მშვენიერი და მიმზიდველი გარეგნობის მიუხედავად, ყველაზე ცხელი მოვლენების ეპიცენტრშია. მისი პროფესიონალიზმი და წონასწორობის უნარი კი სტუდიაში ტემპერატურას აბალანსებს. წარმოგიდგენთ მაკა ცინცაძეს მოდური იმიჯით, შიშისმომგვრელი მოგზაურობითა და აფრიკული კულინარიული შთაბეჭდილებებით.
- მაკა, როგორ გაიხსენებთ ბავშვობას?
- საბედნიეროდ, მყუდრო და თბილ გარემოში გავიზარდე. შენახული მაქვს პატარ-პატარა ნივთები, რომელიც ემოციურად მმუხტავს და კონკრეტულ დროს მახსენებს. თბილი, ნათელი სახლი და მზრუნველი მშობლები
წლები. გარეგნობით მგონი დედას ვგავარ - ასე ამბობენ, ხასიათით მამას და მადლობა მათ იმისთვის, რაც მაქვს.
- ჟურნალისტიკასა და ტელევიზიაში მუშაობაზე თავიდანვე ფიქრობდით, თუ მოულოდნელად აღმოჩნდით ამ სფეროში?
- უნივერსიტეტში სწავლისას, 2000 წელს, პირველ რადიოში დავიწყე მუშაობა და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ეს იყო საქმე, რისი კეთებაც მსურდა. მას შემდეგ ამ სფეროს აღარ დავშორებივარ. შემდეგ იყო რადიო "უცნობი", "ნაცნობი", პირველი არხი და გადაცემა "მე მიყვარს საქართველო". შემდეგ უკვე "მაესტრო", "ჯიდიესი". ამჟამად დავუბრუნდი პირველ არხს და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა "აქტუალური თემა" მიმყავს. შეიძლება ითქვას, რომ 2000 წლიდან ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა და ეს ნამდვილად ჟურნალისტიკა იყო.
- სატელევიზიო გზა, სანამ "პირველ არხზე" აღმოჩნდებოდით...
- სატელევიზიო გზა დაიწყო 2008 წელს. სხვათა შორის, პირველი არხიდან, მაშინ შემეცნებით-გასართობი გადაცემა "მე მიყვარს საქართველო" მიმყავდა, თუმცა, პარალელურად და მანამდეც ვმუშაობდი რადიო "უცნობის" საინფორმაციო სამსახურში. პოლიტიკა და პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები მაინტერესებდა. ერთი წლის შემდეგ გადავედი "მაესტროში" და მას შემდეგ პოლიტიკას აღარ დავშორებივარ.

- როგორ ფიქრობთ, პროფესიული ზრდისთვის რა არის მნიშვნელოვანი?
- ახალს ვერაფერს გეტყვით... საკუთარ თავზე მუშაობა, საქმის ინტერესი და ჯანსაღი ამბიციის არსებობა, რომელიც ისევ საკუთარი თავის და შესაძლებლობების ზრდისკენ უნდა იყოს მიმართული. სავარაუდოდ, ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რაც განვითარებაში გეხმარება.
- გაიხსენეთ ტელევიზიაში მუშაობის ყველაზე რთული და სარისკო პერიოდი.
- არ მინდა თქვენთან პოლიტიკასა და პოლიტიკურ პროცესებზე საუბარი, თუმცა, ეს ის შეკითხვაა, სადაც გვერდს ვერ ავუვლი რადიო "უცნობსა" და "მაესტროში" მუშაობის წლებს - 2005-2012 წლები ნამდვილად რისკს უკავშირდებოდა.
- თვისება, რომელიც პოლიტიკური შოუს ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს?
- პირველ რიგში, უნდა გქონდეს იმ თემის ინტერესი, რომელზეც მუშაობ. უნდა იყო შედეგზე ორიენტირებული. აღარაფერს ვამბობ ინფორმაციის გადამოწმებისა და სიზუსტის დადგენის აუცილებლობაზე. ამავდროულად, უნდა გქონდეს ყველა მხარის პოზიციის წარმოჩენის სურვილი და თუ ატყობ, რომ რესპონდენტი ცრუობს და ცდილობს, სათავისოდ გამოიყენოს საეთერო დრო, არ უნდა მისცე ამის საშუალება. ხალხი იმსახურებს, იცოდეს სიმართლე და ჩვენი ფუნქციაც სწორედ ამ სიმართლის მიტანაა.

- თქვენი სამუშაო დღე როგორ იწყება და მთავრდება?
- იწყება სტანდარტულად, მასალის მოძიებით, თემასა და სტუმრებზე ფიქრით; ვინ უფრო საინტერესო და ინფორმაციული იქნება, ვისი დასმა ვისთან სჯობს და ა.შ. სრულდება გადაცემით და შემდეგ აანალიზებ, რა შეცდომა დაუშვი, როგორ იქნებოდა უკეთესი, რას შეცვლიდი, ანუ, ცოცხალი პროცესია და გრძელდება გადაცემის დასრულების შემდეგაც. ფაქტობრივად, ამით ცოცხლობ და ის შენი ყოველდღიურობის ნაწილია. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გონება პროცესზე ფიქრს და მუშაობას არ ასრულებს. განაგრძეთ კითხვა: