დათო, მაკა, როგორ გაიცანით ერთმანეთი? როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულისა და ოჯახის ისტორია?
(მაკა): დათოს მეგობრის ძმა იყო ჩემი ჯგუფელი და მეგობარი. ერთად ვსწავლობდით სამედიცინო სკოლა
შემდეგ კიდევ შევხვდით, კიდევ და თანდათანობით ჩემი ჯგუფი და სამეგობრო ძალიან დავუმეგობრდით დათოს და მის მეგობრებს. ხშირად დავდიოდით ერთად − ხან სტუმრად ერთმანეთთან, ხან ექსკურსიებზე. ბოლოს ისე დავახლოვდით, რომ ჩვენი ჯგუფის ბანკეტზეც კი იყვნენ მოსულები და სხვათა შორის, დღემდე ყველასთან, ოჯახებთან ერთად ვმეგობრობთ.
დათო ყოველთვის აქტიური იყო − გიტარაზე უკრავდა, კარგი იუმორი ჰქონდა, მუდმივი თამადა იყო ყველა ჩვენს სუფრაზე; ექსკურსიებზე მწვადს გვიწვავდა ხოლმე. ასე, თანდათანობით, ჯერ დავმეგობრდით, დავახლოვდით და შემდეგ უკვე ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობა.

(დათო): ნამდვილად კარგი წლები იყო − სტუდენტობის პერიოდში უშუქობა და უტრანსპორტობაც კი არ გვაშინებდა. პირიქით − მიზეზი გვქონდა ხოლმე, ბოლომდე არ დავშლილიყავით და გოგონები შინამდე მიგვეცილებინა. ოღონდ, მე არ მიმართლებდა − მაკას ყოველთვის მშობლები აკითხავდნენ და მისი გაცილება ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე.
იმ პერიოდში მაკა ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, მე კი მაგისტრატურა დავამთავრე საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიწყე მუშაობა სტაჟიორად. ჰოდა, გაქანებული რომანის პერიოდში, როცა ჯერ ნორმალურად მაკას პასუხიც კი არ ვიცოდი, ორი თვით გამიშვეს სასწავლებლად შვეიცარიაში, ჟენევაში.

ვინც შვეიცარიაში ნამყოფია, ნამდვილად დამეთანხმება, რომ ძალიან ძვირი ქვეყანაა. იმ დროს არანაირი საკუთარი შემოსავალი არ მქონდა და მთლიანად სწავლის სტიპენდიაზე ვიყავი დამოკიდებული. ჰოდა ამ სტიპენდიას სრულად ვხარჯავდი სატელეფონო საუბრებში − მაშინ არ იყო მობილურები და ინტერნეტაპლიკაციები − ჩვეულებრივი, ოთახის ტელეფონით ყოველ საღამოს ვურეკავდი მაკას და საათობით ვლაპარაკობდით. მგონი დღესაც ვითვლები შვეიცარიის სატელეფონო კომპანიის ერთ-ერთ სამაგალითო კლიენტად და ჩემი გვარი ოფისში კედელზე აქვთ გამოკრული, მაგრამ ამის შედეგად, მთელი 2 თვე მარტო მოხარშული კვერცხით ვიკვებებოდი − მეტი ფული არ მრჩებოდა. დღესაც, მოხარშულ კვერცხს რომ მივირთმევ ხოლმე, ინსტინქტურად ჟენევა და მაკასთან დარეკვა მახსენდება. განაგრძეთ კითხვა: