ლაშა ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და კიდევ ერთ ახალ პროფესიას ეუფლება. ის თვლის, რომ კოლეჯი, სადაც ახლა სწავლობს, ძირითად პროფესიაში კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაში დაეხმარება.
- ლაშა, მოგვიყევი, სად სწავლობ და რით არის ეს კოლეჯი საინტერესო?
- პირველ რიგში, მადლობა, რომ ჩემით დაინტერესდით. 2017 წელს ჩავაბარე „ASA“ კოლეჯში, (სისხლის სამართლის პროგრამული
ვსწავლობთ, თუ რა უფლებები და თავისუფლებები აქვს ამერიკაში მცხოვრებ მოსახლეობას. სწავლის პროცესში გვიტარდება გასვლითი სემინარები სხვადასხვა სახელწიფო და მნიშვნელოვან კერძო სტრუქტურებში.

- ლაშა, შენს მიერ გადაღებული მასალები ქართველ მაყურებელს ჯერ კიდევ ახსოვს, როგორ ფიქრობ, რაში გამოიყენებ ამ კოლეჯის პროგრამას?
- ამ კოლეჯში მაღალი დონის პედაგოგები ასწავლიან, ნაწილი ნიუ იორკის საგამომძიებლო ორგანოებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობს. ნაწილი კი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწავლებლები არიან. მათი გამოცდილება და პროგრამები საგამოძიებო მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. თვეში რამდენჯერმე ნიუ იორკის პოლიციის უფროსის ან რომელიმე თანამდებობის პირის მასტერ კლასს გავდივართ. აქაური კურსდამთავრებულები დღეს ამერიკის სხვადასხვა საგამოძიებო სამსახურის მაღალი თანამდებობის პირები არიან. აქ მიღებული კვალიფიკაცია, როგორც ოპერატორს დამეხმარება საგამოძიებო გადაცემის მომზადებაში ან თუნდაც დეტექტიური ჟანრის ფილმის გადაღებისას.
- ლაშა, გვითხარი, როგორ მოხვდი სატელევიზიო სივრცეში?
- საკმაოდ პატარა, 17 წლის ვიყავი, როცა პირველ არხზე ტელე-ოპერატორის სამთვიანი კურსები გავიარე, რის შემდეგაც ერთ-ერთ საკვირაო გადაცემაში „კამერტონი“ ოპერატორის ასისტენტად ამიყვანეს. სულ ცოტა ხანში სამეცნიერო გადაცემების ოპერატორად გადამიყვანეს. მერე უკვე იყო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, სადაც პრეს-სამსახურში ოპერატორად ვმუშაობდი. ჩემი გადაღებული მასალები შუქდებოდა საქართველოს ყველა წამყვან ტელეარხზე.

2003 წელს საცხოვრებლად კვიპროსში გადავედი. ქალაქ პაფოსში ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, სულ მალე მე და ჩემმა მეგობარმა ტელევიზიას ყოველკვირეული გასართობი ტელე პროექტი შევთავაზეთ. პროექტმა წარმატებით ჩაიარა და ამით გადაწყდა ჩემი მუშაობა PAPHOS TV-ში. წლების განმავლობაში ვიმუშავე საინფორმაციო გადაცემებზე, პირდაპირ ტრანსლაციებზე, ლაივ ივენთებზე, დოკუმენტურ ფილმებზე და სხვადასხვა გადაცემებზე. პარალელურად ვმუშაობდი კვიპროსის კიდევ ერთი წამყვანი ტელევიზიის Antenna TV Channel-ის საინფორმაციო გამოშვების პაფოსის ბიუროში ოპერატორად და მემონტაჟედ. ასევე მჭიდრო ურთიერთობა მქონდა, მედიის განხრით, საქართველოს საელჩოსთან კვიპროსში.
- ლაშა, როგორია სამომავლო გეგმები?
- უმთავრესი გეგმა ისაა, რომ გავაგრძელო ჩემი პროფესიით მოღვაწეობა. უკვე ვითანამშრომლე კოლუმბიის უნივერისტეტთან და მათი მოწვევით გარკვეული მასალები გადავიღე. ამჯერად დღის წესრიგში დგას თანამშრომლობა იმ კოლეჯთან, სადაც ამჟამად ვსწავლობ, საუბარია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აუდიო და ვიდეო მასალების რეჟისორად. ასე რომ, წინ ბევრი გეგმებია.

გოდერძი შარაშია ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი, მეგობარი:
- ლაშას ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცნობ, როცა ის საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მუშაობდა ანუ უკვე 20 წელია. მის მიერ სასაზღვრო თემებზე გადაღებული მასალებით არაერთი რეპორტაჟი მომიმზადებია საეთეროდ და ეს მასალა მაშინაც კი მაღალი ხარისხის იყო. მახსოვს ერთხელ კვიპროსში რეპორტაჟის მოსამზადებლად ვიყავი ჩასული. ლაშა უკვე იქ ცხოვრობდა. მაშინ ვიზუალური მასალის დიდი ნაწილი სწორედ ლაშამ გადამიღო, ეგრეთწოდებული "კრანი" გარე გადაღების დროს ქართულ ტელევიზიაში იშვიათობა იყო, ლაშას გადაღებული კადრები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, ვიზუალური ნაწილი იმდენად გამართული იყო, რომ ტექსტი თითქმის არ დამჭირვებია. მაშინ ეს სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი წლის რჩეულებს შორის დასახელდა. ლაშა მაღალი კვალიფიკაციის ოპერატორია, ყველა მისი გადაღებული მასალა და ვიზუალური ხედვა მაღალი სტანდარტისაა, ლაშასთან რამდენიმე გადაცემის ფარგლებში ვითანამშრომლე, როგორიცაა: „ჟურნალისტის დღიური“, „იმედის გმირები“, ასევე საინფორმაციო რეპორტაჟები.