- სკოლის დამთავრების შემდეგ არქიტექტურულზე ჩავაბარე, ორი წელი ვსწავლობდი, მაგრამ ქვეყანა დაინგრა და ამიტომ გადავწყვიტე სწავლა დიზაინის ფაკულტეტზე
- 90-იან წლებში ბიჭის დიზაინერობას ოჯახი ალბათ ძალიან რთულად აღიქვამდა, თქვენი ოჯახი როგორ შეხვდა ამ არჩევანს?
- არანაირი უარყოფითი რეაქცია არ იყო. არც არასდროს ჩარეულან ჩემს საქმეში და ამჯერადაც მშვიდად მიიღეს ჩემი არჩევანი. მე და ჩემმა მეგობრებმა გავაკეთეთ ავანგარდული მოდის პირველი ფესტივალი. მე ვიყავი ორგანიზატორი და სწორედ აქედან დაიწყო საქართველოში მოდის ინდუსტრია. ამ ფესტივალის შექმნის იდეა გელა კუპრაშვილს ეკუთვნოდა, ბალტიისპირეთში იყო ჩასული და როცა იქედან დაბრუნდა, თქვა ფესტივალი გავაკეთოთო. ორი წელი ვატარებდით ფესტივალს, მერე უკვე ფინანსური კრიზისი დაგვიდგა და ვეღარ გავაგრძელეთ.
ფინანსურად არავინ გვეხმარებოდა, დამფუძნებლები ვხარჯავდით, რაც გვქონდა, უფრო ენთუზიაზმით ვმუშაობდით. ბევრმა ქართველმა დიზაინერმა სწორედ აქ აიდგა ფეხი, მაგალითად ავთო ცქვიტინიძე პირველად ამ ფესტივალზე გამოჩნდა, ზალიკო ბერგერი და სხვები. მასშტაბური ფესტივალი იყო, ხალხი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდა ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.
- თქვენ რა კუთხით მუშაობდით ამ ფესტივალზე?
- ბევრი პროფესიონალი დიზაინერი არ იყო მაშინ საქართველოში, მე ფესტივალის მხატვრულ მხარეზე ვმუშაობდი, რჩევებს ვაძლევდი დიზაინერებს, როგორი სახე ექნებოდა საბოლოოდ კოლექციას. ბევრი ინფანტილური იდეით მოდიოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისე გვინდოდა ამ საქმის კეთება ყველაფერი გამოგვდიოდა.
პირველად ფესტივალი 1995 წელს ჩავატარეთ, გახსოვთ ალბათ რა დრო იყო, რა ხდებოდა ქვეყანაში, ყველაფერს უფასოდ ვაკეთებდით. მაშინ გაჩნდა სამოდელო სააგენტო „ნატალი“, არა ერთმა ცნობილმა მოდელმა სწორედ მაშინ აიდგა ფეხი. ძირითადად კეთილი სურვილებით ვაკეთებდით ამ საქმეს, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ფულის გამო „გვახრჩობდა“. დღეს რომ იგივე მასშტაბის ფესტივალი გააკეთო, გაცილებით ძვირი დაჯდება. ძალიან დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, მეორეც, ძალიან რთულია გაიკვალო ამ დროში გზა, უკვე სხვა რაღაც სირთულეებს შეასკდები, რომლებიც დღეს გადაულახავად მეჩვენება, მაშინ არ იყო ეს. კი გვაქვს ქვეყანაში ორი მოდის კვირეული, მაგრამ ავანგარდული მოდა არ არის ბიზნესზე გათვლილი და არც მარტივად შესაქმნელი არ არის ავანგარდული სამოსი. ბაიარებს არ აინტერესებთ ასეთი სამოსი, მოტივაციაც აღარ აქვს ხალხს ასეთი საქმე გააკეთოს.
თვალს ვადევნებ აკადემიის სტუდენტებს და კრეატივი არ აკლია ახალ თაობას, ჩვენს დროს თუ მხოლოდ ვხატავდით და შეხება არ გვქონია ნაჭერთან, დღეს გაცილებით კარგი სწავლის პირობები აქვთ, მაგრამ ბევრი უნდა გადაუხადო დიზაინერს ავანგარდული სამოსისთვის.

- თქვენს დროს როგორ ისწავლებოდა დიზაინი?
- ჩემს დროს ისწავლებოდა ქაღალდზე. იმიტომ რომ მასალა არ არსებობდა ფაქტიურად. მასალაზე შეხება მქონდა დიპლომი როცა გავაკეთე მაშინ, მანამდე ბიაზის მეტი არაფერი მჭერია ხელში. ტყავის და ფეხსაცმლის დიზაინზე ვსწავლობდი, მაგრამ ტყავის მასალაზე მუშაობა წარმოუდგენელი იყო. დღეს რამდენიმე ჩემი ყოფილი ჯგუფელი ასწავლის სამხატვრო აკადემიაში და სხვანაირად მიყავთ კურსი. იდეების დონეზე განვითარებას ასწავლიან, ვთქვათ მოცემულობა არის ბოთლი, ამის მიხედვით ხდება კოლექციის განვითარება. დიზაინერობა არის იდეა და თუ ამ იდეას ტექნიკურად ვერ მოარგებ კონსტრუქციას, გაუმართლებელია. განაგრძეთ კითხვა: