''ჩვეულებრივი, ოროსან-სამოსანი ბავშვი ვიყავი''
- დედას და მამას ერთად გადაღებული ფოტო არ მაქვს. როცა მამა და დედა დაშორდნენ, დაახლოებით ხუთი წლის ვიქნებოდი. ისე გავბრაზდი, მამას ყველა ფოტო დავჭერი. სამწუხაროდ, მამა 2001 წელს გარდაიცვალა. ფოტოზე დედასთან ერთად ვარ.

- დედა რას საქმიანობს?
- პედაგოგია.
- მამასთან ურთიერთობა არ გქონია?
- მამის გარეშე ვიზრდებოდი. მხოლოდ ზაფხულობით ვხვდებოდი. მამა აფხაზეთში ცხოვრობდა და ჩვენ შორის მანძილიც დიდი იყო. ბავშვობაში ცხოვრებას ხომ სწორად ვერ აფასებ. ბავშვურად მეწყინა, რომ მამა ჩემ გვერდით არ იყო. მერე, რომ გავიზარდე, ვნახე მამა და ვისაუბრეთ. მაშინ მივხვდი, რა ადამიანიც იყო და მის მიმართ წყენა აღარ მქონია. კითხვაც კი აღარ გამჩენია, რატომ ან რისთვის.

- დედმამიშვილი გყავს?
- მამის მხრიდან მყავს და-ძმა, ისე დედისერთა ვითვლები, მარტო გავიზარდე. ფოტოზე რამდენიმე თვის ვიქნები. იმ პერიოდში მშობლები ერთად ცხოვრობდნენ.
- გაქვს დედმამიშვილებთან ურთიერთობა?
- ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს. აჩიკოსა და ნინოსთან ერთად ბავშვობაში უფრო ბევრ დროს ვატარებდი. ფოტო მათთან ერთად მაქვს გადაღებული.

- თავადური გვარი გაქვს.
- თავად-აზნაურები ვართ. ამ თემაზე სულ ვხუმრობ. მეგობრებს ვეღადავები, თქვენ გლეხები ხართ და მე თავადი-მეთქი. ამ თემაზე მხოლოდ ვხუმრობ. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თავადი ვიქნები თუ გლეხი. წარმოშობით ლეჩხუმიდან ვარ, მაგრამ მე დედის მხარეში, ყაზბეგში ვარ გაზრდილი. მიმაჩნია, რომ მთის კაცი ვარ. ყაზბეგში მომიწია ცხოვრებამ და მეთერთმეტე კლასში იქ ვსწავლობდი. ბებია და ბაბუა ვლადიკავკაზში ცხოვრობდნენ. საქართველოში ცხოვრება გაუსაძლისი რომ გახდა, დედასთან ერთად ვლადიკავკაზში წავედი საცხოვრებლად. ერთი პერიოდი რუსთავშიც ვცხოვრობდი. მეგობრები ბოშას მეძახდნენ. მართლა კარგი ცხოვრება გავიარე. ბევრ კარგი ოჯახის შვილს შეშურდება ჩემი ცხოვრება. ბევრი სხვადასხვა ჯიშის ადამიანი მინახავს, უამრავ საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ.
- მომთაბარე ცხოვრება ვლადიკავკაზიდან დაიწყე?
- მომთაბარე ცხოვრება გაცილებით ადრე დავიწყე. გაგრაში დავიბადე, მერე თბილისში ვცხოვრობდი, მერე რუსთავში, მერე ვლადიკავკაზში, ერთი წელი ყაზბეგში ვცხოვრობდი და ბოლოს ჩამოვედი და თბილისში დავსახლდი. ადრე რომ ამბობდნენ, ჩემი მისამართი საბჭოთა კავშირიაო, ჩემს შემთხვევაში ზუსტად ასე იყო. ვლადიკავკაზში ვსწავლობდი მეცხრამეტე ქართულ სკოლაში. სკოლის ადგილას ადრე ეკლესია იყო. ცუდი იყო, რომ გაკვეთილებზე არაფერს ვაკეთებდით. ზოგიერთი კლასელი კი სწავლობდა, მაგრამ მე მათ რიცხვში ნამდვილად არ ვიყავი. რუსთავში რომ ვსწავლობდი, დედა იქ რუსულს ასწავლიდა და ცოტა განებივრებული ვიყავი, როგორც მასწავლებლის შვილი. ჩვეულებრივი ოროსან-სამოსანი ბავშვი ვიყავი. პერიოდი იყო ასეთი. უფრო სხვა რაღაცები მაინტერესებდა. მომდევნო სურათი სკოლის ზეიმზეა გადაღებული. ლექსს ვკითხულობ.

- ნანობ, სკოლაში რომ არ სწავლობდი?
- რა თქმა უნდა, ვნანობ. პირველ რიგში, იმიტომ რომ უცხო ენა არ ვისწავლე. სულ ვიცოდი, რომ უმაღლესში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ სწავლა ჩემთვის არ იყო მთავარი და ცოტა რთული იყო პროფესიის არჩევა. მსახიობობა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ მაშინ რომ გეთქვათ ჩემთვის, თეატრალურში ჩააბარეო, უარს ვიტყოდი. ორი ბიძა ინჟინერი მყავდა, მეც ''გეპეიში'' ჩავაბარე. სამრეწველო-სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტზე. საერთოდ არ მაინტერესებდა, რასაც ვსწავლობდი. განსაკუთრებით ტექნიკური საგნები არ მიზიდავდა. გამრავლების ტაბულა ნორმალურად ვიცი, მეტი არაფერი. 21 წლის ვიყავი და ''გეპეიში'' საბირჟაოდ მივდიოდი. გოგონებს ვეპრანჭებოდი, ჭკუაზე არ ვიყავი. ჩემი მეგობარი ლევან სუხიტაშვილი მოვიდა და მითხრა, საბუთებს ვაგროვებ, თეატრალურში უნდა ჩავაბაროო. კარგად მახსოვს, ზუსტად ხუთი წუთი გაშტერებული ვუყურებდი და ბოლოს ვუთხარი, არ წახვიდე, მეც მოვდივარ-მეთქი. საბუთები გამოვიტანე და თეატრალურში შევიტანე. ერთ კვირაში მისაღები გამოცდები იწყებოდა და წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა. ვიცოდი, რომ ლექსის წაკითხვას მომთხოვდნენ. სიმართლე გითხრათ, ლექსის კითხვა ნაკლებად მიყვარს. ლექსი მაშინ მიყვარს, ჩემთვის, ჩუმად რომ ვკითხულობ. ყველაზე კარგად პოეტი კითხულობს თავის ლექსს, იცის, რა ემოცია უნდა მოიტანოს იმ ლექსით და როცა მსახიობი ამ ყველაფერს ზედმეტად აფერადებს, ცოტა ყალბად მეჩვენება. ნახევარზე მეტმა საძმაკაცომ არც იცოდა, რას ვაპირებდი. იმ წელს ლევანი ჩაიჭრა და მე მოვხვდი თეატრალურში. მერე ლევანმა მითხრა, თარსი ხარო.
- როგორ მოახერხე მოკლე დროში ყველაფრის სწავლა?
- ერთი კვირაში მოვემზადე. მისაღებ გამოცდაზე შალვა გაწერელიამ მითხრა, ვიცი, რუსთაველზე გამოიარე და რომ ნახე, მისაღები გამოცდები იწყებოდა, იფიქრე, მოდი, ჩავაბარებ, მშვენიერი ბიჭი ვარ, იქნებ მოვხვდეო. დაახლოებით ასე მოხდა-მეთქი, გამოვტყდი. უნდა ისწავლოო და მეც პირობა დავდე, რომ ვისწავლიდი. როგორც კი სწავლა დავიწყე, მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე. თეატრალურში არასდროს მეზარებოდა სწავლა. 21 წლის ასაკში მივხვდი, რაც მინდოდა. უბრალოდ, თეატრალურში რაღაცები მოძველებულად მეჩვენებოდა და რაღაცებს ჩემებურად ვაკეთებდი. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობდი, რომ ჩემებურად გამეკეთებინა. მაგალითად, მეტყველების გამოცდაზე ისეთი მასალა ავიღე, რომელიც თეატრალურის ისტორიაში არავის აუღია. ყველა კითხულობდა ნოდარ დუმბაძეს და დავით კლდიაშვილს. მე წავიკითხე აკა მორჩილაძის ''ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები''. ეს ყველასთვის წარმოუდგენელი იყო.
შემთხვევა, რომლის წყალობითაც მსახიობი გახდა
- ფოტო ერთ-ერთი როლის შესრულების დროს გაქვთ გადაღებული შენ და ანი ტყებუჩავას. საქართველოში მსახიობობა ადვილი არაა, როგორც ამბობენ.

- ყველა პროფესიის ადამიანისთვის თავის დამკვიდრება რთულია. უბრალოდ, მსახიობობა დღეს ცოტა სასაცილოა. ოთარ მეღვინეთუხუცესი წავიდა, კახი კავსაძე დაბერდა. ამ თაობის ხალხი მარტო ნიჭიერები კი არა, მისაბაძი ადამიანები იყვნენ. მეღვინეთუხუცესი, როცა ახალგაზრდა იყო, მაშინაც მისაბაძი იყო. ახლა ვინაა მისაბაძი ადამიანი, მე არ ვიცი. ნიჭის კრიტერიუმი შეიცვალა. კარგი ტიპობის კრიტერიუმი არ ვიცი, როგორია. ჩემთვის კარგი ტიპი იყო ლევან აბაშიძე, რომელზეც ნახევარი თბილისი გიჟდებოდა, ის ადგა და ომში წავიდა. ძალიან ბევრი კარგი ბიჭი წავიდა ომში, უბრალოდ, მე მსახიობებზე ვლაპარაკობ. დღეს ცოტა სასაცილოა ეს პროფესია. თეატრში ძალიან ბევრი მაგარი მსახიობია, რომელსაც არავინ იცნობს.
- თეატრალურის დამთავრების შემდეგ როგორ წარიმართა შენი კარიერა?
- სულ უნდა იაქტიურო, არ მოდუნდე და კარიერაში წინ წახვიდე. მე ცოტა მოდუნებული ტიპი ვიყავი. პირველ-მეორე კურსზე ვიყავი, სარდაფში რომ ვთამაშობდი. მერე ყველაფერი თითქოს გაჩერდა და ცოტა მოვდუნდი. მერე რეალურ შოუში შევედი მეგობრების დაჟინებული თხოვნით.

სურათი ''დასში'' ყოფნის დროს მაქვს გადაღებული. რეალური შოუები არ მიყვარს. რუსთაველის თეატრში ვიყავი ერთი წელი, ძალიან წარმატებულ სპექტაკლს ვთამაშობდით, სადაც დასელები ვმონაწილეობდით. მერე რატომღაც მოიხსნა ეს სპექტაკლი, ვერ ვხვდები, რატომ. ყველა სპექტაკლზე ბილეთი გაყიდული იყო. ჩემი აზრით, თეატრის შიდა პოლიტიკის გამო მოხსნეს. ათონელზე გადავედით და ორი წელი ამ თეატრში ვიყავით. მერე მივხვდი, რომ თეატრი ცოტა შეიცვალა. ვერ გეტყვით, თბილისში ისეთი შემოქმედებითი ამბები ხდება, რომ სურვილი მიჩნდება, ვითამაშო-მეთქი. ვისაც როგორ უნდა, ისე გამიგოს, ბოლოს რობიკო სტურუას და ჩხეიძის სპექტაკლი ვნახე, რომელიც მომეწონა. ათი წელია, სპექტალი არ მინახავს, რომ სურვილი გამჩენოდა, იმ გუნდში მეც ვყოფილიყავი. ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ ძალიან ამბიციური ტიპი ვარ, მაგრამ ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე ვამბობ. ამაღელვებელი სპექტაკლი ბოლო დროს არ მინახავს. ქართულ თეატრში კრიზისის პერიოდია. არ მეგულება თეატრი, რომელიც მართლა მაგარ ფესტივალზე წავა და თავის სათქმელს იტყვის. მოწონებაზე არ მაქვს საუბარი. ჩვენი თეატრი, თუ ძალიან უნიჭოდ არაა დადგმული, ყველგან მოწონებას დაიმსახურებს, იმიტომ რომ სხვა სტილი და სხვა ორგანიზმია და ყოველთვის მოსწონთ, მაგრამ ის, რომ ჩვენ რამე სათქმელი ვთქვათ, ეს დრო წავიდა. ამ ამბავმა ჩემი ერთი მეგობარი ისეთ დეპრესიაში ჩააგდო, რომ ქვეყნიდან წავიდა.
- როგორც მახსოვს, შენც აპირებდი ქვეყნიდან წასვლას.
- ვაპირებდი, მაგრამ დედას მარტო ვერ დავტოვებ და თან ისე არ მინდა წავიდე, რომ არ ვიცოდე, იქ გამიმართლებს თუ არა. ბევრ ქვეყანაში მყავს მეგობარი, რომელიც წასვლაში დამეხმარება, მაგრამ მარტო წასვლა არ იქნება პრობლემის გადაწყვეტა.
- ''მაესტროში'' დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ხარ, ''მეცხრე არხის'' დილის ეთერშია იმედა არაბულიც. ძველი მეგობრები კონკურენტები გახდით.
- ზღაპარია ახლა რასაც მეუბნები.
- ფაქტია, რომ სხვადასხვა არხზე მიგყავთ დილის გადაცემა.
- ორი სხვადასხვა ფორმატის გადაცემაა. თან ჩვენ კონკურენტები ვერ ვიქნებით, რადგან უახლოესი ძმაკაცები ვართ. ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს და ბევრ რამეში განვსხვავდებით. ტიპაჟურად მართლა ერთნაირები ვართ. ერთნაირად ვღადაობთ და გვეუბნებიან, ნარცისები ხართო. ეს არცაა გასაკვირი. ორ ადამიანს, რომლებიც მართლა გულწრფელად ერთმანეთის მეგობრები არიან, ბევრი საერთო აქვს. თუმცა ბევრ რამეში განვსხვავდებით. მე კლუბური ცხოვრება მიყვარს, იმედას - არა. სხვადასხვანაირი მუსიკა და სხვადასხვანაირი გოგონები მოგვწონს. თუმცა იყო შემთხვევა, რომ ერთი გოგო ორივეს მოგვეწონა.
- ამ შემთხვევაში გოგონამ არჩევანი რომელზე გააკეთა?
- ორივენაირი შემთხვევა ყოფილა. თბილისი პატარა ქალაქია. უბანში შეიძლება, ერთი გოგო სამ ბიჭს შეუყვარდეს.
''სერიოზული და შეწუხებული სახე მაქვს, მაგრამ ბევრი მეუბნება, რა ცანცარა ხარო''
- მომდევნო სურათი გადაცემაში დათო ბახტაძის სტუმრობის დროს გაქვთ გადაღებული. ტელეწამყვანობა მოგეწონა?

- შეიძლება, ნაკლებად მეტყობა, მაგრამ ცანცარული ფორმატის ადამიანი ვარ. რომ შემომხედავთ, ხშირ შემთხვევაში სერიოზული და შეწუხებული სახე მაქვს, მაგრამ ბევრი მეუბნება, რა ცანცარა ხარო. კასტინგზე რომ მოვედი, ვთქვი კიდეც, სერიოზული ტიპის გადაცემას ვერ წავიყვან-მეთქი.
- საკუთარ თავზე რას იტყვი, კარგი წამყვანი ხარ?
- ჯერ არ მომწონს ჩემი თავი. ჩვენი დილის გადაცემა არც ძალიან ცანცარულია და არც აკადემიური. შუალედის დაჭერა კი ყველაზე რთულია. უკვე 33 წლის ვარ და ზედმეტი ცანცარი არ შემეფერება.
- მომდევნო სურათი ნინუცა მაყაშვილთან ერთად გაქვს გადაღებული. ამბობენ, რომ თქვენ მხოლოდ მეგობრები არ ხართ.

- ეს მორიგი ჭორია. ნინუცა ჩემი ძმაკაცია.
- შენი მეუღლე იყო ია სუხიტაშვილი. ძალიან კარგი შვილი გყავთ.

- თავიდან ძალიან ჰგავდა იას, მაგრამ ახლა მეც მემსგავსება. მამაჩემსაც ვამსგავსებ. ჩემს პირად ცხოვრებაში ახლა არაფერი ხდება. ეს ყველაფერი იყო, რაც ძალიან კარგად მახსენდება. ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი შვილი ამ ურთიერთობიდან. ახლა ჩვეულებრივი თავისუფალი მამაკაცი ვარ. ბევრი გოგონა მომწონს, რაც შეიძლება ბევრი. რაც უფრო ბევრია, მარტივია მათგან საუკეთესოს ამორჩევა და იმ ტიპაჟის პოვნა, რომელთანაც მერე თავს ძალიან კარგად იგრძნობ. შეიძლება, გოგოს ბიჭთან ხუთი თვის განმავლობაში ჰქონდეს ურთიერთობა და არკვევდეს, მომწონს ახლა ეს ბიჭი თუ - არაო. მერე ერთი თვე ფიქრობს მის პროფესიაზე და ამასობაში ის ბიჭი გაეპარება ვიღაცა ნათიასთან. ის გოგო დეპრესიაში ვარდება. იგივე ბიჭზეც შეიძლება, ითქვას. მიყვარს ქალები და რომელ ბიჭს არ უნდა, რომ ბევრი გოგო ჰყავდეს. როცა შემიყვარდება, რა თქმა უნდა, მისი ერთგული ვიქნები. მეზიზღება კაცები, რომლებიც ერთთან ცხოვრობენ და პარალელურად სხვასთან აქვთ სექსი. მართლა გულწრფელად ვამბობ ამას.
- ამბობდნენ, რომ მეუღლის ერთგული არ იყავი.
- ეს ყველაფერი ჭორია. მართლა ერთგული ვიყავი. მას შემდეგ მყავდა სხვები, როცა ჩემი და იას ურთიერთობა გაფუჭდა. ხომ არის ბანალური გამონათქვამი, მექალთანეს თუ შეუყვარდა, ის ყოველთვის თავისი სიყვარულის ერთგული იქნება, ოღონდ თუ შეუყვარდა.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''