თეკლა:
- პრეზიდენტთან შეხვედრის წინა დღეს ინტერნეტით გავიარეთ რეგისტრაცია და მეორე დღეს უპრობლემოდ მოვხვდით დარბაზში. ამ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის ლექტორებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს სთხოვდნენ, ვეტო დაედო იმ კანონპროექტისთვის, რომ უნივერსიტეტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი დაბრუნებოდა და არაკომერციული პირის სტატუსი შეენარჩუნებინა. ეს სტატუსი დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ შეუცვალეს, რასაც ძალიან ვაპროტესტებთ სტუდენტები. როდესაც პრეზიდენტი მოდის უნივერსიტეტში, მას კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ უნივერსიტეტი არ არის ბირჟა, სადაც უხამს ჭორებს მოჰყვება თავის შესახებ. ჩვენი მიზანი არ ყოფილა მისთვის შეკითხვის დასმა, მან თავისი ცხრაწლიანი პრეზიდენტობით ჩვენს ყველა შეკითხვას საქმით გასცა პასუხი.
- მაშინ რა იყო თქვენი მიზანი?
- გვინდოდა, მთავარი მესიჯი გაგვეჟღერებინა და როგორც მიხეილ სააკაშვილისთვის, ასევე საზოგადოებისთვის და ახლანდელი ხელისუფლებისთვის მიგვეწვდინა ხმა. გვეთქვა, რომ მაღალი ხარისხის განათლების სისტემა აკადემიურ თავისუფლებას მოითხოვს, რომლის გარეშეც საზოგადოების განვითარებაც წარმოუდგენელია. ცხრა წლის განმავლობაში უნივერსიტეტის პროფესორებს ათავისუფლებდნენ პოლიტიკური ნიშნით, როგორც ლელა გაფრინდაშვილისა და ნოდარ ხადურის შემთხვევაში მოხდა. ხადური არჩევნების შემდეგ დააბრუნეს. სტუდენტებს დევნიდნენ თავისუფალი აზრის გამო და უნივერსიტეტი იმ მანკიერი სისტემის ნაწილი გახდა, რომელიც ქუჩაში კლავდა ადამიანებს, მათ თავისუფლებას უზღუდავდა, აწამებდა პატიმრებს ციხეში.
- თუმცა ამაზე ჰქონდა პრეზიდენტს პასუხი, რომ ეგ იმავე სერიიდან არის, საიდანაც ის, რომ ვიღაცას „ძუძუებს აჭამდა“.
- მე კითხვა არ დამისვამს, ვუთხარი, რომ უნივერსიტეტი არის ის სივრცე, სადაც პროფესორები და სტუდენტები თავად წყვეტენ ნებისმიერ საკვანძო საკითხს. თუ ეს ასეა, ჩვენ დღეს საქართველოში უნივერსიტეტი არ გვაქვს და ეს სწორედ მისი მოღვაწეობის შედეგია, რომ უნივერსიტეტი იმ მანკიერი სისტემის ნაწილი გახდა, რაც ზევით ვახსენე. ამიტომ ჩვენ გვჭირდებოდა სხვანაირი უნივერსიტეტი, მაღალი ხარისხის განათლების სისტემა და პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის ამ პროცესებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, რადგან უნივერსიტეტის საკითხს უნდა წყვეტდნენ პროფესორები და სტუდენტები. ამის შემდეგ პასუხს არ დაველოდეთ და ოცდაათამდე ადამიანმა სააქტო დარბაზის დატოვება დავიწყეთ.
- პრეზიდენტის განცხადებებიდან თქვენთვის ყველაზე მოულოდნელი რომელი იყო.
- არც ერთი. მან ილაპარაკა ზვიგენებზე, რომელიც მასა და მის მეუღლეს უყურებდნენ. აღმაშფოთებელი იყო კომენტარი, რომელიც ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გააკეთა. არ შემიძლია, ბოდიში არ მოვუხადო ამ ადამიანის მშობლებს და სამწუხაროა, რომ უნივერსიტეტში გააკეთა ეს კომენტარი. ჰკითხეს ციხის სკანდალზეც, რაზეც არაადეკვატური პასუხი გასცა, რომ ეს იყო დადგმული, რომ მას გიორგი ლიფონავამ დაურეკა და უთხრა, რომ დამონტაჟებული იყო, გიორგი ლიფონავა ძალიან კარგი რეჟისორია და მას ენდობა, რაშიც შემდეგ თავადაც დარწმუნდა. ასევე ახსენა პროქტოლოგიური ექსპერიმენტი, რომლის ჩატარებასაც მისი მეგობარი მეუღლეზე ცდილობდა. თუმცა ჩაატარეს თუ არა, არ ვიცი. მან თქვა, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელია, რაც მივიჩნევ, რომ უპასუხისმგებლო განცხადებაა.
მარიამი:
- ჩვენი მიზანი, როგორც თეკლამ აღნიშნა, პრეზიდენტისთვის კითხვების დასმა არ ყოფილა, უბრალოდ, გვინდოდა, ის განცხადება გაგვეკეთებინა, რაც თეკლამ გაახმოვანა. ჩვენ გვეგონა, პრეზიდენტს ვეტოს თემაზე უნდა ესაუბრა, მაგრამ დიასახლისივით დაგვიჯდა და ჭორებს გვიყვებოდა, თავს იმართლებდა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საკმაოდ შეშინებული იყო. ჩემ უკან ისხდნენ სტუდენტები, რომლებიც პრეზიდენტის ყველა სიტყვაზე ტაშს უკრავდნენ, რამდენიმე მათგანს ფიზიკურად ვიცნობ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან. მათი კითხვები აზრს მოკლებული იყო და არანაირ პრობლემებს არ შეიცავდა. სხვა ადამიანების კითხვების გადაფარვას და დროის გაყვანას ცდილობდნენ. თეკლას მიმართვის დროს ანერვიულდა და იერიშისთვის ემზადებოდა, მაგრამ არ ვაცალეთ. ხმამაღალი შეძახილებით დავტოვეთ დარბაზი. ვეუბნებოდით - „არ გელაპარაკებით“, „ტრაილერის მძღოლი ვარ“ „ვერტმფრენი ვარ“ და ასე შემდეგ. ძალიან გაბრაზდა და ჩე გევარები გვიწოდა. საკმაოდ ცუდ კონტექსტში მოიხსენია ჩე გევარა, მას ბინძური ნაბიჭვარი უწოდა. მერე გვითხრა, რომ ღირსების ორდენს დაგვკიდებდა, ჩემი რეაქცია იყო, რომ უკანალში გაეკეთებინა. მე მგონი, ამ დროს დაემთხვა და წინადადებებს შორის თქვა, რა პრობლემააო, ოღონდ არ ვიცი, ჩემი კომენტარის პასუხად იყო თუ არა. თუმცა ეს ფრაზა შემდეგ აიტაცეს (იცინის).
თორნიკე:

თეკლა:
- იცით, სამწუხარო რა არის? როდესაც მისი პრეზიდენტობის დროს ქუჩაში ხალხის მკვლელობა ამ ბინძურ ჭორს შეადარა. მისი ამოცანა ის იყო, რომ მედიას ყურადღება არაადეკვატურ პასუხებზე გადაეტანა და მიზანმიმართულად აარიდა თავი განათლების სისტემის პრობლემებზე საუბარს.
ათუკა:
- რუსეთზე დაუსვეს კითხვა, რაზეც საოცარი შედარება მოიყვანა. მე და სანდრა ეგვიპტეში ზღვაში ვცურავდით და ვხედავთ, ორი ზვიგენი ზის ქვემოთ და გვიყურებსო. ვიკითხეთ, ეს რა არისო და ზვიგენები არიანო. მერე არ შეგვჭამონ-მეთქი და ორი წელია მანდ არიან და არავინ შეუჭამიათო. ასეა რუსეთი, როცა უნდა, მაშინ შეგვჭამსო. აგვისტოს ომზე საუბრისას თქვა, ამერიკას როგორ ლანძღავთ, მთელი სამხედრო ფლოტი ჩვენს საზღვრებს მოაწყდა და რუსებმა იმიტომ დატოვეს საზღვრებიო. ამერიკელ გენერალს ურეკავდნენ, არ წახვიდეთო, მაგრამ თქვა, არ მეშინია მესამე მსოფლიო ომის, ეს ქვეყანა უნდა დავიცვათო.

- როდესაც სახელმწიფოს მეთაური ხარ და შენი ქვეყნის მოქალაქეებს შთააგონებ, რომ რუსეთი არის ზვიგენი, რომელსაც როდესაც მოუნდება შეგჭამს, ძალიან უპასუხისმგებლო საქციელია. ჩვენ სახელმწიფო ვართ, სუვერენიტეტი გვაქვს და რუსეთი ისე ვერ შეგვჭამს, როგორც ეს ზვიგენს შეეძლო მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში. მედია უკვე რამდენი დღეა ლაპარაკობს ზვიგენებზე, პროქტოლოგებსა და ლაზიკაზე, არავის უხსენებია აკადემიური თავისუფლება უნივერსიტეტში და განათლების სისტემა, რაც რეალურად კარგი საზოგადოების საძირკველში დევს ნორმალურ ქვეყნებში და სწორედ ამის თქმა იყო ჩვენი მიზანი.
ათუკა:
- საღამოს „ფეისბუქზე“ განცხადება გაავრცელა, რომ ის სტუდენტები, რომლებმაც დარბაზი დატოვეს, იმიტომ გაჩერდნენ მანამდე, რომ ეტყობა, დააინტერესათ ჩემმა საუბარმაო. მინდა ვუპასუხო, რომ არ გვაინტერესებდა, უბრალოდ, თეკლას საათ-ნახევრის განმავლობაში არ მიეცა აზრის გამოთქმის საშუალება და იმიტომ გავჩერდით.
თეკლა:
- ეს იყო იმ ცხრა წლის პროტესტი და პირდაპირ ვუთხარით, რაც უნდა სამწუხარო იყოს თქვენთვის, უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენ ამ პროცესში მონაწილეობას ვეღარ მიიღებთ-მეთქი. მან შეხვედრიდან რამდენიმე საათში კანონპროექტს ვეტო დაადო.
- ლაზიკასთან დაკავშირებით რა განაცხადა?
ათუკა:

- რას დაარქმევდით პრეზიდენტის სტუმრობას უნივერსიტეტში?
თეკლა:
- ჩემთვის ეს არ ყოფილა პრეზიდენტის სტუმრობა უნივერსიტეტში, რადგან ის ჩემთვის პრეზიდენტი აღარ არის. პრეზიდენტი წარმომიდგენია ადამიანად, რომელიც ხალხმა აირჩია და ის ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, რისი საპირისპიროც ამ ცხრა წლის განმავლობაში დაგვიმტკიცა. მიხეილ სააკაშვილი საუნივერსიტეტო სივრცეს არ იმსახურებდა.
ათუკა:
- ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი მიდის სტუდენტებთან, მაგრამ ის მაშინ უნდა მოსულიყო, როდესაც ძალაუფლება ჰქონდა. მივმართავ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ანალოგიურად მოიქცნენ და ყველაფერი გააკეთონ, რომ განათლების სისტემა ისეთი გახდეს, როგორიც ჩვენ გვსურს.
თეკლა:
- არჩევნების შემდეგ სურვილი გამოვთქვით, რომ პრემიერ-მინისტრი გვესტუმროს და კიდევ ერთხელ ვთხოვთ, რომ მოვიდეს და გვესაუბროს. ბევრი გვაქვს სათქმელი. პოლიტიკურ სუბიექტს ჩვენთან სტუმრობისას მიეცემა საშუალება, ხალხის განწყობა შეაფასოს, რეალური პრობლემები გააცნობიეროს და ნაბიჯი გადადგას მისი აღმოფხვრისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი თუ პარტია ისეთივე კრახით დაამთავრებს, როგორითაც წინა ხელისუფლებამ დაამთავრა.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“