ჯერჯერობით ეთერში გადაცემის მხოლოდ ერთი ეპიზოდი გავიდა და სოციალურ ქსელში რეკორდულად მაღალი რეიტინგი აჩვენა, თუმცა, ყველაფერი წინაა და ხვალ სხვა ახალ სახეებსაც გავიცნობთ.
"საქართველოს ვარსკვლავში" საკუთარ ძალებს მომღერალი ოთო ნემსაძეც მოსინჯავს, ოთოს პროექტში უჩვეულო კონკურენციის პირობებში უწევს მონაწილეობა, მისი ერთ-ერთი კონკურენტი მისი ძმა - ბესო ნემსაძე იქნება.
ოთო საკუთარი მიზნების შესახებ თავად ისაუბრებს.

- რატომ
ოთო: ევროვიზია იყო მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობის მიღება. თუ ხალხის მხარდაჭერით წავალ „ევროვიზიაზე“, ეს სასიამოვნო იქნება ჩემთვის. მე წინასწარ არაფრის ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ოთო ნემსაძე ბრძოლის გარეშე არაფერს არ თმობს.
ბესო: არა ერთი კონკურსის კასტინგზე მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ლაივკონცერტებზე არასდროს მოვხვედრილვარ. იმედი მაქვს, ამჯერად გამიმართლებს და მოვხვდები პროექტში.
- ოთო, თქვენი კონკურენტი პროექტში თქვენი ძმა იქნება, რა შანსები აქვს, თქვენი აზრით?
- ჩემს ძმასაც ძალიან უნდოდა და მიიღო პროექტში მონაწილეობა. ჯერჯერობით კასტინგები მიმდინარეობს და ვნახოთ, რა იქნება. ბესო ძალიან კარგი მუსიკოსია, ბევრი სიმღერა, რომელიც ჩემს რეპერტუარშია, ბესოს დაწერილია. დავხოცავთ ერთმანეთს ნემსაძეები, რა პრობლემაა.

ბესო: როგორც ერთ-ერთ კასტინგზე მითხრეს, ოთოს უნდა გავდე ან უფრო ძლიერი უნდა იყოო. ორი ერთნაირი ადამიანი არ არსებობს. რადგან ოთო მღერის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მას ვგავდე. ადამიანს კონკურსებზე უნდა განსაზღვრავდნენ მუსიკალური კუთხით. ოთოს სახელით არსად არ მივსულვარ, მათ შორის არც კონცერტებზე, ამიტომაც წავედი 2015 წელს უკრაინულ „იქს ფაქტორში“ და ფინალშიც მოვხვდი.
- ბესო ოთო გაძლევს რჩევებს?
- მე და ოთო მთელი ცხოვრება ვასწავლით ერთმანეთს ყველაფერს, ის მხოლოდ 2 წლით დიდია ჩემზე, მაგრამ როცა დამჭირვებია, სულ გვერდით მიდგას. ოთო „საქართველოს ვარსკვლავში“ მხოლოდ კონკურენტი არაა, სერიოზული კონკურსანტია. დათმობას არ ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლებ. ფინალში თუ ერთად ვიმღერებთ, მაგრად გამეხარდება.
ოთო: ძალიან მინდა, ჩემი ძმა ფინალში ჩემს გვერდით იყოს, ვნახოთ, რა იქნება. ჩვენ რჩევებსაც ვაძლევთ ერთმანეთს. ბესოს ვურჩევ, რაც შეიძლება ბევრი ისწავლოს პროექტში ყოფნისას. მნიშვნელოვანია გამარჯვება, მაგრამ პროექტში მონაწილეობაც მნიშვნელოვანია.

ბესოს ბევრი განსხვავებული თვისებები აქვს ჩემგან. ის არის მუსიკოსი, რომელიც თავისი საავტორო სიმღერებით იქნება პოპულარული. მასაც აქვს ქარიზმა, ძალიან კარგ გამოცდილებას მიიღებს, მითუმეტეს მე თუ ვიქნები მის გვერდით.
- ორივეს საბოლოო მიზანი „ევროვიზიაა“, რითი დაამახსოვრებთ თავს მაყურებელს, თუ გაგიმართლათ?
ოთო: ევროვიზიის მოგება რთულია, ყველა ქვეყანა ცდილობს ვიღაცას მიბაძოს, ჩემი აზრით, „ევროვიზიაზე“ უნდა წახვიდე და გააკეთო ის, რაც მოგწონს. „ევროვიზიაზე“ მინდა რომ წავიდე და ცა და დედამიწა დავაფარო ქუდად.
ბესო: „ევროვიზიაზე“ შეგიძლია შენი ქვეყანა ასახელო, თუ წავალ, პირველ რიგში, ქართველებისთვის ვიმღერებ. მთავარია რა სიმღერას იმღერებ, მაგრამ რა მოხდება მომავალში ვნახავთ. „ევროვიზიის“ მოგება რთულია, მაგრამ მთავარია, აჩვენო მსოფლიოს, რომ ქართველები მაგრები ვართ.