31 ივლისი, 2018
"ედუარდ შევარდნაძის გარდა ყველა იყო ჩვენს ქორწილში, "კგბ"-ს უფროსიც კი" - ცნობილი წყვილის გარიგებით დაწყებული სიყვარულის ისტორია, რომელიც 16 წელია გრძელდება

ნინო ფურცელაძესა და კირილ ზაიაკინს თბილისში კარგად იცნობენ, ისინი ცნობილი მასაჟისტები არიან. უამრავი პოპულარული ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსები და ბიზნესმენები მათი კლიენტები არიან.
ალბათ ცოტა ადამიანმა იცის, რომ ისინი ცოლ-ქმარი არიან. თავიანთი სიყვარულის შესახებ, ისინი პირველად „რეიტინგს“ უამბობენ.

- ნინო, მოგვიყევი შენი და კირილის შესახებ...
- ორივე მასაჟისტები ვართ. კირილმა სკოლა რომ დაამთავრა, საქართველოში მასაჟისტობის განხრით ჩააბარა. შემდგომ კი რუსეთში სწავლობდა სამედიცინო ფაკულტეტზე.

რაც შემეხება მე, თავიდან ეკონომიურზე ჩავაბარე საქართველოში, მაგრამ შემდეგ რუსეთში წავედი, რადგან
ძალიან რთული პერიოდი იყო (1990-92 წლები). მიუხედავად იმისა, რომ ორივე რუსეთში ვსწავლობდით, ერთმანეთი იქ ვერ ვნახეთ. საქართველოში ჩამოვედი. კირილი უკვე ცნობილი პიროვნება გახლდათ და მეც ნელ-ნელა დავიწყე მოღვაწეობა.
ერთმანეთი გაგვირიგეს და ასე შეიქმნა ჩვენი ოჯახი. კირილის ნათლია ლაშა პაპაშვილია, ძალიან უნდოდა, ბედნიერი ყოფილიყო და სწორედ მან უთხრა, ცოლის მოყვანის დროაო.

მაშინ კირილი უკვე 34-35 წლის იყო, მე კი ერთხელ უკვე ვიყავი გათხოვილი. ისე მოხდა, რომ კირილი ჩემს დაქალთან მივიდა და უთხრა, ჩემი ნათლია „ძალიან მაწვება“ და მეუბნება, რომ ცოლად ქართველი ქალი უნდა მოვიყვანოო. ლაშას სურვილი იმიტომ იყო მისი ნათლულის ქართველ გოგონაზე დაქორწინება, რომ კირილი საქართველოში დარჩენილიყო.
სწორედ მაშინ გავიცანი კირილი, როცა ამერიკაში ვაპირებდი წასვლას. მე ზუსტად იმ პერიოდში ამერიკაში ვაპირებდი წასვლას და ვიზაც ჩარტყმული მქონდა. ჩემი შვილი, დათუნა მაშინ საკმაოდ პატარა იყო. დედაჩემის დეიდა და დეიდაშვილები „წითელ ჯვარში“ მუშაობდნენ.

საქართველოში მაშინ ინგლისური ძალიან ცოტამ იცოდა, თუმცა, ისინი ინგლისურს ძალიან კარგად ფლობდნენ. სწორედ „წითელი ჯვრის“ მეშვეობით მოხვდნენ ამერიკაში. მოკლედ, ისინი მეხმარებოდნენ ამერიკაში წასვლაში. როცა დედაჩემს ვუთხარი, გადაწყდა, მივდივარ თქო, თავი გაიგიჟა.

ჩემმა დაქალმა მითხრა, თუ გინდა აქედან ცოცხალი გახვიდე, უნდა დათანხმდე და გათხოვდეო. ვკითხე, ვის მივყვები, რას მივყვები, ვინ არის, რა არის, არ მინდა გათხოვება თქო. ჩემმა დაქალმა მითხრა, ორ-მეტრიანი, ტანადი, მუსკულებიანი ბიჭიაო. ვკითხე, რა ფერის თვალები აქვს მეთქი და ყავისფერიო. მეორე კითხვაზე დაიბნა და ვერ მპასუხობდა, თმები რა ფერი ჰქონდა. თურმე, თმა საერთოდ არ ჰქონდა. მგონი ამ კაცს დაბადებიდან არ აქვს თმა. ერთი ქორწილი გვაჭამე და ამერიკა არსად გაგექცევაო, ნუ, ასე შევრჩით მერე ერთმანეთს.

- როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა?

- 24 წლის პატარა გოგო ვიყავი და მენეჯერად ვმუშაობდი. ჩემმა დაქალმა მითხრა, შესვენებაზე მოვალთ მე და კირილიო, იქვე დამარიგა ცოტა გაიპრანჭეო. რომ იცოდეთ, იქ რეები ვქენი. კაფეში ვიცინე კი არა ვიკისკისე. ისეთი თემები გავუშვი, რომ ეფიქრა, არა რა, ამ გოგოს ცოლად არ მოვიყვანო. ჩემი დაქალი გამწვანდა ნერვიულობისგან. ასე შედგა ჩვენი პირველი შეხვედრა. დარწმუნებული ვიყავი, არ მოვეწონებოდი, სამი საათის შემდეგ დამირეკა ჩემმა დაქალმა, ვკითხე მოვეწონე-მეთქი და მითხრა, შენ წარმოიდგინე, მოეწონეო და ზუსტად ერთ თვეში დავქორწინდით.

- ხელი როგორ გთხოვათ?
- არაგვისპირში ვიყავით მეგობრები, იქ ჩამოვიდა კირილი, მაგიდაზე ფული დამიდო და მითხრა, ქორწილისთვის უნდა მოვემზადოთო და ასე დავქორწინდით.
კირილი მაშინ უკვე ძალიან ცნობილი მასაჟისტი იყო, ჯვარი სიონში დავიწერეთ, ედუარდ შევარდნაძის გარდა, ყველა იყო ჩვენს ქორწილში, მათ შორის „კგბ“-ს უფროსი, თბილისის მთავარი არქიტექტორი და ა.შ. ჯვარიც დავიწერეთ. ხელი კონკაზე მოვაწერეთ და იქ კიბიდან გადმოვვარდი.

Rating

- მას შემდეგ, რაც კირილს გაჰყევი, აქტიურად დაიწყე მასაჟისტის საქმიანობა?
- კირილი: მე და ნინოს საერთო ინტერესები, ხედვა და საქმიანობა გვქონდა. კლიენტებს ურჩევნიათ ერთი ოჯახი მოემსახუროს და მათთან იარონ, ვიდრე აქეთ-იქით ირბინონ.

- გოგოები რომ დადიოდნენ კირილთან მასაჟის გასაკეთებლად რეაქცია არ გქონდა? 

- როცა გავთხოვდი, მაშინვე შევთანხმდით იმაზე, რომ მე კაცებს მასაჟს არ გავუკეთებდი. ეს ტაბუდადებული თემა იყო. სწორად ვერ იგებენ და აქ გარყვნილებაზეა მინდობილი ეს ყველაფერი. გათხოვებიდან დღემდე მე კაცებთან მასაჟის თვალსაზრისით არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.

- ხომ ამბობენ, რომ სიყვარული დროთა განმავლობაში შეიძლება გახუნდეს. თქვენს შემთხვევაში როგორაა საქმე?
- კირილი: ნდობის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ერთმანეთს ძალიან მაგრად ვენდობით, რა საქმეც არ უნდა იყოს. ეს იქნება ბიზნესი, ახალი სამსახური, კლიენტი, თუ სხვა რამ. სიყვარულიდან გადავიდა ნდობაში, ერთგულებაში, ბიზნესში და ა.შ.

Rating

- არ გიფიქრიათ, რომ სხვა ქვეყანაში წასულიყავით?
- არა. თავიდან ამის მიზეზი ჩემი შვილი, დათუნა იყო, მინდოდა, საქართველოში ესწავლა. შემდეგ უკვე წლებმა მოიტანა თავისი და უკვე ძალიან რთული გახდა აბარგება და სადმე წასვლა. კირილი დადის ხოლმე უცხოეთში, მაგრამ დიდი ხნით არა.
დახვრეტაზე რომ მიდიხარ ხომ იცი, უცებ რომ უნდა დაგიმიზნონ ლულა და უეცრად სიცოცხლეს გჩუქნიან, სწორედ ასეთი სირთულის იყო ჩემთვის იმ პერიოდში გათხოვება.

- შენ არ გიეჭვიანია კირილის გოგო კლიენტებზე?

- თავიდან იყო შემთხვევები, ოღონდ 1 წლის მანძილზე, სანამ უკეთ გავიცნობდი. მხოლოდ 1 თვე ვიარეთ და ეგრევე დავოჯახდით, რადგან ეს გარიგება იყო. ვფიქრობდი, ჩემ დაქალებს ვასიამოვნებ და კარგ ქორწილს გადავიხდითთქო, მაგრამ 16 წელი შემოვრჩით მე და კირილი ერთმანეთს, ისეთ ჭკუაზე ვიყავი ქორწილის შემდეგ, რომ ვიფიქრე ერთ-ორ კვირაში ამერიკაში წავალ-თქო (იცინის).

24 წლის გოგო, რომელიც პირველად 17 წლის ასაკში გათხოვდა და 19-20 წლისას ოჯახი დაენგრა, 4 წელიწადში ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას იღებ, რთულია. თან სხვა რანგის ხალხთან მიწევდა ურთიერთობა, მაგალითად მინისტრებთან. ხასიათზეც რომ არ იყო, არ უნდა შეიმჩნიო, რადგან ეს არავის არ აინტერესებს. შეიძლება, კირილი ძალიან ცუდად გრძნობდეს თავს, მაგრამ ადამიანმა ვერც იგრძნოს მისი ცუდად ყოფნა. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე მისგან.

- არის რამე, რაც თქვენს ურთიერთობას აკლია სრულყოფილებისთვის?

- კი, ბავშვი აკლია, მაგრამ ასე მოხდა.

ნათია ხუნაშვილი





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანა
ძალიან მიყვარხართ
18:53 / 01-08-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS