06 აპრილი, 2019
"სტიმული, მუდამ ფორმაში ვიყო, ჩემმა მეუღლემ მომცა" - თიკა ფაცაციას გულახდილი ინტერვიუ
მომღერალი, ტელეწამყვანი და მოდელი თიკა ფაცაცია მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მართალია სამი შვილის დედაა, მაგრამ შესანიშნავ ფორმაშია და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს.

- ბავშვობიდან ბევრ რამეს მივედ-მოვედებოდი, ანუ, რასაც დღეს ვაკეთებ, ყველაფრის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობაში მქონდა. მამაჩემს ყოველთვის უნდოდა დიპლომატი ვყოფილიყავი და ამიტომ მისაღები გამოცდები მისი ხათრით დიპლომატიის ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მეტსაც გეტყვით − მთელი სამი დღე მაქვს ნამუშევარი ამ მიმართულებით... მოკლედ, მეტი რომ აღარ გავაგრძელო, სამდღიანი მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ამ სფეროში ჩემი
თავი და სულიერი სამყარო არ ვლინდებოდა. შესაბამისად, წამოვედი სამსახურიდან. ამავე პერიოდში აშშ-ში მომიწია წასვლა და იქ გამოცდები ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში The Lee Strasberg Theatre and Film Institute. სამსახიობო ხელოვნების პარალელურად აქ გავდიოდი როგორც სატელევიზიო, ისე კინომიმართულებას, რაც გულისხმობდა კამერებთან მუშაობას. სწორედ აქედან მოყოლებული მივხვდი, რომ მაინტერესებს საქმე, რომელსაც დღეს ვაკეთებ. მას შემდეგ, რაც შვილი გავაჩინე, დავბრუნდი საქართველოში.




- ბავშვობიდან მღეროდით?



- ბაღის მასწავლებელმა აღმოაჩინა, რომ მაქვს სმენა და ხმა. ასე დავიწყე სიმღერა. მყავდა სხვადასხვა პედაგოგი. შემდეგ დავიწყე სოლოკარიერა. დღეს ამ საქმიანობას დიდ დროს ვეღარ ვუთმობ. არადა, ძალიან მინდა ბენდი შევქმნა, მაგრამ მენეჯერული საქმიანობა რატომღაც არ გამომდის და ამ ამბავს თავი ვერ მოვაბი.


Rating


- მოგვიყევით, როგორ მოხვდით ტელევიზიაში?



- მაშინ სინდი კროუფორდის აერობიკა იყო ძალიან პოპულარული და გაჩნდა იდეა, რომ საქართველოშიც გაეკეთებინათ მსგავსი ტიპის გადაცემა. დილით, ალიონზე, უნდა გაეღვიძათ ადამიანებს და „პირველ არხზე“ ჩვენთან ერთად ევარჯიშათ. არ ვიცი რამდენად ვარჯიშობდნენ, მაგრამ გადაცემას რომ ბევრი ადამიანი უყურებდა და ყველას ახსოვს, ეს კი ნამდვილად ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ მსგავსი ხასიათის გადაცემა იმდროინდელ სატელევიზიო სივრცეში სიახლე იყო და თან ის, რასაც ვაჩვენებდით, ძალიან ლამაზი სანახაობა გახლდათ. მთელი ხიბლი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ბევრ რამეს ვაკეთებდით ერთად, ერთი საქმიანობა მეორეში მეხმარებოდა და აი, ასე გავრცელდა ჩემი ცნობადობა სხვადასხვა მიმართულებით.

- რთულია, იყო სამი შვილის დედა?



- რაც დრო გადის, უფრო ვხვდები, რომ რთულია. გაზრდასთან ერთად, სჭირდებათ უდიდესი არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ფიზიკური რესურსები. სამი ვაჟი მყავს. უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი − ხუთის. გარდატეხის პერიოდები, ხასიათის ცვლილებები და მრავალი ისეთი ეტაპია მათ ცხოვრებაში, რომელსაც დიდი ყურადღება და ბევრი ფიქრი სჭირდება.


Rating

- სამი ორსულობა, სამი მშობიარობა... როგორ ახერხებთ, მუდმივად ასეთ ფორმაში იყოთ?



- ახლა რომ ვფიქრობ, პირველი სტიმული, მუდამ ფორმაში ვიყო, ჩემმა მეუღლემ მომცა. პირველი ორსულობის დროს ქმარმა მკითხა, რომ გააჩენ ხომ ისევ იგივე ფორმაში იქნები, როგორშიც იყავიო? ძალიან ლამაზად ნათქვამი იყო ის, რაც უნდოდა მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში არ გამოვიყურებოდი იდეალურად, მისი ეს ნათქვამი სულაც არ ყოფილა ჩემთვის დამთრგუნველი. პირიქით − ამან მომცა მოტივაცია და სტიმული, ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც მას შევუყვარდი. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მობილიზებული ვიყავი იმიტომ, რომ ასაკთან ერთად ეს გზა არ დამეკარგა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ერთნაირად არ გამოდის − ზოგჯერ უფრო იმატებ, ზოგჯერ ნაკლებად. ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო, რაც გამოიხატება როგორც სწორ კვებაში, ასევე ფიზიკურ აქტივობაში. ვარჯიშის მხრივ, ჩემი ინტერესის საგანი იოგაა. არ შემიძლია კარდიოვარჯიშები, სადაც დიდ სტრესს ვაყენებ ჩემს თავს. მინდა, მსიამოვნებდეს ის ერთი საათი, რომელსაც ვხარჯავ და ვგრძნობდე, როგორ მეხმარება მთელი სხეული მოდუნებაში.

Rating



- დიეტა თუ სწორი კვება?




- ყოველთვის, როცა „ორშაბათიდან დიეტის დაწყებას“ ვაპირებდი, შაბათ-კვირას ყველანაირ „საშინელებას“ მივირთმევდი ხოლმე. შესაბამისად, ამ მიმართულებით ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს და ვცდილობ ხოლმე, დიეტაზე არ ვიყო. ჯანსაღ კვებას დიდ ყურადღებას ვაქცევ და შინ ძალიან ვცდილობთ, რომ ჯანსაღი მიმართულება გვქონდეს. თუ რომელიღაც პროდუქტი არ მოგვწონს და არ გვინდა იყოს ჩვენს რაციონში, ვცდილობთ, შინაც არ გვქონდეს. როცა მაცივარში რაღაც არ არის, შესაბამისად, ვეღარც მიირთმევ. ვგულისხმობ გაზიან სასმელებს, ტკბილეულს.


Rating

- მოგვიყევით თიკა ფაცაციას ერთი ჩვეულებრივი დღის შესახებ.




- დილით, რვა საათზე ვიღვიძებ. შუათანას ვამზადებ და სკოლაში მიმყავს. მერე გავრბივარ ხოლმე ვარჯიშზე. სანამ პატარა გაიღვიძებს, მე უკვე შინ ვბრუნდები, ვწესრიგდები და პატარა ბაღში მიმყავს. ამ ყველაფრის შემდეგ იწყება ჩემი სამუშაო დღე. ამას დაემატა ისიც, რომ კვირაში ორჯერ, საღამოობით ლოტოს გათამაშება მიმყავს. მაგრამ მე მიყვარს ასეთი ცხოვრება. არ შემიძლია მთელი დღე შინ ჯდომა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც საკუთარი თავისთვის მომიწყვია დასვენების დღეები და მთელი დღე შინ ხალათით ვმჯდარვარ, მაგრამ დღის ბოლოს ძალიან ცუდ გუნებაზე ვყოფილვარ იმიტომ, რომ ეს დღე ვერაფერში გამოვიყენე.




- თავისუფალ დროს მიყვარს...




- მივხვდი, რომ ყველანაირ თავისუფალ დროს ვახმარ ოჯახს. ახლა ის ეტაპი მაქვს, რომ მომინდა მქონდეს ჩემი პირადი თავისუფალი დრო, რომელსაც საკუთარ თავს მოვახმარ. მაგრამ, ჯერჯერობით, არ გამომდის. ძილის რეჟიმიც კი ბავშვების რეჟიმზე მაქვს აწყობილი. შაბათი-კვირა მათ ეძღვნებათ. დანარჩენი დღეები კი სამსახურში ვარ. მეგობრები უკვე მსაყვედურობენ, რომ ვერ ვახერხებ მათ ნახვას, მაგრამ რაც თავისუფალი დრო მაქვს, მინდა, ჩემს შვილებს დავუთმო, რადგან ძალიან სწრაფად იზრდებიან, ძალიან მალე გადის დრო და მუდამ მაქვს სინდისის ქენჯნა, რომ კვირის დღეებს მათ გვერდით ვერ ვატარებ.


ჟურნალი ოქეი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS