05 მარტი, 2014
რისი გადაღება ჰქონდათ აკრძალული მაიდანზე ჟურნალისტებს და რა დაინახა ქეთი ქარდავამ ბერკუტელის ტელეფონში
მათნაირად განვიცადე მათი ტკივილი და პატარა წვლილი შევიტანე იმაში, რომ ქართველებს ენახათ, რა ხდებოდა იმ მომენტში უკრაინაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დიდი შრომისა და საკუთარი სიცოცხლის ფასად ჟურნალისტი ქეთი ქარდავა აწვდიდა, რომელსაც არც დამცავი ჟილეტი ეცვა და არც ქუდი ეხურა. მიუხედავად ამისა, შეძლო და ქართველ მაყურებელს მისცა ისეთი კადრების ნახვის შესაძლებლობა, რაც, წმინდა ადამიანური გაგებით, მისთვის რთულად აღსაქმელი იყო. სანამ ქეთი საქართველოში აქტიურ ჟურნალისტიკას დაუბრუნდებოდა, ის ბრიუსელში ''პირველი არხის'' ევროპული ბიუროსთვის მუშაობდა, მაგრამ,
სამწუხაროდ, ბიურო დაიხურა და ქეთის დაბრუნება მოუხდა. ჟურნალისტს მაიდნის ამბების მოსაყოლად შევხვდით.

- ლატვიის პრეზიდენტთან ექსკლუზიური ინტერვიუ მქონდა შეთანხმებული, მის ჩასაწერად ვიყავი წასული რიგაში. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინაში პერიოდულად იძაბებოდა სიტუაცია, იმ კონკრეტულ მომენტში ჩვენი კორესპონდენტებიდან იქ არავინ იყო, ვიფიქრეთ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. საქართველოში უკრაინის გავლით უნდა ჩამოვფრენილიყავი, 8 საათი მქონდა შუალედი და გადავწყვიტეთ, რომ ამ დროის განმავლობაში გავსულიყავი მაიდანზე, ჩამეწერა ხალხი, მენახა, რა სიტუაცია იყო და მერე მიმეღო გადაწყვეტილება წასვლა-დარჩენის შესახებ. ჩავდგი თუ არა აეროპორტში ფეხი, იმ წუთასვე მივხვდი, რომ იქ დავრჩებოდი. იმ დღეს რომ ვნახე, ისეთი ცარიელი აეროპორტი არსად მინახავს. ტაქსის მძღოლმა რომ გაიგო ჩვენი წარმომავლობის შესახებ, ძალიან გაუხარდა, მოგვიყვა ყველაფერს, რაც კი იცოდა, კარგი პროდიუსერივით მაიდანზე მისვლამდე მოვლენების საქმის კურსში ჩაგვაყენა, ეცადა, მაქსიმალურად ახლოს მივეყვანეთ ცენტრთან და სადამდეც შესაძლებელი იყო, მივიდა კიდეც. ბრძოლის ველზე ფუნიკულიორით გადავედით, რომ დავინახე ეს გადამწვარ-განადგურებული მაიდანი, თავი კინოში მეგონა. სასტუმროში მიუსვლელად დავიწყეთ მუშაობა. ყველა ჟურნალისტს ეცვა ჯავშანჟილეტი, რომელსაც ''ტვ'' ან ''პრესა'' ეწერა და ასევე ეხურათ ქუდი. მოუმზადებლად მოვხვდი კიევში და ეკიპირება არ მქონდა, შესაბამისად, არც ჟილეტი მეცვა და არც ქუდი მეხურა. გარდა ამისა, ჩაცმულობის მხრივაც აქციისთვის შეუფერებლად ვიყავი გამოწყობილი, მეცვა ქუსლიანი ფეხსაცმელი, შავი ქვედაბოლო და პიჯაკი.

Rating

ჩემმა კოლეგებმა რომ დამინახეს, ხუმრობდნენ, აქციაზე კი არა, შენ მგონი ''ბაფტაზე'' ან ''ოსკარების'' გასაშუქებლად ხარ ჩამოსულიო. ძალიან მინდოდა, ბოტასი მეყიდა, მაგრამ მთელ ქალაქში არაფერი მუშაობდა და ვერაფერი მოვახერხე. პირველი ჩართვის შემდეგ უამრავი შეტყობინება მივიღე, სადაც მწერდნენ, ფრთხილად იყავიო და მეკითხებოდნენ, რატომ არ მეცვა ჟილეტი. სწორედ ამ მიზეზით ტელევიზია კატეგორიულად მთხოვდა უკან დაბრუნებას, მაგრამ ბოლომდე გავუწიე წინააღმდეგობა და იქ დავრჩი შაბათამდე, იქამდე, სანამ მივლინება მქონდა. კვირას კი რადამ იანუკოვიჩი გადააყენა.
- როგორი ვითარება დაგხვდათ მაიდანზე?
- საოცარი სიტუაცია დაგვხვდა. ხალხის მობილიზებამ გამაოგნა, ყველას თავისი საქმე ჰქონდა და ზუსტად იცოდა, ვის რა უნდა გაეკეთებინა. ჩვენი მისვლის მომენტში არ იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია, ამიტომ კომენტარების ჩაწერა დავიწყეთ და პირველივე რესპონდენტმა გვითხრა, არანაირად არ გვჯერა, რომ იანუკოვიჩი გადადგება, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთო. იგებდნენ თუ არა, რომ საქართველოდან ვიყავით, გვეუბნებოდნენ, თქვენ ჩვენზე წინ ხართ, ბედნიერებაა, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა და იგივე არ ხდება თქვენს ქვეყანაშიცო. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შეტევაზე ბერკუტი კი არა, აქციაზე მყოფი ხალხი გადადიოდა, რადგან მოთმინების ყველანაირი ფიალა ავსებული ჰქონდათ. ბერკუტი კი საპასუხოდ ურტყამდა და ესროდა მათ. მე მაინც მგონია, დასავლეთს რადიკალური განცხადებები რომ გაეკეთებინა სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით, დაღუპული 87 ადამიანი გადარჩებოდა. კი, ისინი გმირები არიან, მაგრამ ჯობდა, ყველაფერი უსისხლოდ დასრულებულიყო.
- საინტერესოა კვებისა და სასტუმროს საკითხი, სად იყავით დაბინავებულები?
- ქალაქში ყველაფერი დაკეტილი იყო.ისე არ გეგონოთ, თითქოს მხოლოდ მაიდანზე არ ფუნქციონირებდა მაღაზიები და სხვადასხვა დაწესებულება, არსად არაფერი მუშაობდა, მთელი ქალაქი ცხოვრობდა მაიდნის ცხოვრებით. საკვები ძირითადად მოხალისეებს მოჰქონდათ. ვერ გეტყვით, რამდენი ლიტრი ჩაი და რძე დავლიე იქ ყოფნის დროს (იღიმის). რძეს რომ მაწვდიდნენ, თან მეუბნებოდნენ, შეიძლება არ იცი, მაგრამ საბურავები რომ იწვის, გამოყოფს ტოქსინს, რომელიც მომწამლავია, ამიტომ რძე აუცილებელიაო.
მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, მაიდანზე წესრიგი და სისუფთავე იყო. რაც შეეხება სასტუმროს საკითხს, გარშემო გადატვირთული იყო ყველაფერი, რადგან ბევრი ჟურნალისტი გახლდათ ჩასული და ყველას მაიდანთან ახლოს უნდოდა. ჩვენ დავბინავდით სასტუმროში, რომელიც შედარებით მოშორებით იყო, მაგრამ იქ მხოლოდ რაღაც ნივთები დავალაგეთ, დაძინების დრო კი არ გვქონდა, რადგან ყოველ წუთს შეიძლებოდა, რაღაც მნიშვნელოვანი მომხდარიყო. ერთადერთი, რისი გადაღებაც აკრძალული გვქონ 
და, ეს იყო ბერკუტი დასვენების დროს. ჩემმა კოლეგამ მითხრა, მე გადავიღე პლედგადაფარებული ბერკუტის წევრი და ტელეფონი წამართვესო, მე კი ნამდვილად ვერ შევწირავდი იმ ნივთს, რომლითაც საქართველოსთან კავშირი მქონდა. ერთ მომენტში მეორე მხარეს გადასვლა გვინდოდა, სადაც მხოლოდ ბერკუტის გავლით შევძლებდით მოხვედრას. ბნელოდა, ცეცხლი იყო დანთებული და სიმართლე გითხრა, ცოტა შევშინდით, არ ვიცოდით, რა რეაქცია ექნებოდა ბერკუტს, რომელსაც კამერით აღჭურვილები ჩავუვლიდით. გადავიკიდეთ კამერა და გავუარეთ გვერდზე თვალებგაფართოებულებმა. არაფერი გვითხრეს, მაგრამ კურიოზული იყო ის, რომ ერთ-ერთ ბერკუტელს ჩართული ჰქონდა ''ფეისბუქი''. გავგიჟდი, იმ მეორედ მოსვლის დროს ბერკუტელს რომ სოციალური ქსელისთვის ეცალა. რას წერდა, ან რას პოსტავდა არ ვიცი, შეიძლება, მაიდანს ''აჩექინებდა'' (იცინის).
პირადად მე ვისთანაც შეხება მქონდა, ყველა კარგად აყალიბებდა აზრს, ვერ ნახავდით ნასვამ ადამიანს. სხვათა შორის, იქ შეგვხვდნენ ქართველები ჩაფხუტებით, რომელთა ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, რომ ისინი უკრანელების გვერდით, მაიდანზე იდგნენ. სწორედ ამ მიზეზის გამო გვითხრეს უარი ჩაწერაზე, არ უნდოდათ, რომ მათ ოჯახებს ენერვიულათ და ვინმეს ეს ფაქტი პოპულისტურ ჟესტად ჩაეთვალა. იმ დღეს, როცა მოხდა სისხლიანი შეტაკება, რადას მიმდებარე ტერიტორიაზე გადავედით, რომელიც ყველაზე ცხელი წერტილი ყოფილა. კადრებს ვიღებდით, რომ უცბად ჩვენ წინ ტიპს თავი გადაეხლიჩა. არ ვიცოდი, რა სახის დახმარება გამეწია, გავგიჟდი, ისტერიკა დამემართა. როგორც იქნა, ეს ადამიანი მოექცა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ამ დროს კი გადავინაცვლეთ მოშიშვლებულ ადგილას, სადაც ერთმა ადამიანმა გვითხრა, ამ შენობების თავზე სნაიპერები არიან, იქნებ, აქაურობას გაეცალოთო. მისი ბოლო სიტყვები ''უდაჩი ვამ'' არასდროს დამავიწყდება, თან პირჯვარიც გადაგვსახა და გამოგვიშვა, არადა, თვითონ იქ რჩებოდა.
იქიდან გადმოვინაცვლეთ სასტუმრო ''უკრაინის'' ტერიტორიაზე. ამ დროს დამიჯდა ტელეფონი და ვიფიქრე, შევალ სასტუმროში, ცოტა ხანს დავტენი და გამოვალ-მეთქი, მაგრამ სანამ შევედით, იქ ისეთი ამბავი ატყდა, რომ სასტუმროში დაჭრილების ტევა აღარ იყო. ჩემ თვალწინ იხოცებოდნენ ადამიანები, რომლებსაც ექიმები ვერ შველიდნენ, არადა, მედპუნქტი იყო ზემოხსენებულ სასტუმროში გახსნილი, მაგრამ სნაიპერი ან თავში ესროდა ხალხს ტყვიას, ან კიდევ - კისერში. დამცავი ჟილეტები კი ეცვათ, მაგრამ ძირითადად საყელოს გარეშე იყო, ეს იცოდნენ და კისერში სასიკვდილოდ ესროდნენ. ამის გამო იქ შემოყვანილთაგან ვერც ერთი ვერ გადარჩა, მიცვალებულთა რაოდენობა კი იზრდებოდა და იზრდებოდა.
- ამ ყველაფრის ყურება არ გაგიძნელდა?
- კი, თუმცა იმ მომენტში ფიქრობ იმაზე, რომ მოიპოვო მასალა და ეს როგორმე მოხვდეს ტელევიზორში. წარმოიდგინე, ირგვლივ სულ მიცვალებულები იყვნენ, შეიძლება ითქვას, რომ მიცვალებულზე მედო კომპიუტერი და ასეთ პირობებში მე და ჩემმა ოპერატორმა, რომელსაც მადლობა მინდა ვუთხრა ყველაფრისთვის, დავიწყეთ მასალის დამონტაჟება, რომ ხალხისთვის ინფორმაცია მოგვეწოდებინა.
- დღეს როგორ ხარ ამ ყველაფრის შემდეგ?
- კმაყოფილი ვარ, რომ იმ დღეებში იქ ვიყავი და მგონია, რომ მათნაირად განვიცადე მათი ტკივილი და პატარა წვლილი შევიტანე იმაში, რომ ქართველებს ენახათ, რა ხდებოდა იმ მომენტში უკრაინაში. უკრაინელებმა, კიდევაც რომ არ შევიდნენ ევროკავშირში, დაამტკიცეს, რომ ყველაზე დიდი ევროპელები არიან.
იმდენად გახარებული იყვნენ იმით, რომ პრესა მათი ამბების გასაშუქებლად იყო ჩასული, სრულიად უცნობმა ადამიანმა წამოსვლის დღეს ცენტრიდან აეროპორტამდე საერთოდ უფასოდ მიგვიყვანა, ბოლოს კი ისიც ამ სიტყვით დაგვემშვიდობა - ''უდაჩი'', რაც ჩემთვის ამაღელვებელი იყო.
- ალბათ, შენი ოჯახის წევრებისთვის ძალიან ძნელი იქნებოდა ის პერიოდი, რაც უკრაინაში გაატარე...
- ისეთი ტალახიანები ჩამოვედით, რაც მეცვა, ყველაფერი გადავყარე. ოჯახი საშინლად ნერვიულობდა, მაგრამ დედა არაფერს მწერდა, იცოდა, რომ იქიდან წამომსვლელი მაინც არ ვიყავი. ერთადერთი ის მომწერა, ტყვიას მაინცდამაინც ნუ დაუდგები წინო (იღიმის). რაც შეეხება შვილს, ლიზის, რომელიც 14 წლისაა, კატეგორიულად ამბობს, არ მინდა ჟურნალისტობაო, მაგრამ მიზეზი არ ვიცი, ალბათ პასუხის მეშინია (იღიმის). ეტყობა, ბევრი რაღაცის გამო არ მოსწონს ეს პროფესია და არაფერს მეუბნება.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ლაშა
Bატუ ქუდი არ მქონდაო ანუ ჩაფხტი და არა კაპიშონი. Mაგდენს უნდა ხვდებოდე
20:09 / 08-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ბათუ
ბაქი– ბუქი,მოგონილი თავგადასავალი და საკუთარი თავის გმირად წარმოჩენა სინამდვილეში განსაკუთრებული არაფერი,ჟურნალისტებს იქ არავინ არდევნიდა და არც ესროდა,ქუდი არმქონდაო და კაპიშონიანი ქურთუკი ეცვა,მოკლედ გვაბოლებს და გვაღადავებს,არადა ეტყობა ცნობილი ანდაზა არწაუკიტხავს,,თავის ქება კიტრად არღირს კიტრი კი კაპიკად.
14:49 / 07-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
ასეთი მონდომებული და აღტკინებული რატომ არ გადაიღე 26 მაისი. თუ ეგეთ მაგარი დემოკრატი ხარ.
18:01 / 06-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ილია
ტალახიანი რომ ჩამოხვედი, წყალი არ გქონდათ იქ კიევში, თუ გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ წაგიღია. და ერთიც... რას აბოლებს ეს ქალი ხალხს - კიევში არცერთი მაღაზია არ მუშაობდაო. საცოდავი ჟურნალისტური ბანდა გვყავს საქართველოში, მაგარი ბანძები არიან. რას ბოდიალობენ თვითონ არ იციან
16:39 / 06-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
ეგ ყველაფერი კი კარგად დაწერეთ მაგრამ ქალაქში ცენტრის გარდა თითქმის ყველა მაღაზია მუშაობდა არაფერი დაუკეტავთ საიდან მოიტანეთ.
23:09 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS