- დამოუკიდებლად წაკითხული პირველი წიგნები...
- გამონაკლისი არ
- წერა-კითხვა სკოლაში შესვლამდე გასწავლეს?
- არა. მხოლოდ ზეპირად ვიცოდი ''ვეფხისტყაოსნიდან'' სტროფები და პირველ კლასში თითქმის ნახევარი პოემა ნასწავლი მქონდა. მას დედა, ბებია მასწავლიდნენ. ჩემი კარის მეზობელი იყო ლევან სანიკიძე. ბავშვობაში მასთან ხშირად შევდიოდი. რუსულიც იქ ვისწავლე, კომპიუტერთან მუშაობაც და ბევრი სხვა რამ, რაც შეიძლებოდა, ცხოვრებაში გამომდგომოდა. დაახლოებით 7-8 წელი მქონდა მასთან ურთიერთობა, ანუ ეს საკმარისი დრო იყო ამ ყველაფრის ასათვისებლად.
- რა ჟანრის ლიტერატურას კითხულობ ყველაზე ხშირად?
- ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ერთ კონკრეტულ ჟანრს უფრო დიდ ყურადღებას ვუთმობ. ვკითხულობ ყველაფერს, რაც საინტერესოდ მიმაჩნია. ასევე ვენდობი სხვის რჩევებს. ვერ მოგატყუებთ და არ ვიტყვი, რომ წიგნის მაღაზიაში შევდივარ და ახალ წიგნებს მოვიკითხავ ხოლმე, უბრალოდ, ამ შემთხვევაში მეგობრებისგან ვიღებ ინფორმაციას ახალ ავტორებსა და წიგნებზე. თანამედროვე ავტორებიდან აკა მორჩილაძე და დათო ტურაშვილი ისე წერენ, რომ კარგი საკითხავია. ამჯერად პოეზიის გარდა, კიდევ ერთი წიგნი, რომელიც თავთან მიდევს, კნუტ ჰამსუნის ''შიმშილია''. ახლა ვკითხულობ და ჯერჯერობით რაც წავიკითხე, ძალიან საინტერესოა.
- რომელი ავტორების პოეზია გიტაცებს?
- ასეთი ძალიან ბევრია. ახლაც ჩემს ოთახში რამდენიმე წიგნი მიწყვია. მათ შორისაა და ძალიან მომწონს: მიხეილ ქვლივიძის, ნიკო გომელაურის, გაგა ნახუცრიშვილის პოეზია. ასევე დევს ჩემი წიგნიც. გალაკტიონის კრებული კი მუდმივად აქაა და ადგილს არ იცვლის. გარდა ამისა, ძალიან ბევრი პოეტია, უბრალოდ, ის წიგნები დაგისახელეთ, რომლებიც ოთახში მიწყვია.
- ოჯახში მდიდარი ბიბლიოთეკა გაქვთ?
- საკმაოდ, ერთი ოთახი მთლიანად წიგნებს უკავია. ამაზე ზრუნავდნენ ბებია-ბაბუა, დედ-მამა. მეორე სახლშიც, სადაც ჩემი მეორე ბებია-ბაბუა, ანუ დედაჩემის მშობლები ცხოვრობენ, ერთი ოთახი ბიბლიოთეკაა. მათთან ისეთ წიგნებს წავაწყდები ხოლმე, რაც შეიძლება, ჩვენს სახლში ვერ მოვნახო.
- შენ მოჭიდავე გურამ საღარაძის შვილიშვილი ხარ. მას თუ ჰყავს მისი ან სხვა თაობის ქართველი მწერალი და პოეტი მეგობრები?
- კი, რა თქმა უნდა. ბაბუს ხშირად მოუყოლია, როგორ შეხვდა რესტორან ''გემოში'' გალაკტიონს. თურმე კარგად იცნობდა, ''ძამიკოს'' ეძახდა. მართალია, გალაკტიონი ყველას ასე მიმართავდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო ფაქტია, რომ ბაბუს უშუალო შეხება ჰქონდა მასთან. საერთოდ, გალაკტიონთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, თუნდაც ერთი სიტყვა - ''ძამიკო'' ეთქვას შენთვის.
- რა ენაზე კითხულობ?
- ძირითადად ქართულად, თუმცა, საზღვარგარეთის ლიტერატურა რუსულ ენაზე თარგმნილი წამიკითხავს. ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრად კარგი თარგმანებია, რუსული ენის სიმდიდრის შესაბამისად. წიგნები ინგლისურადაც წამიკითხავს, თუმცა მაინც რუსულად კითხვა მირჩევნია.
- ბევრს საყვედურობენ შენს თაობას, რომ წიგნს არის ჩამოშორებული. ამ თვალსაზრისით რას იტყვი?
- ყველაფერი დროის ბრალია. კი, ადრე უფრო დიდი კონტაქტი ჰქონდათ წიგნთან და პრინციპში, ეს დროის მოკვლის საუკეთესო საშუალება იყო, მაგრამ მათ მხოლოდ ეს ჰქონდათ. მსოფლიო შეიცვალა. დრო აისახება ჩვენს ლექსებზეც. მე რომ დავჯდე და დავწერო ''მრავალმან წელმან განვლო'', ''მუნ'' და მსგავსი სიტყვები, ძალიან სასაცილო იქნება. თუმცა ვიცი ადამიანები, რომლებიც ამგვარ სიტყვებს სპეციალურად იყენებენ, რომ ნაკითხი გამოჩნდნენ. მე ასეთი ადამიანი არ ვარ, ცოტა მეცინება. ეს არ არის ნაღდი და ჩემი აზრით, ლექსს ეს ეტყობა. იმიტომაც არის ნიკო გომელაურის პოეზია კარგი და აქტუალური, რომ თანამედროვე პოეზიას ძალიან კარგად მიესადაგება, ასახავს.
- შენი ლექსები ვისი წაკითხული მოგწონს?
- (იღიმის) არავის წაკითხული არ მომისმენია ჩემი თავის გარდა. საერთოდ, მეც მგონია, რომ ავტორზე კარგად თავის ლექსს არავინ კითხულობს. ოქროს ფონდიდან ჩვენამდე მოვიდა გალაკტიონის ჩანაწერი, რომელიც ბევრს არ მოსწონს, ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ყველაზე კარგად წაკითხული გალაკტიონის პოეზია. ის გულთან ძალიან ახლოს მოდის, ვიდრე სხვების მიერ წარმოთქმული. თუმცა არიან მსახიობები, რომლებიც ძალიან კარგად კითხულობენ ამა თუ იმ ავტორს: ასე იყო გურამ საღარაძე, ასეა მურმან ჯინორია. ხანდახან ისეთ ავტორებს ვისმენთ, რომელთა ხმის ჩანაწერი არ შემოგვრჩა. კაცმა არ იცის, თავად ისინი როგორ კითხულობდნენ საკუთარ პოეზიას, შეიძლება, უფრო კარგად ან უფრო ცუდად, ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომლებიც უშუალოდ ჩაგვესმის.
- უახლოეს მომავალში ვინმეს რჩევით რა წიგნის წაკითხვას გეგმავ?
- არ ვიცი, იქნებ, თქვენ მირჩიოთ რამე?
- სტივენ კინგის რომანი ''უძილობა'', მე მიყვარს ეს ჟანრი და შემიძლია გირჩიოთ...
- კი, ბატონო, გავითვალისწინებ თქვენს რჩევას (იღიმის).
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''