თურქული კინოს ვარსკვლავები, ჰოლივუდის ვარსკვლავებს პოპულარობით ნამდვილად აღარ ჩამოუვარდებიან.
თურქები ფილმების გადასაღებად საქართველოშიც ჩამოდიან, თუმცა, ჩვენ საერთოდ არაფერი ვიცით იმ ქართველი მსახიობების შესახებ, რომლებიც თურქულ კინემატოგრაფში ცდიან საკუთარ ძალებს, თან წარმატებულად.
„რეიტინგი“ 28 წლის ქართველ მსახიობს ეკა გელაშვილს გაგაცნობთ. მას თურქეთში წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს.
- ეკა, თქვენ შესახებ გვიამბეთ, როგორ
- მე თურქი მეუღლე მყავდა და მთელი ცხოვრება იქ მაქვს აწყობილი. ჩემი ყოფილი მეუღლე, ასე ვთქვათ, ჩემი ზაფხულის სიყვარულია. ანტალიაში ვიყავი დასასვენებლად და სწორედ იქ გავიცანი. შემდეგ თბილისში ჩამოვიდა და მალე დავქორწინდით. გვყავს შვილიც, მაგრამ ჩვენმა ოჯახურმა ცხოვრებამ 6 წელი გაძლო და ორი წლის წინ დავშორდით.
- აქ სწავლობდით მანამდე თუ იქ ჩააბარეთ?
- იქ ჩავაბარე თეატრალურში, მანამდე ოთხი წელი აკადემიაში ვსწავლობდი. წელს ვამთავრებ თეატრალურ უნივერსიტეტს თურქეთში. პირველად თეატრმა ჩამომაყალიბა ნამდვილ მსახიობად, მე ასე ვთვლი, ჩემი პირველი ნაბიჯები იქ გადავდგი. რთული იყო - მქონდა გამოთქმის პრობლემა, რადგან ქართულენოვანი ვარ. ორი წელი მხოლოდ გამოთქმაზე ვმუშაობდი. ყველაზე დიდი წარმატება იყო თეატრი, შემდეგ კი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც ჰქვია „ტრილეჩე" - თურქული ტკბილეულის სახელი ჰქვია. ფილმი სულ ახლახანს გამოვიდა ეკრანებზე. ეპიზოდური როლი შევასრულე, თუმცა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ფილმში ბევრი ცნობილი თურქი მსახიობი თამაშობს.
- თურქ მსახიობებს თუ იცნობ?
- კი ბევრი მსახიობი მეგობარი მყავს. თურქი მსახიობები გამორჩეულები არიან თავიანთი გარეგნობით, რადგან ცოტა ხნის წინ, მათ სწორედ გარეგნობის გამო ანიჭებდნენ უპირატესობას და სამსახიობო გამოცდილებას არ აქცევდნენ ყურადღებას, თუმცა, ახლა ეს ტენდენცია იცვლება.
- თქვენს ბოლო კლიპზე რომ ისაუბროთ, რომელშიც გადაგიღეს...
- თურქეთისთვის ფაქტიურად ორმა მთავარმა ხმამ ჰალიქ ცეზაიმ და აიდილ გემ გააკეთეს დუეტი და ბედნიერი ვარ, რომ მათ კლიპში მოვხვდი. ჩვენ ძალიან პატარა წრე გვყავს. ყველა ყველას იცნობს და ჩემი წრიდან გამომდინარე მოვხვდი ამ კლიპში. აგენტები არ დამხმარებიან. ყოველ წელს მიწევს აგენტების გამოცვლა. ახლა ახალი აგენტები მყავს, რომლებთანაც დავმეგობრდი კიდეც და იმედი მაქვს დიდხანს გაგრძელდება ჩვენი მეგობრობა.
- ბოლოს სად გადაგიღეს?
- ერთ-ერთი სერიალია, სადაც მსახიობები ყოველ სერიაში იცვლებიან კრიმინალური ჟანრის არის და ერთ-ერთ მთავარ არხზე გადის.
- რთულია თუ არა ყურადღების მიპყრობა სკანდალების გარეშე?
- კი, თურქეთშიც ნამდვილად ასეა. ძალიან რთულია ყურადღების მიპყრობა. მაგრამ მე უფრო პატივს ვცემ ისეთ ადამიანს, ვინც შრომით აღწევს წარმატებას და არა სკანდალებით. მაქვს თამამ როლებზე შემოთავაზებები, მაგრამ უარს ვამბობ, რადგან ამას არაფერი არ მოაქვს მსახიობისთვის დროებითი პოპულარობის გარდა.
- რაიმე ფსევდონიმს ხომ არ იყენებთ?
- არა, რადგან მინდა, ყველგან ჩემი სახელით მიცნობდნენ კინოსამყაროში. ექას მეძახიან, რადგან მათთვის რთული გამოსათქმელია ჩემი სახელი.
- თქვენი შემოსავალი საკმარისია თურქეთში საცხოვრებლად?
- შემოსავალს ცხადია აქვს გასავალიც. შემოსავალი მყოფნის, მაგრამ თუ არ არის პროექტი და არ არის გადაღება, შესაბამისად არ არის თანხებიც. ამიტომ სულ ვცდილობ, მუდმივად ვიმუშავო ახალ პროექტებზე.
- თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვით?
- არ ვაქცევ ყურადღებას, რადგან ძალიან მინდა, ჩემს კარიერაში უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. დრო გვიჩვენებს, რა მოხდება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწავლა.
- ხშირად ხვდებით თურქეთის წითელ ხალიჩებზე?
- ჩემი სამეგობრო წრის პრემიერებზე ხშირად მიწევს წასვლა, მაგრამ მე არ მიყვარს ასეთი საღამოები.
ხატია ბიბილურიძე