11 თებერვალი, 2019
სალომე რომ არა, ამ ქვეყანაშიც არ გავჩერდებოდი
როგორც პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გვპირდება, სულ მალე კონცერტებისა და მუსიკალური ფესტივალების ეპიცენტრი ქუთაისში გადაინაცვლებს. პირველ პროექტში, რომელიც მარტში იგეგმება, სტეფანე და ბერლინელი დიჯეი phonique მიიღებს მონაწილეობას. როგორც პროდიუსერი, როკისა და ელექტრონული მუსიკის ფესტივალების ჩატარებასაც ქუთაისში გეგმავს. ლაშა, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მომღერლის, სალომე ბაკურაძის მეუღლეა. შესაბამისად, „რეიტინგთან“ მან სამომავლო გეგმებთან ერთად, ოჯახურ ტანდემსა და საყვარელ გატაცებაზეც ისაუბრა.

-  პირველია სტეფანე?
-  სტეფანე ყოველთვის აქტუალურია, ამასთან მასთან მუშაობა უაღრესად კომფორტულია. ის, რაც სხვა არტისტებს აკლიათ, სტეფანეს უხვად
აქვს - ატიურადაა ჩართული კონცერტის მზადების პროცესში, რაც მის სოციალურ ქსელზეც შესამჩნევია. აანონსებს კონცერტს, ანუ კარგად თანამშრომლობს პროდიუსერებთან. ორი წელია, რაც სტეფანესთან ვთანამშრომლობ. ბათუმშიც გვქონდა დიდი ივენთები.

-  რა გაქვთ ჩაფიქრებული, რას უნდა ელოდოს კონცერტზე მოსული მსმენელი?
-  გრანდიოზული ივენთია ჩაფიქრებული. უმაგრესი კონცერტი იქნება, რომელიც ქუთაისში, ძველი ქარხნის ტერიტორიაზე ჩატარდება. მადლობას მოვახსენებ ქუთაისის მერიას, რომ ქარხნის ტერიტორია დაგვითმო. გარდა ამისა, ახლომდებარე რაიონებისთვის, ამ კონცერტისთვის ტრანსპორტსაც გამოყოფენ. ამ ქალაქს დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც არავინ იყენებს. აეროპორტი ტურიზმის განვითარებისთვის ხომ ფუფუნებაა?! ადგილობრივ მოსახლეობას უყვარს კონცერტები, დროის კარგად გატარება. ბევრი ადგილია, სადაც შეიძლება საინტერესო ღონისძიებების ჩატარება. ამიტომაც გავედით თბილისიდან, აქ არაჯანსაღი კონკურენციაა. ქუთაისში დავიწყებთ აქტივობას. ქუთაისი ცარიელი ფურცელივითაა, სადაც ყველაფერს თავიდან დავიწყებთ. სტეფანესთან ერთად მეორე განყოფილებას გააგრძელებს ცნობილი ბერლინელი დიჯეი phonique-ი.

Rating

-  ვიცი, რომ მაღალი ხარისხის აპარატურა ჩაგაქვთ...

-  იცით, როგორი აპარატურა ჩაგვაქვს? სტეფანეს აქვს თავის მხრიდან მაღალი მოთხოვნები. ვთვლი, რომ საქართელოში მისნაირი რაიდერი მეორე არაა. სხვა შეიძლება ტაშტის ხმამაც დააკმაყოფილოს. 200 კილოვატამდე ხმა იქნება, თავისი უმაგრესი განათების სისტემებით. ჩაგვაქვს დაახლოებით ნახევარი კილომეტრის ფარდა, რომ კარგი აკუსტიკა მივიღოთ. ავაგებთ ხალხში გასასვლელ სცენებს. ვთვლი, რომ მაღალი ხარისხის შესრულებასთან ერთად, ძალიან კარგი სანახაობა იქნება. მსმენელი უკვე ითხოვს მაღალ ხარისხს. მას ვეღარ მოატყუებ. ჩვენც ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ კარგი მსმენელი გავზარდოთ. მარტო ფინანსური მოგება ხომ არაა საქმე?! შვილები გვეზრდება და გვსურს, რომ მომავალი თაობა ჩვენზე მაგარი აღმოჩნდეს. ამას ხელშეწყობა სჭირდება. ერთ კვირაში ქუთაისში გადავსახლდები. ძალიან კარგი გუნდი შევკარი და ერთად დავიწყებთ პროექტის განხორციელებაზე მუშაობას. სტეფანეს შემდეგ ყველა საუკეთესო ქართველ შემსრულებელს მოვიწვევთ. გარდა ამისა, ელექტრონული და როკ ფესტივალები გვაქვს ჩაფიქრებული. ჩაფიქრებული გვაქვს და ძალიან გვინდა “შავი პრინცის” დღე ავღნიშნოთ. ამდენად, ყველანაირი მსმენელის გემოვნებას დავაკმაყოფილებთ. ჩვენ ვითვალისწინებთ რეგიონების მაცხოვრებელთა სოციალურ მდგომარეობას და მათთვის კომფორტულ საფასო სისტემას შევიმუშავებთ.

- ლიბერალური ფასები რამდენად მომგებიანი იქნება თქვენი კომპანიისთვის? იდეის გარდა ხომ კომერციაზეც ფიქრობთ?
- ფასებს არ შევეხებით. კომპანიებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და წესით უნდა ითანამშრომლონ ჩვენთან. ქუთაისი ხომ აუთვისებელი ბაზარია?! ჯერ დამოუკიდებლად ჩავატარებთ. პირველი ივენთია და ვაჩვენებთ მომავალ პარტნიორებს ჩვენს შესაძლებლობებს.


Rating

- რაც შეეხება თქვენს საქმიანობას... არა ერთი საინტერესო ივენთის ორგანიზატორი იყავით. რომელი იყო თქვენი ყველაზე წარმატებული და „ჩაფლავებული“ პროექტები?
- ძალიან კარგი პროექტი აღმოჩნდა “სექტორი 26”, სადაც ძალიან ბევრი მსმენელი მოდიოდა. სცენას ვაგებდით ზღვის სანაპიროზე, სადაც ათასობით ადამიანი იყრიდა თავს. ამდენი წლის მერე „უცნობის“ კონცერტი ჩვენ ჩავატარეთ. ექსკლუზივს მოგაწვდით... ვაპირებთ გიგა მიქაბერიძის კონცერტის ჩატარებასაც. მას თავისი საქმეები აქვს, რომელმაც ძალიან გაიტაცა და ჩამოშორდა სცენას. ვფიქრობ, ქართველ მსმენელს გიგას დაბრუნება ძალიან გაუხარდება. ბათუმში განხორციელებულმა წარმატებულმა პროექტებმა უფრო ფართო მაშტაბზე გადასვლისკენ მიბიძგა. ჩაფლავებულიც მქონია, კი... არაწარმატებულ პროექტებს თვითგანვითარებისთვის ვიყენებ. ბევრი რამ სწორედ ასეთი პროექტებით ვისწავლე. წარმატებული იყო სტეფანეს პროექტიც, რომელიც მის დაბადების დღეზე 3 აგვისტოს ჩავატარეთ. არასდროს დამავიწყდება ის დილა. ბათუმის “შერატონში“ ვიყავით დაბინავებულები. უცებ დილით მესმის საშინელი ხმა. მეხი დაეცა სასტუმროს. გაითიშა შუქი, ლიფტი. სტეფანეს ცალკე შეეშინდა, მე ცალკე ვკანკალებდი. ისეთი შტორმი იყო, სცენა ვერ ავაშენეთ. ყველაფრის მიუხედავად, ბევრი ხალხი მოვიდა.

- რა საიდუმლო აქვს მასშტაბური ღონისძიების ჩატარებას?

- საიდუმლოც აქვს და დიდ სიამოვნებასაც უკავშირდება. მსმენელით გავსებულ სივრცეს რომ გადახედავ... მთავარი საიდუმლო საზოგადოებრივი მოთხოვნების გრძნობაა. გათვლა იმისა, თუ რა მოენატრა მსმენელს და რა უნდა შესთავაზო. შეიძლება მსოფლიო ვარსკვლავი ჩამოიყვანო და არ მიიღოს. პირიქით, მივიწყებულმა მომღერალმა კი, იმუშავოს. ძალიან დიდი რისკი იყო 8 აგვისტოს კონცერტის ჩატარება. თან წვიმიან ამინდში. ნიაზ დიასამიძე უნდა მდგარიყო სცენაზე. ნიაზმა დაიწყო კონცერტი სიმღერით, რომელიც აგვისტოს ომში დაღუპულ ადამიანებს მიუძღვნა. ამ კონცერტმა სრულიად სხვა შეფერილობა მიიღო და შემოატრიალა მსმენელის განწყობა. ზაფხულის სეზონზე მხოლოდ ქართულ პროექტებზე გადავალთ, რომ ტურისტებს ჩვენი პოტენციალი გავაცნოთ. თუ არ მივეხმარეთ ტურიზმის განვითარებას საქართველოში, მალე ბათუმიც გაფუჭდება. წელს უკვე ძალიან ცუდი ნაკადი იყო.

Rating

- ტურისტების ხარისხში რას გულისხმობთ?...
- ხარისხია, როცა ტურისტს აქვს ბიუჯეტი, რომელსაც საქართელოში დახარჯავს. მაგალითად, ულამაზესი რუსი გოგონა, ჩანთაში დამალული „ჩეკუშკიდან“ არ დალევს ბულვარში არაყს და ისე არ შემოვა კლუბში. არიან ფულიანი ტურისტები, რომლებიც, სამწუხაროდ, თურქეთში დადიან. სამწუხაროდ, ტურისტებს ჩვენც ვერ ვაწვდით სათანადო ხარისხს. მე „სექტორისთვის“ თბილისიდან წავიყვანე პერსონალი, რომ ხარისხიანი მომსახურება გვქონოდა. გარდა ამისა, ადგილობრივი პერსონალიც გადაგვემზადებინა.

-ლაშა თქვენ მომღერლის, სალომე ბაკურაძის მეუღლე ხართ. პროდიუსერისა და მომღერლის ოჯახი იდეალური კომბინაციაა?
- შეიძლება, მაგრამ არა ჩვენს შემთხვევაში. თითქოს ხომ სალომესთვის უნდა ვმუშაობდე, მაგრამ მისთვის, სამწუხაროდ, ვერ ვიცლი. არც სჭირდება მას ჩემი მხრიდან „გაქაჩვა“. არაჩვეულებრივი პარტნიორია სალომე, ამაზე ხმას არ იღებს. რომ ჩხუბობდეს, მსაყვედურობდეს, ასე დამნაშავედ არ ვიგრძნობდი თავს. პირიქით, ისაა ჩემი მამოძრავებელი ძალა. სალომე რომ არა, ამ ქვეყანაშიც არ გავჩერდებოდი.

- როგორც პროდიუსერი, სალომეს შეუცვლიდი იმიჯს?
- არა, იმიჯს არ შევუცვლიდი. უბრალოდ, საკუთარ თავზე მუშაობას ვურჩევდი. დანარჩენი, იყოს ისევ ისეთი ბობოქარი, ბედნიერი, ხუჭუჭა და თხაკიკინა. ახლა დავპირდი, რომ მის ახალ სიმღერაზე გადავიღებთ კლიპს და აქედანაც პირობას ვდებ, რომ აუცილებლად შევასრულებ. სიმღერა სიყვარულის დღისთვის მე მომიძღვნა და მალე იქნება პრემიერა. ბევრი კარგი ჩანაფიქრი აქვს, მაგალითად, ვოკალი ორი გიტარის თანხლებით.

Rating

- ასე მივუახლოვდით თქვენს ყველაზე საყვარელ თემას - საფეხბურთო კლუბის „იუვენტუსის“ გულშემატკივრობას...
- ოოო... ეს დიდი ისტორიაა, რომელიც წლების წინ დაიწყო. მე ვარ სოხუმელი. 8 წლის ვიყავი, რომ ომის გამო სოხუმი დავტოვეთ. მაშინ მოვხვდი გაცვლით პროგრამაში, რომელიც იძულებით გადაადგილებული ბავშვებისთვის ჩატარდა. ასე მოვხვდი ერთ-ერთ იტალიურ ოჯახში სამი თვით. 1994 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა. იმ ოჯახში ვუყურე იტალია-ბრაზილიის თამაშს, ბაჯომ ბურთი რომ ვერ გაუტანა. იცით, იტალიელებისთვის რამხელა ტრაგედია იყო? ბაჯო მაშინ „იუვენტუსში“ თამაშობდა. აქედან დაიწყო ეს ისტორია და ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა იმდენად, რომ ჩამოვაყალიბეთ "იუვენტუსის“ ფან-კლუბი, რომელიც ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ამ სტატუსის მიღწევა არც ისე იოლია. ჩემი ტატუებიც კი ამ საფეხბურთო კლუბს უკავშირდება.

- ალბათ კოლექციაც გაქვთ, რომელიც „იუვენტუსს“ უკავშირდება. ყველაზე ძვირფასი ნივთი რომელია, ყველაზე ექსკლუზიური ამ კოლექციაში?
- მაისური, რომელზეც ყველა ფეხბურთელის ხელმოწერაა, მათ შორის ბუფონისაც. ამ მაისურს საგულდაგულოდ ვინახავ. ახალ, დიდ სახლში რომ გადავალთ, აუცილებლად გამოვჭიმავ ჩემს ოთახში, მთელს კოლექციასთან ერთად. ახლა პატარა სახლში ვცხოვრობთ და სალომე მიძალიანდება. ჩვენ, „იუვენტუსის“ ფანებს სექტანტებს გვეძახიან. ჩემს ვაჟს, ალესანდრო დელ პიეროს საპატივცემულოდ, ალესანდრო დავარქვი. ჩვენ, ფან-კლუბის წევრები, ყოველ წელს ვესწრებით „იუვეს“ თამაშებს. მოწვევებსაც ვიღებთ, როგორც ოფიციალური წარმომადგენლები. ჩვენის მხრივ, აქედანაც ჩაგვაქვს საჩუქრები. კლუბის დირექტორს, ანდრეა ანიელის, ქართული ღვინოც ჩავუტანეთ.

Rating

- ემოციური გულშემატკივარი ხართ?
- ძალიან. დამიმტვრევია კიდეც მაგიდა და სკამები. შარშანწინ, ფინალზე, იუვე-რეალის თამაშზე ფან-კლუბში მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი გვეწვია. გაოცდა, ასეთი გულშემატკივრობა თუ შეეძლო ქართლებს, არ მეგონაო. ქართული ჰიმნიც კი გვაქვს. იტალიელებიც ყოფილან ჩვენს კლუბში და ჩვენც წავსულვართ იტალიაში. ჩვენი ფან-კლუბი კარგ აქციებს აწყობს, ბავშვებს ვეხმარებით. წიგნიც გამოვუშვით. ფეხბურთელი პირლო რომ იყო ჩამოსული, მოვინახულეთ და საჩუქრად ციკოლიას საათი გადავეცით.

-  რომელი უფრო გიყვართ, პროდიუსინგი თუ „იუვე“?
-  „იუვე“ შეუცვლელია.

ქეთი თავაძე



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თიკო
რათქმაუნდა იუვე შეუცვლელია, ყველგან და ყოველთვის
16:20 / 12-02-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS