- მამაშენი რეჟისორი გია კიტიაა, თეატრთან ბავშვობიდან ხარ ახლოს...
- დიახ, მამას პროფესიის გამოც და საერთოდ, ძალიან შემოქმედებითი ოჯახი მყავს. მამა წლების განმავლობაში მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორი გახლდათ და ახლა უნივერსიტეტში ბავშვებს რეჟისურას ასწავლის. დედა ბალერინაა, და - თეატრის მხატვარი და მე - მსახიობი (იღიმის). 5 წლიდან რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ მისი მსგავსი თეატრი დღესდღეობით საქართველოში აღარ არის. რაც შეეხება ქართულ მოზარდ მაყურებელთა თეატრს, სამწუხაროდ, დღეს საბავშვო თეატრი არ არსებობს. ის რაც არის, შესაბამისი დონის არ გახლავთ და შემიძლია, ეს თამამად განვაცხადო.
- ბატონი მიშა ანთაძის დროს ამ თეატრს აკრიტიკებდნენ, ახლა დიმიტრი ხვთისიაშვილია მმართველი, ბევრი რამ შეიცვალა და მათ შორის რეპერტუარი...
- დღეს ის მაინც არ არის საბავშვო თეატრი. ეს ჩემი აზრია. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ჩემი შვილი და დისშვილები მოზარდ მაყურებელთა თეატრში არ დამყავს. უფროსი ასაკის მაყურებლებისათვის ჯერჯერობით არის შემორჩენილი კარგი სპექტაკლები და რეჟისორებიც, მაგრამ ისინიც ძალიან ცოტანი არიან.
- მარი, თავად რომ იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის მმართველი, რას შეცვლიდი?
- ეს ძალიან რთული საკითხია, ანა (იღიმის). ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი.
- ჰო, მაგრამ ალბათ, როცა ასე ამბობ, საჭიროა კონკრეტული არგუმენტიც...
- საჭიროა კარგი რეჟისორი, რომელიც ჯგუფს შეკრავს და იქნება ჩამოყალიბებული დასი, რომელიც ერთი საქმისკენ იქნება მიმართული. ჩვენს დროს უამრავი მაყურებელი გვყავდა. ის ხალხი დღესაც მხვდება და მადლობას მიხდის იმ სპექტაკლებისთვის, რომლებიც მაშინ იდგმებოდა. იმ დროს ყველა ძალიან მაღალ დონეზე მუშაობდა და თავისი საქმის პროფესიონალი იყო. მე რომ ამის საშუალება მომეცეს, სისტემას მთლიანად შევცვლიდი. საერთოდ, ჩემი აზრი ყველამ იცის. პირადად თქმა მირჩევნია, ვიდრე ასე და არ მინდა ამ თემაზე ყურადღების გამახვილება.
- დღეს რამდენიმე თეატრში თამაშობ. თეატრალურში ვის ჯგუფში სწავლობდი?
- გოგი მარგველაშვილის ჯგუფში. ახლა გრიბოედოვის თეატრის დასში ვარ, დანარჩენში მიწვევით. სხვათა შორის, იქაც ვთამაშობთ საბავშვო სპექტაკლებს და ბევრი მაყურებელი გვყავს. თავისუფალ თეატრში ვთამაშობ: ''ანა ფრანკის დღიურში'', ''კავკასიური ცარცის წრეში'' გრუშეს როლს. მუსიკისა და დრამის თეატრში ძალიან კარგი რეჟისორის მაკა ნაცვლიშვილის სპექტაკლში ''ფსიქოზი 4.48'' ვითამაშე. ასევე თუმანიშვილის თეატრში მივიღე მონაწილეობა სპექტაკლებში ''ალუბლის ბაღი'', ''გოდოს მოლოდინში''. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ სპექტაკლებით, რომლებშიც ვთამაშობ (იღიმის).
- სერიალ ''დეტექტივებში'' მიიღე მონაწილეობა...
- დიახ, თითქმის შეუმჩნეველი როლი იყო. რეჟისორმა ლაშა ცერიაშვილმა გადასაღებ მოედანზე ძალიან კარგი ატმოსფერო შექმნა და სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა. ზოგადად სერიალებს ვერიდები. ''დეტექტივებს'' იმიტომ დავთანხმდი, რომ მინდოდა, კამერასთან მუშაობის გამოცდილება მიმეღო. საერთოდ, თეატრშიც და კინოშიც ვცდილობ, ისეთ ხალხთან მქონდეს ურთიერთობა, ვისაც მართლა რაღაცის გაკეთება უნდა და არ არის ფულის კეთებით დაკავებული. დღესდღეობით ძალიან იშვიათად შეგხვდება ისეთი ადამიანი, რომელიც თავის საქმეს პროფესიულად უდგება. მე ყოველთვის მსიამოვნებს ასეთ ხალხთან ურთიერთობა. შეიძლება, ცოტა გაღიზიანებული ვლაპარაკობ, მაგრამ ასე ვფიქრობ (იღიმის).
- ახლა ვისაუბროთ ''პატარძლებზე'' და ამ ფილმის მნიშვნელოვანი, სასიხარულო წარმატების შესახებ...
- რამდენიმე კასტინგზე ვარ ნამყოფი და ''ძალიან დიდი შთაბეჭდილება'' დამრჩა ქართულ კინოხელოვნებაზე (იღიმის). არც ამჯერად ვაპირებდი კასტინგზე მისვლას. ჩემმა დამ მირჩია წავსულიყავი. როცა რეჟისორთან მივედი და დაველაპარაკე, საკმაოდ საინტერესო სცენარი გამაცნო, რომელშიც არ იყო ზედაპირული მოვლენები და დიდი სიღრმე დავინახე. შევთანხმდით და გადაღებებიც დაიწყო. თბილისში ვიღებდით, სცენების ნაწილს ციხეში, ნაწილს - ვაკეში ერთ-ერთ სახლში. ჩემი გმირი და მისი მეუღლე რამდენიმე წელია ერთად ცხოვრობენ, ბავშვებიც ჰყავთ, მაგრამ ხელი მოწერილი არ აქვთ. ამის გარეშე კი ქალს ქმრის ნახვის საშუალება არ ეძლევა. ასეთი შემთხვევა ხშირია, ამიტომ მე და კიდევ რამდენიმე წყვილი ხელს ციხეში ვაწერთ და ამიტომ ჰქვია ფილმს ''პატარძლები''. ფილმი ცოლ-ქმრის ურთიერთობებზეა, მასში არ არის ასახული ტრაგიკული სიყვარულის ამბავი, არ იღვრება ცრემლები, მაგრამ კარგად ჩანს, როგორ უყვარს ამ ორ ადამიანს ერთმანეთი. სცენარი რომ წავიკითხე, მივხვდი, ნამდვილი იყო და ფილმიც ასეთივე გამოვიდა.
- საქართველოში ამ ფილმის პრემიერა როდის იქნება?
- ზუსტად ვერ გეტყვით, ფილმმა ჯერ ფესტივალები უნდა მოიაროს და ამის შემდგომ.
- პირადზეც გკითხავ, აქ შენ გვერდით შვილია და მეუღლე...
- ლევანი თინათინ ყაჯრიშვილის ძმაა. გადაღებებზე გავიცანი. ძალიან დამეხმარა მუშაობის დროს. ერთი კვირის გაცნობილი მყავდა და მერე დავქორწინდით (იღიმის).
- გამოდის, ამ ფილმმა პირად ცხოვრებაში ბედნიერება მოგიტანა...
- ჰო, ფაქტობრივად, პატარძლობა ამისრულდა (იღიმის).

- მეუღლეს ფილმთან რა აკავშირებდა?
- ლოკაციის მენეჯერი იყო. ბარი, სადაც ვსხედვართ, ჩემი მეუღლისაა და ფაქტობრივად, სულ აქ ვართ. ახლა უფრო მეტ დროს შინ ვატარებ, რადგან ორსულად ვარ და თავს ვუფრთხილდები (იღიმის). მე ერთი შვილი მყავს, გიორგი, ჩემს მეუღლესაც ჰყავს შვილი ლიზა და ახლა მესამეს ველოდებით. ყველანი ერთად ვცხოვრობთ და მალე მრავალშვილიანი დედა ვიქნები. თეატრშიც ჩემს როლებზე სხვა მსახიობები შევლენ. ახლახან ''კავკასიური ცარცის წრეში'' მორიგი სპექტაკლი ვითამაშე და ფაქტობრივად, დავდიოდი სცენაზე, სხვებიც თითქმის არ მეკარებოდნენ. ყველა მიფრთხილდებოდა და მინდა, ამისთვის მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.
- ახლა თეატრში რამე ახალ სპექტაკლზე მუშაობ?
- დიახ, გოგი მარგველაშვილთან მუშაობა ყოველთვის სასიამოვნოა და ამჯერადაც ის გრიბოედოვის თეატრში ალექსანდრ ვამპილოვის ''უფროს ვაჟს'' დგამს. პრემიერა გაზაფხულზეა დაგეგმილი, მაგრამ შეიძლება, საშემოდგომოდაც გადაიწიოს. ვნახოთ (იღიმის).
- მამა ხშირად დადის შენს სპექტაკლებზე. საერთოდ, ოჯახის წევრები ხშირ შემთხვევაში შეფასების დროს ვერ არიან ობიექტური. რა ხდება თქვენ შემთხვევაში?
- მამას აზრი ყოველთვის ობიექტურია. ბავშვობიდან გვქონდა ისეთი დამოკიდებულება, როგორიც რეჟისორსა და მსახიობს აქვთ ხოლმე. მისგან ყოველთვის მნიშვნელოვან და ზუსტ შეფასებებს ვიღებ. პირველ რიგში, მისი და კიდევ რამდენიმე ადამიანის აზრია მნიშვნელოვანი, ვინც ჩემთვის კომპეტენტურია.
- შენ შესახებ რამდენიმე ადამიანისგან მსმენია, რომ კირა ნაიტლს გამსგავსებენ...
- ვაიმე, არ ვიცი (იღიმის). ზოგი ვაინონა რაიდერს მისახელებს, თეატრალურში სწავლის დროს ჯულია რობერტსს მიმამსგავსეს. ასე რომ, არ ვიცი, ბევრს მსახიობს მამსგავსებენ და ვერ გეტყვით...
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















