11 ივნისი, 2018
„ვიამაყე, ამდენი უნაკლო შემსრულებელი ერთ კონკურსში იშვიათად მომისმენია“ - როგორ აფასებს მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე ქართულ სატელევიზიო შოუებს
ქართულ სატელევიზიო სივრცეში მუსიკალური შოუები თითქმის ყველა სეზონზე გადის, თუმცა, ახლა განსაკუთრებით ცხელი სეზონია, ზუსტად ერთ დროს, ორ მთავარ არხზე ორი მუსიკალური პროექტი, „მხოლოდ ქართული“ და „იქს ფაქტორი“ გადის. მუსიკალური პროექტების შეფასება, „რეიტინგმა“ მუსიკოს რუსუდან მუმლაძეს სთხოვა.

- ქალბატონო რუსუდან, რა მნიშვნელობა აქვს მუსიკალურ სატელევიზიო შოუებს ახალგაზრდებისათვის და მუსიკის განვითარებისთვის?

- ძალიან კარგია, რადგან ნიჭიერ ახალგაზრდებს ეძლევათ ასპარეზი გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. კონკურსი კონკურსია და შეიძლება იყოს გულისწყვეტაც, ხანდახან უსამართლობაც. რასაკვირველია ყველა გამარჯვებული ვერ იქნება, მაგრამ
თითოეული კონკურსანტი აუცილებლად შეიძენს გამოცდილებას სცენაზე დგომის, ბენდთან თუ ორკესტრთან მუშაობის, მიეჩვევა კონკურენციას. რაც შეეხება ამ შოუების როლს მუსიკის განვითარებაში, ვფიქრობ, კარგია იმ კუთხითაც, რომ ქართველი მსმენელიც მეტად მიეჩვევა კარგი მუსიკის და შემსრულებლის აღქმას. რადგან რადიო-ტელევიზიებიდან, სამწუხაროდ,  ხშირად გვესმის მდარე მუსიკა და შესრულებაც. ერთადერთი, რაც არ მომწონს, ეს არის ესემესებით თუ ზარებით კონკურსანტის პროექტში დარჩენა არ დარჩენის საკითხი, მაგრამ ალბათ ესეც ტელევიზიის ნაწილია და ვერ გავექცევით.


- როგორ შეაფასებთ მიმდინარე მუსიკალურ შოუებს „ იქს ფაქტორს’’ და „მხოლოდ ქართულს?“


- მე უპირველესად ქართული მუსიკის გულშემატკივარი ვარ. ამიტომ აქამდე უფრო ინტენსიურად ვადევნებდი თვალ-ყურს „მხოლოდ ქართულს“, რადგან ძალიან მაინტერესებდა ქართული სიმღერისადმი კონკურსანტების მიდგომა. აქვე გეტყვით, რომ მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება მაქვს და უამრავ ბავშვს გაუვლია ჩემს ხელში. ყველამ ვიცით, სამწუხაროდ, ახალგაზრდების ნაკლები ინტერესი ქართული მუსიკისადმი. თუ რამ გამოიწვია, ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს... თამამად შემიძლია გითხრათ, მიუხედავად წინააღმდეგობისა, სულ ვცდილობდი მოსწავლეებისთვის საინტერესოდ მიმეწოდებინა,  როგორც კლასიკად ქცეული, ასევე თანამედროვე ქართული სიმღერები. უცხოურიც იმღერონ. რატომაც არა?!

ძალიანაც მომწონს, მაგრამ მათი მუსიკალური განვითარების საწყისი, აუცილებლად უნდა იყოს საკუთარი, ქართული. ჩემი საავტორო კონცერტიც, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში ჩატარდა, მთლიანად ქართულ რეპერტუარს დავუთმე და კონცერტის დასაწყისშივე გამოვაცხადე, რომ მიუხედავად ჩემი მრავალფეროვანი რეპერტუარისა, მხოლოდ ქართულ სიმღერებს შევასრულებდი. ჰოდა, თუ ეს ყველაფერი ვინმეს სათავისოდ ენიშნა და ზოგადად, კარგ საქმეს გამოადგა, მე მხოლოდ მივესალმები (იცინის). არც ისე დიდი ხნის წინ, ყველას კარგად გვახსოვს კონკურსების შესარჩევ ტურებზე, ზოგიერთებს „ეგოიმებოდათ“ ქართული სიმღერის შესრულება. ახლა კი იდეა „მხოლოდ ქართული“ რომ კარგია, ყველანი ვთანხმდებით (იცინის).


რაც შეეხება იქს ფაქტორს, აქამდე ნაკლებად ვადევნებდი თვალ-ყურს. რადგან მთხოვეთ ამ თემებზე კომენტარი, გუშინ ჩავუჯექი და წლევანდელი“ იქს ფაქტორის“ ყველა ვიდეო ვნახე. მართლა აღვფრთოვანდი. ვიამაყე! სიხარულის ცრემლიც კი გადმოვაგდე. არ ვიცი, ამდენი უნიჭიერესი, უძლიერესი, ჩამოყალიბებული მომღერალი უნაკლო შესრულებით, განურჩევლად ასაკისა, ერთ კონკურსში იშვიათად მომისმენია.

თუ „მხოლოდ ქართულში“ რამოდენიმეს გამოვარჩევ, „იქს ფაქტორში“ მართლა ვერ გამოვარჩიე. ჟიურის წევრები და მსმენელი ვერ მალავენ აღტაცებას. მარტო შესრულება? არტისტიზმი, სცენური თავისუფლება, თავდაჯერებულობა. ყველაფერი აქვთ შერწყმული ერთად. დარწმუნებული ვარ, ეს ბავშვები ქართულ რეპერტუარსაც ასევე უნაკლოდ შეასრულებენ. ზუსტად ვიცი! აქედან დასკვნა, კონკურსანტების შერჩევა არც ისე იოლი საქმეა... მიკერძოებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს! საშუალო მონაცემების მქონე მონაწილეს რომ ათიანს დაუწერ, მასზე ნიჭიერი, კონკურსის წესების გათვალისწინებით შესაძლოა დაიჩაგროს. მოკლედ, ორშაბათიდან „იქს ფაქტორის“ მაყურებელი ვხდები. „მხოლოდ ქართულის“ ჩანაწერს კი შემდეგ ვნახავ.

- რამდენად ობიექტურები არიან ჟიურის წევრები?


- როგორც კონკურსანტებში, ასევე ჟიურიშიც მყავს ჩემი ფავორიტები (იღიმის), როგორც მუსიკოსისთვის, კონკურსანტის შეფასებისას, ჩემთვის საინტერესოა მოქმედი მუსიკოსების კომენტარი, რომლებიც ორივე პროექტის ჟიურიში არიან. პირდაპირ გეტყვით: ვინც მომღერალია, პიანისტია და მუსიკას ქმნის. ძნელი მისახვედრი არ არის, რომელთაც ვგულისხმობ. მათგან ნამდვილად ველი ობიექტურ შეფასებებს და ასეც არის. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ადამიანი, რომელიც თავად ასრულებს მუსიკას, უფრო სიღრმისეულად შეაფასებს სხვის მუსიკალურ შესაძლებლობებს. „ყოფილი მუსიკოსების“ აზრი კი ნაკლებად მაინტერესებს.


- ხანდახან კრიტიკული ხართ „მხოლოდ ქართულის“ შეფასებისას...

- თუ კრიტიკაში ჩემს სამ სიტყვიან იუმორნარევ სტატუსს: „მუსიკის წვალება აკრძალულია“ გულისხმობთ, რომელიც პროექტის დასაწყისში ჩემს ფეისბუკ გვერდზე დავწერე, ახლა უფრო ზუსტად განვმარტავ. კარგია, რომ მკითხეთ (იღიმის). მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა მუსიკოს - ზვიად ბოლქვაძის მიმართ, განსაკუთრებით ავღნიშნავ მის მოღვაწეობას საგუნდო მუსიკის ჟანრში. ამ კონკურსში მისმა მცდელობამ, ქართული სიმღერები ახლებური ვერსიით და არანჟირებით მიეწოდებინა მონაწილეებისთვის და მსმენელისთვის, დასაწყისში არ გაამართლა, (რამოდენიმე სიმღერამ განსაკუთრებით) ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. სხვებიც აღნიშნავდნენ. უდავოდ, მომხრე ვარ და მივესალმები ნოვაციებს, ჰარმონიაში, არანჟირებაში, შესრულებაში, თუმცა, მიმაჩნია, რომ „სიახლე სიახლისთვის“ არ უნდა იყოს. კარგია, რომ ხალხის აზრი გაითვალისწინეს და ეს ყველაფერი თანდათან დაიხვეწა. რაც შეეხება რეპერტუარის შერჩევას, ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი აზრით, ზოგიერთ მონაწილესთან ცუდად იყო შერჩეული. ზოგადად კრიტიკა, მითუმეტეს პროფესიონალებისგან მისაღებია და მეც გამითვალისწინებია ჩემს შემოქმედებაში.

- ვინ არის თქვენი ფავორიტი „იქს ფაქტორში“ და „მხოლოდ ქართულში?“

- „მხოლოდ ქართულში“ თავიდანვე გამოვარჩიე სამი მონაწილე: სოფო ბათილაშვილი, ერთადერთი, რომელიც პირველივე ტურიდან დეტონაციების გარეშე მღერის. თავიდან სხვა მომღერლის მიმბაძველობის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ გამოასწორა. ძალიან კარგი გოგოა! ალექსანდრე მრელაშვილი, ხალასი, ყოველთვის გულიანი შესრულებით და კოსტანტინე კარანაძე, მიუხედავად ხარვეზებისა, მომწონს სცენაზე მისი ქარიზმატულობით და ორიგინალურობით.
ოოო, „იქს ფაქტორში“ ყველა გამორჩეულია! მაგრამ მაინც მყავს რჩეულთა შორის რჩეულნი. ია ტომაში, შესანიშნავი ვოკალური მონაცემებით, მომნუსხველი შესრულებით და არტისტიზმით. ძალიან საინტერესო მომღერალია - თამუნა გიორგაძე. განსაკუთრებულად მომწონს მისი მუსიკალური აზროვნება და კულტურა, რომელიც ნათლად ჩანს მის შესრულებაში. ბავშვებში ვგულშემატკივრობ ლიკა თუთისანს. გორის გოგონათა კაპელა, რომლის ასეთი წარმატება თანაფარდობით 50/50 განპირობებულია ხელძღვანელის, უმაგრესი ლოტბარის თანამონაწილეობით. ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ!

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS