- თქვენი ცნობილი მეგობრობა როდის დაიწყო?
ოთო: პროფილში ვიყავი სტუმრად და ნიკა მაშინ გავიცანი. ეს იყო 6 წლის წინ, მაშინ 19 წლის ვიყავი. ჩვენს შორის 8 წელია ასაკობრივი სხვაობა, ჩემზე უფროსია და თქვენობით ველაპარაკებოდი. როცა არხი „მარაო“ შეიქმნა, დამირეკა, რა აზრის ხარ ტელეწამყვანობაზეო. ვუთხარი, რომ ეს ჩემი ოცნება იყო...

ოთო: როდესაც პირველი გადაცემები იწერებოდა, ნიკამ თავის თავზე აიღო, რომ ყველაფერი მესწავლა. მუდმივად გვერდით მედგა. ვგრძნობდი, უკან დასახევი გზა აღარ მქონდა.
ნიკა: მანამდე ოთო მიჩვეული იყო თავისუფალ ცხოვრებას. დაგვიანებებს, არ მისვლას და ა.შ. ტელევიზია კი ასეთი რამეებისგან შორს არის. ყოველი წუთი გათვლილია. პირველად დააგვიანა, მეორედ აღარ მოვიდა, ეგონა გაუვიდოდა და ასე თავის ნებაზე გააგრძელებდა.
მაშინ მასთან უსიამოვნო საუბარი მქონდა. პირველად ნახა ჩემი გაბრაზება.
ოთო: მერე ისე კარგად ვიქცეოდი, მეორე გადაცემაც დამიმატეს. ნიკასგან ბევრი რამ ვისწავლე. თუ გადაწყვიტა ვიღაც გვერდზე დაიყენოს, ბოლომდე გაატანინებს. კარგი მეგობარია, კარგი პროდუსერი და პედაგოგი. თამამად შეგიძლია, დაეყრდნო.
ნიკა: სულ ჩემი თავი მახსენდება. 16 წლის ვიყავი, კასპიდან როცა ჩამოვედი. სტუდენტი გავხდი. ბევრს ვშრომობდი, თან ვსწავლობდი, თან 2-3 სამსახური სულ მქონდა. არავინ მყავდა, ვინც გვერდით დამიდგებოდა, მასწავლიდა. ყველაფერს ჩემით მივაღწიე. მთავარია, ადამიანი ზარმაცი არ იყოს და ნიჭი ჰქონდეს.

- ორ ძალიან სიმპატიურ, უცოლო ბიჭს, ალბათ ბევრი გოგო გახვევიათ...
- მიუხედავად იმისა, რომ მეც არ ვუჩივი გარეგნობას, ოთოს გვერდით მუდამ ჩრდილში ვარ. სადაც შევდივართ, მაშინვე იწყება გოგონების შემოტევა ოთოზე. უნდა ნახოთ ოთოზე რა ხდება! თუ ბიჭებთან ერთად არის, ყველა მხრიდან ვიღაცაა შემომხტარი მასზე.
- ორივეს ერთი გოგო მოგწონებიათ?
ნიკა: დიახ, მოგვწონებია.
- მერე როგორ გაგიყვიათ?
- გაყოფაზე არ მიმდგარა საქმე. ერთი გოგო გავიცანით ბათუმში. მანქანიდან გადავდიოდით, დავინახეთ, მოდიოდა. ჩვენც და ისიც აჟიტირებულები დავრჩით. იმ საღამოს მე და ოთო ვსაუბრობდით მასზე, მაგრამ მეორე-მესამე ნახვაზე ის ეფექტი აღარ ჰქონდა ჩემთვის.
- ერთმანეთისთვის გოგონები დაგიწუნებიათ?
ნიკა: კი, დაგვიწუნებია. უცებ შეიძლება ისეთი არაადეკვატური რაღაც თქვას.
ოთო: სად, როგორ მოიქცეს ხომ უნდა იცოდეს? ეს ინტელექტზეა დამოკიდებული.
- ჩაგიდენიათ დიდი სიგიჟე სიყვარულისთვის?
- ერთხელ ოთო მეოთხე სართულზე აძვრა. არ ვხმუმრობ, კედელზე აძვრა მეოთხე სართულამდე. მე ასეთი ჯერ არაფერი დამმართნია და მგონია, არც დამემართება.
რუსუდან ადვაძე
ჟურნალი „სარკე“