19 ოქტომბერი, 2018
"აქედან შვილის საფლავზე მივდივარ, ორმაგი ცხოვრება მაქვს" - გაიცანით პრეზიდენტობის კანდიდატი ქალი, რომელიც არჩევნებში ხმას სალომე ზირაბიშვილს მისცემს
საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა და შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა.

წელს არჩევნებში ბევრი კანდიდატი მონაწილეობს, მათგან ქალი არის მხოლოდ ორი, რომელთაგან ერთ-ერთზე - თამარ ცხორაგაულზე საზოგადოებამ ნაკლებად იცის. ის არჩევნებში კენჭს კონსტანტინე გამსახურიდას პარტიიდან იყრის.

„რეიტინგი“ 51 წლის ბიოლოგს და მცირე მეწარმეს გაგაცნობთ.

- მე გახლავართ თამარ ცხორაგაული, 51 წლის, მყავს ორი ვაჟიშვილი და 1 შვილიშვილი. ვმოღვაწეობ ბიზნესის სფეროში, პოლიტიკაში ცნობადი სახე არ ვარ, იმიტომ რომ არასდროს მქონია საჯარო გამოსვლა, არც მქონია ოდესმე
პოპულარულობისა და მაღალი თანამდებობის წადილი. უბრალოდ, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული, ეს დამიფასა ჩემმა პარტიამ და პრეზიდენტობის კანდიდატად წარმადგინა.

- რამდენი ხანია, რაც ჩართული ხართ პარტიულ საქმიანობაში და რატომ გადაწყვიტეთ?
- მიზეზი იყო, ალბათ ისევ და ისევ სამშობლოს სიყვარული, ერთგულება და ეროვნული ღირებულებები... ვითავისებდი მხოლოდ ამ პარტიის შეხედულებებსა და მრწამსს.

- ბიზნესში რა ფორმით ხართ ჩართული?

- მცირე ბიზნესი მაქვს. ამ ქვეყანაში თუ არ არის ადამიანი დაკავებული საჯარო სამსახურით, თვითონ გამონახავს ხოლმე გამოსავალს. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, პროფესიით ვარ მიკრობიოლოგი და გენური ინჟინერიის სპეციალისტი, მაგრამ მოიტანა ასე დრომ და გავაკეთე ჩემი პატარა მაღაზია, სადაც მე გახლავართ დირექტორიც, ადმინისტრატორიც და მენეჯერიც.

- როცა მიიღეთ პრეზიდენტობაზე შემოთავაზება, იფიქრეთ, თავიდანვე დათანხმდით თუ რა რეაქცია გქონდათ?
- არა, მე ვიფიქრე, დრო ვითხოვე მოსაფიქრებლად... რადგან, ძალიან კარგად ვაცნობიერებ, რომ იყო პრეზიდენტი, ეს არ ნიშნავს ფუფუნებასა და პრივილეგიას, ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი ტვირთია, მით უმეტეს ქალბატონისთვის, თან როდესაც არ გაქვს პოლიტიკურ ასპარეზზე ცნობადობა.

- რას პირდებით ხალხს?
- გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციით ძალიან ბევრი რამ შეეზღუდა, უფრო სწორად ადმინისტრაციული შეზღუდვები აქვს, მაგრამ როგორც პოლიტიკურ ფიგურას, უფრო მეტი გასაქანი მიეცა... მე ჩემს ამომრჩეველს ვპირდები, რომ ვიქნები სულ მათ გვერდით. მე თვითონ ვარ ერთი უბრალო ამომრჩეველი, მე თვითონ ვარ ხალხის წარმომადგენელი. მე ვპირდები ხალხს, რომ მუდამ მათ გვერდით ვიქნები და მათი ხმის, მათი გასაჭირისა და პრობლემების მიმტანი, მედიატორი ვიქნები მოსახლეობასა და მთავრობას შორის. ზედმიწევნით დავიცავ კონსტიტუციას.

- სხვა კანდიდატებისგან განსხვავებულს, რას პირდებით ხალხს?

- გულწრფელად გეტყვით, მართალია ამას ყველა პირდება მოსახლეობას, მაგრამ, ძირითადი, რაც მე მინდა გავაგებინო, ეს აქტუალური, საკითხები, როგორიცაა ქვეყნის მთლიანობა, მიგრაციული საკითხები, მიწების გასხვისება, აი, ეს საკითხი მინდა, მოვაგვარო, მათი სოციალური მხარე მინდა, მოვაგვარო, დაუძლეველი არაფერია, მთავარი მონდომებაა. ეს საკითხები იქნება ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული...

- უმცირესობების უფლებებზე, მარიხუანას ლეგალიზაციასა და მსგავს, აქტუალურ საკითხებზე რას იტყვით? თქვენი პარტია უფრო პრიორიტეტულად ეროვნულ ფასეულობებს მიიჩნევს...
- კარგი კითხვაა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პარტია ძალიან ტრადიციულ თვისებებს ატარებს, ეროვნული ტრადიციული შეხედულებები გვაქვს. ჩემთვის, როგორც პიროვნებისთვის, მიუღებელია თუნდაც მარიხუანას კულტივაცია (დეკრიმინალიზაციის მომხრენი ვართ).

ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგნი ვართ, იმიტომ რომ, ვერანაირი დაცვითი მექანიზმები ვერ აგვაცილებს თავიდან ხალხში მარიხუანას გავრცელებას, კულტივაციის შემთხვევაში. როგორ შეიძლება მომხრე იყო იმისა, რომ შენს მოსახლეობას მისცე თვითგანადგურების უფლება.

დეკრიმინალიზაცია ძალიან კარგი რამ არის, იმიტომ რომ ეს ადამიანები რომ დამკვიდრდნენ საზოგადოებაში, საჭიროა მათი მკურნალობა და არა დასჯა. მით უმეტეს, ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის დროს, რამდენად დიდი სასჯელები იყო ამაზე.

რაც შეეხებათ უმცირესობებს, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენს ტრადიციებს, ამ სახით, რა სახითაც ახლა ცდილობენ უმცირესობების რეალიზებას, ამის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მიუღებელია მათი შეურაცხყოფა და შეზღუდვა ჩემთვის. მე ვიქნები მათი უფლებების დამცველი, მაგრამ არა ამ ფორმით, რა ფორმითაც ცდილობენ თავის დამკვიდრებას. ძალადობენ, რომ თავისი თავი წარმოაჩინონ საზოგადოებაში და გააღიზიანონ მოსახლეობა. უნდა გაითვალისწინონ, რომ უძველესი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ერი ვართ.

- თქვენს მთავარ კონკურენტად აღიქვამენ სალომე ზურაბიშვილს, თქვენ რას ფიქრობთ, არის თუ არა ის თქვენი მთავარი კონკურენტი?
- მთავარი კონკურენტი, თუ შევხედავთ იმ თვალსაზრისით, რომ ისიც ქალბატონია და მეც ქალბატონი, დიახ. მაგრამ სხვა თვალსაზრისით, მე კონკურენტად აღვიქვამ კახა კუკავას, ვინც დამსახურებულად იბრძვის პრეზიდენტობისთვის. იმიტომ, რომ ჩვენი იდეოლოგიური იდენტურობა უფრო თანხვედრაშია, ვიდრე სხვა კანდიდატებისა.

- რომ იყოთ რიგითი ამომრჩეველი და არ იღებდეს კახა კუკავა მონაწილეობას ამ არჩევნებში, მისცემდით თუ არა ხმას სალომე ზურაბიშვილს?
- დიახ, მივცემდი ხმას სალომე ზურაბიშვილს.


Rating

- რატომ?
-იმიტომ, რომ სხვებში მე არ მესახება ღირსეული კანდიდატი. სხვები ყველანი იყვნენ მინისტრები და მმართველები და ჩვენი ქვეყანა არ წაიყვანეს სასურველი მიმართულებით, ამიტომ მათზე მეტად სალომე ზურაბიშვილი მესიმპათიურება.

- სალომე ზურაბიშვილიც ხომ იყო მინისტრი, წაიყვანა ქვეყანა კარგისკენ?
-არ წაიყვანა ორი მიზეზის გამო, მინისტრი იყო ძალიან ცოტა ხანს, ალბათ არ დასცალდა და ზუსტად წინააღმდეგობაში რომ მოვიდა მმართველ გუნდთან, ალბათ იმიტომ...

- პირადად თუ იცნობთ სალომე ზურაბიშვილს?
- არა, პირადად არასდროს შევხვედრივარ მას.

- იმაზე ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებით, ვიდრე ხართ, როგორ ახერხებთ ამას?
- გაგიკვირდებათ და ძალიან ბევრს ვშრომობ... დიდი ტრაგედია მაქვს გადატანილი, 27 წლის შვილი მყავს გარდაცვლილი, ახლა 33 წლის იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მე ვცდილობ, ვიყო მაგალითი და არ დავეცე. არ მინდა ამით მანიპულირება, არ მინდა ჩემი სატკივარი მოვახვიო სხვას თავზე და დავამძიმო ვინმე... მინდა, ვიყო მაგალითი, ტკივილმა და პრობლემამ გამაძლიეროს..

- რა იყო ამ საშინელი ტრაგედიის მიზეზი?
- ცოლ-შვილი ჰყავდა დასავლეთში, ახალ წელს მათთან მიდიოდა, იანეთში იყო ჩასული, როცა მანქანიდან სიგარეტის საყიდლად გადმოვიდა და მოულოდნელად მანქანამ დაარტყა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს მისია მაკისრია არ დავეცე, არც სულიერად და არც ფიზიკურად, ეს პრეზიდენტობის კანდიდატობაც ერთგვარი ჩემი სულის პროტესტია... თუ დამიჯერებენ და თუ ენდომებათ, მართლა წავიყვან სიკეთისკენ სამშობლოს. რასაც ვუსურვებ ჩემს ოჯახს, იგივეს ვუსურვებ ჩემს სამშობლოს. მე ვამბობ ხოლმე, რომ მეუღლე მყავს და ორი ბავშვი. ჩემთვის ლევანი არსებობს, მართალია არის უფალთან, მაგრამ ამას შევეგუე.

- რა დაგეხმარათ, რომ გეპოვათ ძალა საკუთარ თავში?

-ბავშვები. მე სულით ვარ მებრძოლი, სპეციალურად არაფერს არ ვიგონებ, მხოლოდ ჩემს პასუხისმგებლობას ვგრძნობ... რასაც დამავალებენ, ყოველთვის ბოლომდე უნდა გავაკეთო. უფალმა რომ მომაბარა შვილი და შვილიშვილები, მე ისინი ბოლომდე უნდა მივიყვანო. თუმცა, გაორებული ცხოვრება მაქვს, ეკლესია, სასაფლაო და საზოგადო ცხოვრება... აქედან რომ წავალ, ჯერ სასაფლაოზე წავალ, მერე წვალ სახლში.

მარიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS