- ერთხელ ვაჟა-ფშაველას გამზირზე საჰაერო კოშკურა შევნიშნე. დამაინტერესა და ზევით ავძვერი, აღმოჩნდა, რომ მეტროს საჰაერო ჭაური ყოფილა. შემდეგ ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია ასეთ ადგილებზე და აღმოვაჩინე, რომ
- მიწისქვეშეთში, ალბათ, მისტიკური ადგილიც შეგხვედრია.
- მეტეხის ხიდთან გზას აფართოებდნენ და სამშენებლო ტექნიკამ გვირაბი ამოთხარა. შიგნით ჩავძვერი. კედელზე ბათქაშზე ეწერა - ''ბერია ცოცხალია – 1962 წელი''. ეს წარწერა რომ წავიკითხე, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ადრე ამ ადგილას სარდაფი იყო და ალბათ, ვიღაცამ დაწერა. ვაგზლის მოედანზეა ერთი გვირაბი, რომელიც კონსტიტუციის ქუჩაზე მთავრდება და ადრე იქ იყო ''ნკვდ''-ს საპყრობილე. გადმოცემით ვიცი, რომ იქ დღემდე არის ადამიანის ჩონჩხები, მაგრამ გვირაბი დატბორილია და შესვლას ვერ ვახერხებ. ერთხელ გარდაცვლილი ადამიანის ჩონჩხი ვიპოვე მეტეხის საავტომობილო გვირაბში, მიტოვებულ სათავსოებში. ალბათ, ორი წლის გარდაცვლილი იქნებოდა, როგორც ჩანს, ძილში მოკვდა. ჩემი მეგობრები იცნობდნენ, უპატრონო ადამიანი იყო. მათ გვირაბში შესვლისას ცოცხალი დახვდათ, მე - უკვე გარდაცვლილი.

- არასოდეს შეგშინებია?
- როგორ არა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვირაბში თოკებით ვეშვები. ამ დროს თავზე ფანარი მაქვს დამაგრებული. თბილისელი დიგერები კარგად ვართ ეკიპირებული. ამაში ფულს არავინ გვიხდის. საკუთარ ჭიას ვახარებთ და ცნობისმოყვარეობას ვიკმაყოფილებთ. ადამიანების დიდი ნაწილი თავისუფლად დადის თბილისის ქუჩებში და არ იციან, რომ მათ ქვევით გვირაბია. მაგალითად, ვარაზისხევის ქვევით უზარმაზარი გვირაბია, რომელშიც მდინარე მოედინება. გმირთა მოედნის ქვეშ დიდი დარბაზია, სადაც ასევე მდინარეა. რატომ გააკეთეს ეს დარბაზი, არ ვიცი. იქ ჩასვლა შემიძლია, მაგრამ საშიშია. შიგნით ხარ და არ იცი, გარეთ ამინდი როდის აირევა. კოლექტორის საშუალებით შეიძლება, უცებ წყალი მოვარდეს და რამდენიმე წამში მოგკლას. კიევში მოხდა მსგავსი შემთხვევა, რამდენიმე დიგერი იყო ჩასული მდინარის კოლექტორებში და ახლა იმ ადგილას მათი მემორიალური დაფები კიდია.

- ყველაზე ცუდ აურას თბილისში რომელი გვირაბი ატარებს?
- კრწანისში, შევარდნაძის რეზიდენციის ქვეშ, ბუნკერში ძალიან ცუდი აურაა. ტყვე გერმანელების აშენებულია. ამოსასვლელი ბეტონით არის დაფარული, მაგრამ არის ადგილი, საიდანაც შეღწევა შესაძლებელია. ეს ადგილი მე და ჩემმა მეგობარმა სეირნობისას აღმოვაჩინეთ. კლდეში პატარა კარია დამალული, ძალიან რომ მოგინდეს, ვერ შეამჩნევ. ჩვეულებრივი თავშესაფარია, უბრალოდ, კრწანისის რეზიდენციაში ამოდის. ყველაფერი გაძარცული დაგვხვდა. კაბელსაც კი ვერ იპოვი. წყალი მოედინება და წვეთების ხმა ისმის. დიდხანს თუ გაჩერდი, ჰალუცინა ციები გეწყება. ძალიან ცუდი გარემო იყო. წელიწად-ნახევრის წინ ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე დამიჭირეს, დასაკითხად წამიყვანეს. ეგონათ, რომ ჯართის მოსაპარად შევედი. ჩანთაში ეკიპირება რომ ნახეს, ვიღაცას დაურეკეს. ბოლოს მშვიდობით გამომიშვეს.

- რატომღაც მგონია, რომ მეტროს გვირაბებში საინტერესო არაფერი ხდება...
- პირიქით, ყველაზე საინტერესო ადგილია. ჰერმეტული კარებით, კომუნიკაციებითა და თავისი დანიშნულებით, რომელშიც მეც ვერ ვერკვევი. არსებობს რამდენიმე გვირაბი, სადაც აშკარა ჩიხია, მატარებელი არ მოძრაობს, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ააშენეს.
- ქვეწარმავლები თუ გხვდებიან გვირაბში?
- არა, ორმეტრიანი ვირთხები არ არსებობენ, ხალხს რომ ჰგონია, გვირაბებში დარბიან (იცინის). საჭმელი იქ არ არის, არაფერი, რა უნდათ ბეტონის კოლოფებში. კომუნისტების დროს გვირაბები ხარისხიანად არის აშენებული. სააკაშვილის დროს ბევრი გვირაბი მიატოვეს, მაგალითად, მეტროპოლიტენის მესამე ხაზის ობიექტების ნახევარი წყლით ამოავსეს და მიაგდეს. არადა, ამას სულ რაღაც 60 მილიონი სჭირდებოდა, ამ დროს, რამდენი ფული იხარჯებოდა ძეგლების დადგმაში.
- საქართველოში არსებობს გვირაბები, რითაც შეგვიძლია, ტურისტების ყურადღება მივიქციოთ?
- ბელორუსიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან ხშირად ჩამოდიან ჩვენი კოლეგა დიგერები და ერთად ვიკვლვევთ ობიექტებს. კვლევა საკმაოდ რთულია და ბევრ რამეს მოიცავს, ვზომავთ გვირაბებს, ვადგენთ ამოსასვლელებს, რადიუსებს. მალე სომხეთში ვაპირებ წასვლას, მეტროს ორი მიტოვებული გვირაბი უნდა მოვინახულო ერევანში.

- როგორ გამოიყურება მიწისქვეშა კოლექტორები?
- გვირაბში მოედინება მდინარე, რომელიც იზოლირებულია გარე სამყაროდან. ამ დროს სპეციალური ჩექმები გვაცვია და იმით გადავაადგილდებით. მეტრო ახმეტელის თეატრს აქვს მეორე მიტოვებული ამოსასვლელი, ფენოვანი ქანებია და იმსხვრევა. ზევიდან დიდი ლოდები ცვივა, ერთხელ ძალიან სახიფათო სიტუაციაში აღმოვჩნდით, რთულად დავაღწიეთ თავი. საქართველოში ჯერჯერობით ბევრი გვირაბია შეუსწავლელი, თუმცა, პირველ რიგში, მე მეტროს პირველი და მეორე ხაზები მაინტერესებს. მესამე ხაზი სრულად მაქვს გამოკვლეული.
- არსებობს თბილისში გვირაბი, რომელსაც სიამოვნებით მოინახულებდი, მაგრამ ოცნებად რჩება?
- მუხიანშია ასეთი ობიექტი. სპეციალისტები მეოცე ობიექტს ეძახიან. იქ შესვლა მხოლოდ საშვებით არის შესაძლებელი. საკმაოდ დიდი ობიექტია. ეს არის მეტროს დიზელ-გენერატორების ადგილი. თუ მოულოდნელად სინათლე გაითიშა, გენერატორები ირთვება და მეტრო სინათლით მარაგდება. როგორც ვიცი, 195-მეტრიანი საესკალატორო დაღმართია აშენებული და შიგნით სამი-ოთხი დარბაზია.
- რამდენად ხშირად ახერხებ გვირაბების მონახულებას?
- თვეში მინიმუმ ორჯერ. ჩვენ, დიგერებს, მეტსახელები გვაქვს, მე ფაბიანი ვარ და ჩემი მეგობარია პოლარისი. ძირითადად, ერთად დავდივართ.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''