ნიკა გრიგოლია: ყველაზე რთული და არეული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში იყო თინეიჯერობის ასაკში, როცა ყველაზე მაგარი მამა გარდამეცვალა და როცა აზარტული თამაშებით ვერთობოდი. მამის გარდაცვალების მერე, ჩემს ჩამოყალიბებაში მთავარი
– ამბობენ, კაზინოში თამაშის გამო, ბინაც დაკარგე და იმ პერიოდში, ბევრმა მეგობარმაც გაქცია ზურგიო.
– ბინა არ დამიკარგავს აზარტული თამაშების გამო. უბრალოდ, მშენებარეში ვიყიდე სახლი და განვადებას ვიხდიდი. აირია მშენებლობის ბიზნესი, გაჩერდა მშენებლობა და ვეღარ გავიგე, რა მექნა. ის ფული და ბინა ასე დავკარგე. მეგობრები კი, ნამდვილად არ დამიკარგავს, კაზინოს გამო ერთი მეგობარიც კი არ მყავს დაკარგული.
– ის თუ არის მართალი, რომ იმ პერიოდში ნარკოტიკებსაც მოიხმარდი და ამის გამო აღმოჩნდი ჭაობში?
– არა, ასე არ არის. ერთი ღერი სიგარეტი არ მაქვს მოწეული და არც ახლა ვეწევი. 28 წლის ასაკში, დამაინტერესა და გააზრებულად გავსინჯე მარიხუანა. მანამდე, ამერიკაშიც ვიყავი, ამსტერდამში სამჯერ გახლდით, მაგრამ არ გამისინჯავს და ვამბობდი, ნეტავ, რატომ ეწევიან ადამიანები ამას-მეთქი. არასწორი დამოკიდებულება მქონდა. მეგონა, მარიხუანა იყო ის ნარკოტიკი, რომელიც ადამიანს ჭაობში ითრევს. დიახ, თუ უზომოდ მიაკვდები, მარიხუანა კი არა ჭის წყალიც რომ იყოს, დედას გიტირებს. მოკლედ, მეგონა, მარიხუანას იმიტომ ეწეოდნენ, რომ მფრინავი სპილოები ენახათ და ნარკომანები იყვნენ. დღემდე, ბევრჯერ მომიწევია მარიხუანა, მაგრამ არასოდეს არ შეიძლება ამით „გაიტრუხო“ და ზღვარს გადაცდე. სხვა ნარკოტიკი, ბიო-შმიო არასდროს გამისინჯავს და არც მაინტერესებს. მარიხუანის მოწევამ საკუთარი რაღაცები სხვანაირად დამანახვა. მშვიდ მდგომარეობაში მარიხუანის თრობის ქვეშ ყოფნა, ჩემს გრძნობებს და ემოციებს უფრო სხვანაირად ხსნის, ერთგვარი სტიმულატორია და მას გართობის, დასვენებისა და უსაქმურობის დროს მოვიხმარ. ყველა ახალგაზრდას ვურჩევ და ვთხოვ, არავითარ შემთხვევაში დროზე ადრე არ დაიწყონ მარიხუანის მოწევა. მარიხუანა დამამშვიდებელი, სარელაქსაციო საშუალებაა და თინეიჯრობის ასაკში, როცა ტვინი დუღს, თუ მოსაწევით გადატვირთე, კარგ შედეგს ვერ მიიღებ. ზესტაფონში გავიზარდე და ჩემ გარშემო ბევრი ეწეოდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმა და მისი მეგობრები თინეიჯერობის ასაკში ეწეოდნენ, ჩემთვის არასოდეს არავის დაუძალებია. იქ რომ მარიხუანა მეწია, არ მემეცადინა და წიგნები არ მეკითხა, აქამდე ვერ მოვიდოდი, ანუ იმ ცხოვრების აზარტს დავკარგავდი, რითიც დღემდე მოვედი. ჩემს შვილს აუცილებლად ვეტყვი, თუ უნდა გასინჯოს, მაგრამ გარკვეულ ასაკში.
– ნიკა, იქნებ 28 წლის ასაკამდე იმიტომ არ მოსწიე მარიხუანა, რომ სტიქარი გეცვა და ეკლესიაში დადიოდი?
– არა, ეს არაფერ შუაშია. ზესტაფონში, მონასტერში დავდიოდი, სტიქარიც რამდენჯერმე მეცვა და დღემდე იმ პერიოდს ძალიან ვაფასებ. მაშინ 17-18 წლის ვიყავი და მონასტერში სიარულმა ბევრი რამ დამანახვა და მასწავლა, თუმცა, ვერ გეტყვით, რომ ამის დამსახურება იყო, ნარკოტიკს რომ არ ვეკარებოდი. უბრალოდ, მე სხვა რამის ინტერესი მქონდა, სწავლა მინდოდა და ის, რომ რამე ტყუილად არ მეკეთებინა.
– ვიცი, სიკვდილს რამდენიმეჯერ გადაურჩი.
– ოთხჯერ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს. მაგალითად, ერთხელ, გზაზე მივდიოდი, მიწა ჩამოიშალა, ხრამში გადავვარდი და პატარა ხის ტოტს დავეკიდე. რომ არა ბედისწერა, 50-მეტრიან ხევში ჩავვარდებოდი, ვერ გადავრჩებოდი და ვერც მიპოვიდნენ. ერთხელ კი, მანქანა დამეჯახა, მოტოციკლიდან ავვარდი და ჰაერში, 20 მეტრზე ვიფრინე. დიმა ობოლაძე იდგა აივანზე და იმას ჩავუფრინე. მეგობრებისთვის დაურეკია: აივანზე ვიდექი, ნიკა გრიგოლიამ ჩამიფრინა, გეფიცებით, არაფერს ვეწეოდი, მარტო სიგარეტსო (იცინის). მოკლედ, მიწაზე დავვარდი, ლავიწის ძვალი გავიტეხე, კანი გადავიტყავე და ჩაფხუტი რომ არ მხურებოდა, იქვე მოვკვდებოდი.
ჟურნალი "თბილისელები"