში თანხა არ გადამიხდია. როცა დავწერე, რომ მოდელებმა სამოდელო სტუდიებში ფული არ უნდა გადაიხადონ, გოგონებმა მომწერეს, „რას იძახი?! ჩვენ იმდენ რამეს ვსწავლობთ (სამოდელო სტუდიებში), იქ გვყავდა ფსიქოლოგი, იქ გვყავდა მეტყველების მასწავლებელი.“ სამოდელო სააგენტო ხომ არ იქმნება იმიტომ, რომ ვინმეს მეტყველება ასწავლონ, მაშინ დახვეწილობის კურსებზე იარე (იცინის). სტუდიები უმეტესად ფულის შოვნის საშუალებაა. თუმცა, ამას კიდე გავიგებ, (ქართულ) სააგენტოებში ფული სხვანაირად არ კეთდება, მაგრამ როცა მოდის გოგო, რომელსაც ხედავ, რომ არ აქვს მოდელის პოტენციალი და ატყუებ, იმიტომ რომ თვეში 200 ლარი გადაგიხადოს, ეუბნები, რომ აი, იცი, ახლა ვერა, მაგრამ 2 წელი იარე, შევხედოთ, ქასტინგებზე გაგიშვებ და იქნებ რა გამოგივიდეს, ეს არ მომწონს. მაგ ასაკში ყველას აქვს ამბიცია, მშობლებს განსაკუთრებით, ყველას თავისი შვილი ჰგონია ლამაზი. არ უნდა უთხრა, რომ ასე არ არის, მაგრამ არც უნდა მოატყუო. უნდა უთხრა, აი, იარე, ისწავლე მეტყველება, ფსიქოლოგია, მოძრაობა, აქედან რაღაცას წაიღებ, მაგრამ მოდელი ვერ გახდები, იმიტომ რომ მეტყველება ისწავლე.“ თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თათიას საკუთარი ჯიბიდან არაფრის გაღება მოუწია. როდესაც პარიზში პირველად ჩავიდა, იქ ყოფნის ხარჯების გასტუმრება თავად უწევდა.

მიუხედავად აღსანიშნი მიღწევებისა, თათია არ გამხდარა „სელებრითი,“ რაც საქართველოში ძალიან იშვიათია. როცა მიზეზებზე ვკითხეთ, გვიპასუხა, რომ ცნობადობა და ტიტულის მოპოვება არასდროს ყოფილა მისი მიზანი. ამით აიხსნება ფაქტი, რომ მის საქართველოს გვირგვინზეც უარი თქვა. მაშინ, რატომ აკეთებს ამ საქმეს? პასუხი მხოლოდ ერთია, მოდელობა სამსახურია, თან კარგად ანაზღაურებადი.

„მის საქართველოზე უარი ვთქვი, არაფერში გამომადგებოდა. უბრალოდ ტიტულია, მაგრამ ვერაფერში გამოვიყენებდი. ბევრისთვის შეიძლება სულ არაფერს ჯობდეს, მაგრამ ჩემთვის სულ არაფერი ჯობია. სილამაზის კონკურსი და მოდელობა საერთოდ სხვადასხვაა. სილამაზის კონკურსი სამსახური არ არის, მოდელობა სამსახურია, რომელსაც ანაზღაურების გამო ვაკეთებ. ჩემთვის ეს არის პირველ რიგში სამსახური, საიდანაც შემოსავალი მაქვს. სხვაგან სტუდენტმა სად უნდა გამოიმუშავო ეს თანხა, თუ ძალიან განსაკუთრებული ნიჭის პატრონი არ ხარ? არ ვიცი. ლამაზი მოდელის თემა კი მოდაში ძალიან პოპულარული არ არის.“


Rating
მის ამ პოზიციაზე ისიც მეტყველებს, რომ თათიას ხშირად ვერ ნახავთ ყვითელი პრესის ფურცლებზე. „ყვითელი პრესის გადაღებისთვის მითქვამს უარი და სააგენტოც გაფრთხილებული მყავს, რომ რაც არის ყვითელი, არ დამირეკონ. იმიტომ კი არა, რომ მებანძება ან ვთვლი, რომ ცუდი ტონია, უბრალოდ სარგებელი არ მაქვს. რაში შეიძლება გამომადგეს? ანაზღაურება არ არის, სურათებს პორტფოლიოში ვერ გამოვიყენებ. დროის კარგვაა.“

მისი ასეთი დამოკიდებულება შეიძლება ბევრისთვის საკამათოც იყოს, რადგან მოდელისთვის ცნობადობა კარიერის განვითარების უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. არ გვეკამათება და გვეუბნება, რომ ეს მართლაც ასეა, თუმცა, აქცენტს ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე აკეთებეს – ის ცხოვრობს საქართველოში და არა ამერიკაში, სადაც ცნობადობამ შეიძლება პროფესიულ წინსვლაში ხელი შეუწყოს. ხაზს ასევე უსვამს საქართველოში კარგად ნაცნობ გარემოებას, როდესაც გოგონები, რომლებიც ამ პროფესიას ირჩევენ, მას განსხვავებული მიმერთულებით ავითარებენ, თუმცა, მაინც ინარჩუნებენ მოდელის სტატუსს.

„მე ვიცი სააგენტოები, რომლებსაც ჰყავთ „ბუქერები,“ მათ კლუბებში მიჰყავთ გოგონები. დაატარებენ ამ გოგონებს აქეთ-იქით საღამოებზე. ფულს უხდიან, მაგრამ ესეთი სააგენტოები გოგონებს არ აძლევენ სამოდელო სფეროში სამუშაოს. მათ არ ჰყავთ მაღალი მოდის კლიენტები, თუმცა, საღამოებზე აკეთებენ ფულს. არ ვამბობ, რომ ცუდია, მაგრამ ამ საქმეს სამოდელო სფეროსთან შეხება არ აქვს. ეს არ არის მოდელობა.“ აღნიშნული გარემოება გასათვალისწინებელია იმ გოგონებისვის, რომლებიც ახლა იწყებენ ამ სფეროში მუშაობას. მათ უნდა იცოდნენ, რომ შეიძლება მოდელობის სახელით შესთავაზონ ის, რასაც ამ პროფესიასთან რეალურად კავშირი არ აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ვერანაირ სარგებელს მიიღებენ, მაგრამ უმჯობესია წინასწარ განსაზღვრონ თავიანთი პრიორიტეტები. უნდა იცოდე, რა მიმართულებით გინდა წასვლა, რადგან ბევრი გზა არსებობს, მაგრამ სასურველ შედეგამდე მხოლოდ ერთი მიგიყვანს. ამ შემთხვევაში თათიამ ზუსტად იცის, რას და რატომ აკეთებს.

თათია დოლჩე & გაბანას 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებაზე


Rating
მოდელები მაღალი მოდის ინდუსტრიაშიც ხდებიან შეუფერებელი საქციელების მსხვერპლი და ბოლო დროს გაჟღერებული მოვლენები ამის დასტურია. 2017 წელს ქასტინგ დირექტორის, ჯეიმს სკალის დამსახურებით, აქტიურად დაიწყო საუბარი წნეხზე, რომლის ქვეშაც ხშირად მოდელები ექცევიან. ჯეიმსი იქცა მოდელების უფლებების დამცველ აქტივისტად, თუმცა, მისი სახელის ხსენებაზე, ახალაია ჩვენთვის მოულოდნელ პასუხს გვცემს:

„ჯეიმს სკალი ყველაზე დიდი დისკრიმინატორია მათ შორის, ვინც გამიგია. მაშინ ტომ ფორდის ქასტინგ დირექტორი იყო, სელინის ქასტსაც ჯეიმსი აკეთებდა, მერე შეცვალეს. პარიზში რომ ჩამოვედი, დამიბარა. ჯეიმსი პარიზში სტელა მაკარტნის ქასტს არჩევდა. ლუქების მორგებაზე გარეთ 12 საათი დაგვაყუდა. ღამის 3 საათამდე ველოდებოდით, გამოვიდა და იძახის: „იცით, ლუქები აღარ გვაქვს, შეგიძლია, წახვიდეთ.“ ესეთი შემთხვევები სხვაგანაც მქონია და მოდაში ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჯეიმსისგან გამიკვირდა. ვიცოდი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ჩვენს უფლებებს იცავს. ისე მიკვირს ხოლმე… საჯაროდ საერთოდ სხვა განცხადებებს აკეთებენ და შიგნით სხვანაირად იქცევიან.“ იმის ფონზე, რომ მოდის ინდუსტრია ხშირად ძალიან ყალბია და ეს ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს, მაინც გულდასაწყვეტია, როდესაც იმ ადამიანზე იგებ სიმართლეს, რომელიც პოზიტიური ცვლილების ელჩად გესახება.

თათია აგრძელებს ქასთინგ დირექტორებზე საუბარს და გვიყვება თავის მიღებულ გამოცდილებას ანიტა ბიტონთან და პიერჯორჯიო დელ მოროსთან მუშაობისას.

„ანიტა ბიტონი ატარებს მარკ ჯეიკობსის და მიუ მიუს ქასტინგებს. მარკის ქასტინგზე ერთ გოგოს ცუდად მიმართა, სტრესი მიაღებინა. სანამ შევედი, ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ჩემთვის ცუდი არაფერი უთქვამს. მითხრა, რომ მისთვის პირველი ქართველი გოგონა ვიყავი. წლების წინ ქასტინგებზე პირველად რომ ჩავედი, საქართველო არავინ იცოდა. ახლა ვითარება ძალიან შეცვლილია. იციან და რაც მთავარია, კარგად არიან განწყობილნი. „ქულია“ საქართველო, ასეთი ასოციაციები აქვთ. როცა გაიგებენ, რომ საქართველოდან ხარ, „ქულ!“"

რაც შეეხება პიერჯორჯიოს, მასთან შეხება დოლჩე & გაბანასთვის მუშაობისას მოუწია.

„დოლჩე & გაბანას საერთაშორისო ქასტინგ დირექტორი არ ჰყავს, რადგან ძალიან იტალიური ბრენდია გლობალურ ქასტინგ დირექტორს არ იყვანენ“, – აღნიშნავს მოდელი. „ძირითადად დოლჩე&გაბანას ქასტინგს აკეთებს პიერჯორჯიო. პიერჯორჯიო აკეთებს ვერსაჩეს, პარიზში სან ლორანს და ტომ ფორდსაც, რაც ძალიან რთულია, რადგან პიერჯორჯიო გოგონებს ნახულობს წელიწადში მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ ნიუ-იორკში. არის უზარმაზარი ქასტინგი წელიწადში ერთხელ. მანდ რიგში რომ გაძლო, ალბათ რკინის უნდა იყო. 10 ადამიანი ჰყავს გუნდში. ზოგი ფოტოს გიღებს, ზოგი ვიდეოს, ზოგი პარამეტრებს ამოწმებს, ზოგი სოციალურ მედიას. პიერჯორჯიო ძალიან მთავარია.“


Rating
თათიას საერთაშორისო კარიერაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ჟივანშის გახმაურებულ თემას, რომელზეც გვეუბნება, რომ არასწორად გაშუქდა. როგორც ირკვევა, მას ჟივანშის კონტრაქტზე უარი კი არ უთქვამს, არამედ გარკვეული გარემოემების გამო, ამ ფრანგულ ბრენდს და თათიას შორის თანამშრომლობა არ შედგა.

„ჟივანშის თემა ძალიან გაბუქებულად გაშუქდა, რომ მე რაღაცაზე უარი ვთქვი. ჩემი სააგენტოს მხრიდან „გაბაზრდა“ არასწორად, რადგან ასე აწყობდათ, იმიტომ რომ რეალურად თავიანთი ბრალიც იყო“, – განმარტავს ახალაია. „მე პარიზში შევხვდი ქასტინგ დირექტორს, ამ ადამიანმა თქვა, რომ მაქვს ჟივანშის სახე და რიკარდოს (ტიში) აჩვენებდა ჩემს ფოტოებს. თუ რიკარდო მოისურვებდა ჩემთან შეხვედრას, შემახვედრებდა. რამდენიმე დღის მერე ჩემმა „ბუქერმა“ მითხრა: „რიკარდომ ნახა შენი ფოტოები, დარეკა და უნდა რომ შეგხვდეს. მიდი, ჩაიცვი შავი კაბა და წავედით, რიკარდოსთან შეხვედრა გაქვს.“

რიკარდო ტიში 12 წელი ხელმძღვანელობდა ჟივანშის მოდის სახლს. ის ჩვენი თაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერია. მას შემოქმედებით ნიჭთან ერთად ახალბედა მოდელების აღმოჩენის უნარი აქვს. რიკარდოს სახელთან ასოცირდა ისეთი ტოპ მოდელების აღმოჩენა და პოპულარიზაცია, როგორებიც არიან: ლარა სტოუნი, ირინა შეიკი, მარიაკარლა ბოსკონო, ჯოან სმოლსი, ნატაშა პოლი და ა.შ.


ახალაია განაგრძობს ისტორიის მოყოლას: „შევხვდი რიკარდოს, დამელაპარაკა, მკითხა რაღაცები, ჩამაცვა სამოსი, ჩვეულებრივად ვუპასუხე, თან რამდენიმე ადამიანი ჰყავდა. რომ გამოვედი, მიგელი, ჩემი ბუქერი ძალიან გახარებული იყო. 2 კვირაში პატრიცია (ქასტინგ დირექტორი) დაუკავშირდა მიგელს და ჩემზე უთხრა, რომ ეს გოგო ძალიან საინტერესო სახის არის და იქნებ სექტემბერში ექსკლუზიურად ჩავსვათ (ჟივანშის) კამპანიაში, თუმცა, მე არ ვიცოდი არაფერი. ჩემთვის ამ შეხვედრით აქ დამთავრდა ეს ამბავი. ამასობაში 3 თვე უნდა ვყოფილიყავი პარიზში, მაგრამ არაფერი არ ხდებოდა ჩემს გარშემო. არანაირი კასტინგი, არანაირი გადაღება, მარტო ედითორიალები, რადგან ახალი სახე უნდა იყო, როცა ექსკლუზივი ხარ. ასე გადაწყვიტეს, რომ ედითორიალებში დამასაქმებდნენ და სხვა ქასტინგებზე არ გამიშვებდნენ. 3 თვე პარიზში არაფერს ვაკეთებდი, მართლა ძალიან სტრესში ვიყავი, რადგან არც ვიცოდი, რომ ჟივანშისგან რაიმე სერიოზული შემოთავაზება მქონდა. დავიწყე კრუასანების და ძალიან “ჯანქ ფუდის” ჭამა. ჩემი „ბუქერი“ მოდიოდა და მაცივარს მიმოწმებდა. მეუბნებოდა, რომ მარტო ვაშლი უნდა მეჭამა. ამაზე პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და უკურეაქცია მქონდა. საქართველოში რომ ჩამოვედი, თეძო მქონდა 94, აქედან წასულზე კი – 88. საქართველოში დაკლება არ მიცდია. სექტემბერში უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ უარი ვთქვი ჩასვლაზე, მაგრამ რომც ჩავსულიყავი, 94 თეძოთი შანსი არ მქონდა. თან, მაგ პერიოდში იას (კიწმარიშვილი) ქმარი დაეღუპა და ვერ მოახერხა ჩემთან ამ თემებზე საუბარი. ეგ იყო და ეგ, გუშინ რომ გაქვს მორგება და ხვალ ჩვენებაა, მაშინ არ იცი ზუსტად, გამოხვალ თუ არა შოუზე და როცა 3 თვის მერეა მოდის კვირეული და გეუბნებიან, რომ 3 თვის მერე უნდა ვნახოთ და იქნებ ჩავსვათ, ეგ სხვა რამეა. მე მერე გავიგე, რომ ამაზე იყო საუბარი, ექსკლუზივზე. რომ მცოდნოდა, მასეთი სულელი არ ვარ, რომ უარი მეთქვა.“

პარამეტრების ხსენებისას დავინტერესდით, რამდენად შეეხოთ ინდუსტრიის „Body Positivity” კამპანია რიგით მოდელებს, რომლებიც არ არიან ეშლი გრეემი, ჯიჯი ჰადიდი, თუ ბარბარა პალვინი. თათია გვპასუხობს: „ნიუ-იორკში შეიძლება, რადგან იქ ინფლუენსერები უნდათ და სოციალურ ქსელებში პოპულარულ სახეებს არჩევენ, მაგრამ ევროპაში არაფერი შეცვლილა მოდელების წონასთან დაკავშირებით. პარიზში განსაკუთრებით სიმკაცრეა. ფრანგული ზომები ძალიან პატარაა. თეძო 90 რომ გაქვს, მაშინაც გიჭირს კაბის მორგება. მილანში უფრო არის შანსი, რადგან იტალიური ზომები ფრანგულზე დიდია, მაგრამ პარიზში გამორიცხულია. ფიზიკურად ვერ ჩაეტევი ტანსაცმელში, რომელსაც გაწვდიან. სტანდარტული ზომები აქვთ და უნდა ჩაეტიო. თუ ვერ ეტევი, გიშვებენ.“

ჟივანში არ ყოფილა ერთადერთი დიდი ბრენდი, რომელთანაც თათიას ექსკლუზიურ კონტრაქტთან დაკავშირებით შემოთავაზება ჰქონდა. 2 წლის წინ, ახალაია სელინის ექსკლუზივი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ინდუსტრიის უსამართლო პოლიტიკამ იმსხვერპლა. ქართველმა მოდელმა 5 დღის მანძილზე იმუშავა ფიბი ფაილოს სელინში, უარი თქვა სხვა ქასტინგებზე, რადგან ექსკლუზიურობა გულისხმობს მხოლოდ 1 ბრენდისთვის მუშაობას გაცილებით მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ.

ფიბი ფაილო და კანიე უესტი CFDA–ს 2011 წლის დაჯილდოებაზე, სადაც ფიბის წლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო გადასცეს სელინში შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე.



„სელინში მორგებაზე მისულს, რამდენიმე გოგონას გვითხრეს, რომ დავრჩენილიყავით. მოდის კვირეულები იყო და სხვა ქასტინგებიც მქონდა, თუმცა, სელინში დამტოვეს. მოგვიანებით ჩემი სააგენტოსგან მომივიდა მოლოცვა. დიდი სიხარულით მწერდნენ, რომ სელინმა ჩემი ექსკლუზიურად აყვანა გადაწყვიტა, ამიტომ არ დამჭირდება სხვა ქასტინგებზე მისვლა და საკმაოდ დიდ თანხასაც გადამიხდიდნენ. 5 დღის განმავლობაში ყველა ლუქი, როგორც ტანსაცმელი ისე აქსესუარები, მაკიაჟი, ვარცხნილობა, ყველაფერი მე მომარგეს და ჩემზე დატესტეს. ჩვენების წინა დღეს ყველა მოდელის მაგივრად მე გამოვდიოდი პოდიუმზე, რომ მუსიკაც სწორად ჩამჯდარიყო. ფიბი ფაილოსთან პირადად მქონდა შეხება, ის ძალიან აქტიურად მუშაობდა სტილისტთან ერთად. გამესაუბრა, მკითხა, საიდან ვარ, სად ვსწავლობ, რამდენი წლის ვარ. მაშინ არ ვიცოდი, რომ ფიბი დიდი დიზაინერი იყო, ან სელინი ასეთი მნიშვნელოვანი ბრენდია, მაგრამ მიხაროდა, რადგან ჩემი აგენტი მეუბნებოდა, რომ სელინში მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენების დღეს ოთახში ასამდე გოგო შემოვიდა. ყველა გოგონა იქ იყო, ვინც მაშინ მოდის კვირეულის პერიოდში პარიზში იმყოფებოდა. ძალიან გამიკვირდა ამდენი გოგოს დანახვა, არ ველოდი. შემდეგ გავარკვიე, რომ ჩვენებიდან მომხსნეს. მიზეზად დაასახელეს „Late Walking,“ თუმცა, მე 5 დღე ვმუშაობდი მათთან და ამის შესახებ მანამდე არ უთქვამთ. თავიდან ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ახლა უკვე მივხვდი, რომ მოდაში ასეთი რაღაცები ჩვეულებრივი მოვლენაა.“

მიუ მიუს ქასთინგზე მიუჩია პრადასაც შეხვდა, რომელსაც ძალიან კარგად ახასიათებს, თუმცა, ჟივანშის და სელინისგან განსხვავებით, პრადას მიუ მიუსთვის შექმნილი კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა.





ჩვენ მწვერვალზე მყოფ დიზაინერებზე ვსაუბრობთ, რომელთანაც თათიას პირადად ჰქონდა შეხება. ეს გვაფიქრებინებს, რომ ამის გამო თათია ქართველი დიზაინერებისთვის სასურველია. ჩვენი წარმოდგენა მოდელმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ქართველ დიზაინერებთან პირადად აღსანიშნი პრობლემა არ შექმნია. თუმცა, როდესაც იმ გოგონების მიმართ ქართველი დიზაინერების მხრიდან დამოკიდებულებაზე ვკითხეთ, რომლებიც თაკო ნაცვლიშვილი, ან თათია ახალაია არ არიან, გულწრფელი პასუხი გაგვცა:

„გოგონების მიმართ გამორჩეულად კარგი დამოკიდებულება აქვთ ანუკის (არეშიძე), გიორგი ქებურიას, ლადო ბოკუჩავას, ალექსანდრე ახალკაციშვილს. მე ამათზე არ გამიგია, რომ მოდელი დაამცირეს, ან შეარცხვინეს. არასდროს არ ჰქონიათ მოდელის მიმართ დამამცირებელი დამოკიდებულება, მაგალითად, როგორიც აქვთ თამუნა ინგოროყვას, ავთანდილს. ჩემ მიმართ არ ჰქონიათ, მაგრამ ვიცი, ხშირად როგორც იქცევიან. ადამიანისგანაც იგრძნობა, როცა თვლის, რომ შენზე მაღლა დგას. ახლა უკვე მეუბნებიან, „რატო არ იყავი ჩემს ჩვენებაზე?“ სპეციალურად არ ვიყავი ავთანდილზე, რადგან არ მომწონს როგორც ადამიანი, არაფერს მაძლევს მისი ჩვენებები, გარდა იმისა, რომ ვისტრესები. თავი მარტო მოდელებზე მაღლა კი არ ჰგონია, არამედ ყველა ქართველ დიზაინერზე, იმიტომ, რომ ადრე დაიწყო და მაღაზიები აქვს, სხვებს კი არ აქვთ. შეიძლება ორმოცდაათი გოგო იდგეს ოთახში, მოვიდეს და გითხრას: „რა ქონები დაგიდია, რა არის, ადრე უფრო კარგი იყავი“, შემდეგ ზოგი გაიღიმებს ასეთ მიმართვაზე, თვითონ ვერ ხვდება, რომ ასეთი ფრაზებით ამდენ ადამიანში გარცხვენს. თამუნამ (ინგოროყვა) იცის ზემოდან ყურება. სხვა ქართველ დიზაინერებსაც ზემოდან უყურებს, მხოლოდ მოდელებს არა. როცა სააგენტოში გოგონებს არჩევს, ხშირად ილანძღება, „რანაირად დაეთრევა, რას ჰგავს!“ განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
zura
სხვების ლანძღვა არ უხდება.
21:28 / 21-04-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS