05 მარტი, 2014
''მოდელობა გათხოვებაში ხელს მიშლის...''
ერთი წელი ვიყავით ერთად და როდესაც ჩინეთში მივდიოდი, სწორედ მაშინ დავდექი არჩევანის წინაშე და კარიერა ავირჩიე რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი არხის ღია ეთერში ორი ქართველი გოგონას ბოდი-არტი გვიჩვენეს. თითქმის შიშველ გოგონებს ტანი მთლიანად მოხატული ჰქონდათ. მათ შორის ერთ-ერთი მოცეკვავე და მოდელი მარი ბაბეტა გახლდათ, მეორე გოგონა კი, ვეფხვის ფორმაში - ქეთი ჯანაშვილი. სწორედ მაშინ დავინტერესდით, ვინ იყო ქეთი და გადავწყვიტეთ, მკითხველისთვის ახლოს გაგვეცნო.
ბოლო დროს მეტისმეტად აქტუალური გახდა ქართველი მოდელების ჩინეთში გამგზავრება. რამდენიმე გოგონა ჩვენი
ჟურნალის საშუალებით უკვე გაგაცანით. როგორც გავარკვიეთ, ქეთიც მათ შორის ყოფილა და ის სულ რაღაც ორი კვირის დაბრუნებული აღმოჩნდა შორეული ქვეყნიდან.
ინტერვიუზე ''რეიტინგის'' ფოტოკორესპონდენტთან ერთად ფოტოსტუდიაში მივედით. ქეთი წელს ზევით შიშველი, მოხატული მკერდით დაგვხვდა. მოდელი ბოდი-არტის მორიგი ფოტოსესიისთვის ემზადებოდა. ჩინეთში ერთ თვეში ბრუნდება და გულახდილ სურათებს, პროექტის სახით, იქ ჩაიტანს.

- 1990 წლის 11 აგვისტოს თბილისში დავიბადე. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, თუმცა ამ კუთხით არასოდეს მიმუშავია. ოდესმე ალბათ დადგება დრო და ტელევიზიაში საკუთარი გადაცემა მექნება, რა თქმა უნდა, მოდაზე. მოდელობა ლიკა ყაზბეგის სააგენტოში დავიწყე, იქ ავიდგი ფეხი და შემოთავაზების შემდეგ ჩინეთში წავედი. ერთი წელი ვიცხოვრე გუანჯოუში, ძალიან ბევრ ჩვენებაში ვმონაწილეობდი და ცოტა ხნის წინ დავბრუნდი. საქართველოში ალბათ ერთი თვე დავრჩები და შემდეგ აუცილებლად დავბრუნდები უკან.
- რა ტიპის გადაღებებში მონაწილეობდი?
- სარეკლამო რგოლებში გვიღებდნენ გოგონებს, ერთი თვის განმავლობაში ჰელოუინის გადაღებები გვქონდა. იქ ეს დღესასწაული ძალიან პოპულარულია და გრანდიოზულად აღნიშნავენ.
- ძალიან ბევრი ქართველი გოგონა მოღვაწეობს ჩინეთში, რამ განაპირობა იქ თქვენი პოპულარობა?
- ალბათ განსხვავებული გარეგნობა გვაქვს და იმიტომ მოსწონთ ქართველები, მაგრამ ასეც არ არის, იქ ქართველების გარდა, ასევე ჩამოდიან რუსები, უკრაინელები. ბევრია ფერადკანიანი მოდელიც.
- შენი ოჯახის შესახებ მოგვიყევი.
- ორივე მშობელი პროფესიით ინჟინერია. მყავს ერთი და, არქეოლოგი. სამივეს ჩემგან განსხვავებული პროფესია აქვს (იღიმება). ამის მიუხედავად, პატივს სცემენ ჩემს არჩევანს და ამით არ გაოცებულან, რადგან ბავშვობიდანვე მიტაცებდა მოდის ჟურნალების დათვალიერება და დღის დიდ ნაწილს სარკის წინ ვატარებდი. მამას ჩემი ჩვენებებზე გამოსვლის გამო არასოდეს ჰქონია პრეტენზია. თანამედროვე მშობლები მყავს. ჩინეთშიც უპრობლემოდ გამიშვეს, რადგან ჩემთვის კარიერა ძალიან მნიშვნელოვანია.
- რა მოგცა ჩინეთში ცხოვრებამ, როგორც მოდელს?
- უფრო დავიხვეწე, გავთამამდი, კამერის კომპლექსი მომეხსნა. გაცილებით ბევრს ვსწავლობ, რადგან იქ მოდა კარგად არის განვითარებული. საქართველოში თამამ ჩვენებებში არ ვმონაწილეობდი, მაგრამ როგორც კი აქ დავბრუნდი, ''ჯდს''-ზე ბოდი-არტში ვმონაწილეობდი. დიახ, ოჯახის წევრებმაც ნახეს ეს გადაცემა, მაგრამ ცუდი რეაქცია არ ჰქონიათ. ეს ხომ ხელოვნებაა. ჩინეთში საცურაო კოსტიუმებში მქონდა გადაღებები, ბოდი-არტი იქ არ გამიკეთებია.
- წარმატებული მოდელობის შემთხვევაში საქართველოში კარგად გათხოვება გარანტირებულია. შენ შემთხვევაში როგორ არის თაყვანისმცემლების საქმე?
- პირიქით, მოდელობა გათხოვებაში ხელს მიშლის, რადგან არჩევანის წინაშე ვდგები - კარიერა ან პირადი. ერთხელ უკვე დავთმე პირადი ცხოვრება კარიერის გამო. მოდელობა მთელი ჩემი ცხოვრებაა. ჩემი აზრით, საყვარელმა ადამიანმა არჩევანის წინაშე არ უნდა დაგაყენოს. ერთი წელი ვიყავით ერთად და როდესაც ჩინეთში მივდიოდი, სწორედ მაშინ დავდექი არჩევანის წინაშე და კარიერა ავირჩიე.
- როგორ გამოხატავდნენ გრძნობებს ჩინელი თაყვანისმცემლები?
- ყვავილებით, საჩუქრებით. იქ არასოდეს აძლევენ თავს იმის უფლებას, რომ ზედმეტად შეგაწუხონ. ჩინელი მამაკაცები, ქართველებისგან განსხვავებით, უფრო მორიდებულები, ბავშვურები და გულუბრყვილოები არიან.
- საკმაოდ უცნაურ ფორმაში დაგვხვდი, შეგიძლია, ამ პროექტის შესახებ მოგვიყვე?
- დღეს ფოტოსესია მექნება და ამ ფოტოებს ჩინეთში წავიღებ, ბოდი-არტზე ნუცა მიქელაძე მუშაობს, სურათებს გია გოგიჩაიშვილი გადამიღებს.

Rating

ნუცა:
- ეს არ გახლავთ კონკრეტული პროექტი, ქეთი ამ ფოტოებს ჩინეთში წაიღებს და რას უზამს, არ ვიცი. მთავარია, რომ ის პირველია, ვინც ასე გაშიშვლებას დათანხმდა. რთულია, ქართველი გოგონები ამაზე დაითანხმო.
- ქეთი, ახლა რამდენიმე კითხვას პოლიტიკაზე დაგისვამ. იცი, ვინ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი?
- (იცინის) არა, არ ვიცი.
- ირაკლი ღარიბაშვილი თუ გაგიგია?
- არ ვიცი, ვინ არის. ახალი ჩამოსული ვარ საქართველოში და ტელევიზორს არ ვუყურებ.
- ირაკლი ალასანიას თუ იცნობ?
- გამიგია...
- კახი კალაძე...
- დიახ, ვიცი, ვინ არის, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ანუკა არეშიძის ქმარია.
- საქართველოს პრეზიდენტი?
- (იცინის) პოლიტიკაში ვერ ვერკვევი.
- ხუმრობ, მართლა არ იცი, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი?
- არ ვიცი...
- ჩინეთში თუ არიან პოლიტიკოსები პოპულარულები?
- არა, იქ პოლიტიკა არავის აინტერესებს. ყველაზე პოპულარულები მაინც მოდელი ბიჭები არიან.
- ქეთი, მართალია, ამ ეტაპზე მხოლოდ კარიერაზე ფიქრობ, მაგრამ მომავალში შენ გვერდით როგორი მამაკაცი წარმოგიდგენია?
- მთავარია, მამაკაცმა კარგად გამიცნოს და ისეთი შემიყვაროს, როგორიც ვარ. მოსწონდეს ჩემი კარიერა და ხელი შემიწყოს. რომ დადგეს მომენტი, კიდევ მომიხდეს არჩევანის გაკეთება, ისევ კარიერას ავირჩევ.
- როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი?
- რამდენიმე ქვეყნიდან მქონდა შემოთავაზება, მათ შორის, საფრანგეთიდან, მაგრამ ამაზე დავფქირდები. მაინც მგონია, რომ მთელი ცხოვრება სამოდელო სფეროში ვიქნები და სიბერეშიც კი სურათებს გადავიღებ (იცინის).

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ablabuda
პოლიტიკაში ვერ ერკვევა კი არა სრული გაუნათლებლობა და დებილიზმია ქართველ ახალგაზრდებში, ერთი თვე წავლენ სადღაც და აღარ იციან მერე თურმე არაფერი რა საცოდავები არიან მართლა ოღონდ
15:49 / 07-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მატანი
მოდელები რო უტვინოები არიან,კიდევ ერთხელ დაამტკიცა.უმრავლესობა მაინც,ყველა კი არა.
15:01 / 07-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
როგორ ფარულავა,წკრიალაშვილი, ბეგაშვილი-ქართველი ვარსკვლავებიც არ გაგიგია?რა ჩამორჩენილია,მაპატიოს.
08:55 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
რაბედნიერი ხარ რომ იცოდე ამ ხალხის გვარები რომ არც კი გაგიგია, მშურს ესეთების. წარმატებებს გისურვებ.
08:52 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS