21 მაისი, 2013
თაკო ჩარკვიანს მომავალი მეუღლე გივი სიხარულიძემ გააცნო
კარი რომ გავაღე, პირველი რაც გავაკეთე, თვალებზე დავაკვირდი, მართლა ცისფერი თვალები აქვს და სიმპათიური თუ არის-მეთქი. ჯანსუღ ჩარკვიანის შვილს, თაკო ჩარკვიანს, არ უყვარს ძვირფასი ნივთები და მდიდრულად მოწყობილი ბინა. ისეთი ბინები, სადაც ყველაფერი ძალიან ძვირფასია და შეხება არ შეიძლება, რომ არ გაფუჭდეს. ფიქრობს, რომ დიდ სიმდიდრეში არასდროს იბადებიან გენიოსები. ფინანსურად არასდროს უჭირდა, მაგრამ აქვს უბრალოდ მოწყობილი ბინა, სადაც მისი მეგობრები ხშირად იკრიბებიან.


როგორ გადაურჩა საქართველო „სუხოი ზაკონს“

Rating- ჯანსუღ ჩარკვიანისა და ნოდარ დუმბაძის სახალისო და
ისტორიული ფოტო ვისი გადაღებულია?

- ფანტასტიკური ადამიანის, გუგულა გიორგაძის, რომელიც მამას მეგობარი გახლდათ. პროფესიით მძღოლი იყო. სურათი საგურამოშია გადაღებული. გაგანია კომუნისტობის დროს. ძალიან ბევრი საარქივო ფოტო მისი გადაღებულია. ორივეს ამ პერიოდში ინფარქტი ახალი გადატანილი ჰქონდა.
- ნამგალი სავარაუდოდ არ ჰქონდათ.
- როგორც ჩანს, არ ჰქონდათ და ქაფჩით და ჩაქუჩით გადაიღეს სურათი.
- ამ ფოტოს გამო შეიძლება, დასჯილიყვნენ კიდეც.
- თავისუფლად შეიძლებოდა ასე მომხდარიყო. მათ თაობაში ძალიან ბევრი დასჯილა ფოტოს და მსგავსი ხუმრობის გამო. ჯანსუღს ეს არ ადარდებდა. ერთხელ ლიგაჩოვი იყო ჩამოსული. ამბობდა, საქართველოში „სუხოი ზაკონი“ უნდა დამტკიცდესო. ჩატარდა კრება, სადაც ინტელიგენციაც მიიწვიეს. მამას მეგობარი ჰყვება ხოლმე, უცბად კრებაზე ჯანსუღის ხმა გაისმა, „ნუ აჰყვებით ლიგაჩოვს, ქაქის ჭამას მიგაჩვევთო“. თურმე მთელი დარბაზი ხარხარებდა. ლიგაჩოვს უთქვამს, გადამითარგმნეთო. უშიშროებიდან ვიღაცას დაუძახია, არ გადაუთარგმნოთო. ბოლოს ლიგაჩოვის დაჟინებული თხოვნით, უთარგმნიათ. ლიგაჩოვს გაუცინია, რამდენად ეცინებოდა, არ ვიცი. სავარაუდოდ, სიმწრის სიცილი იყო... ნოდარ დუმბაძისა და ჯანსუღისთვის კალამი ნამდვილი იარაღი იყო და ხუმრობით სიმართლის თქმას ხშირად ახერხებდნენ.
- მომდევნო ფოტოზე ვისაუბროთ.
Rating- ეს ფოტო გურამ თიკანაძემ გადაიღო. მამა ცხენის ძუას ეჭიდებოდა და ისე ადიოდა მყინვარწვერზე. გურამმა ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვა.
- მამაზე ბევრს ვსაუბრობთ და დედა ცოტა დაგვეჩაგრა. შემდეგ ფოტოზე თქვენი ოჯახია და როგორც მითხარით, ეს ფოტო ძალიან გიყვართ.
Rating- დედა, ირმა ჩხეიძე, ულამაზესი ქალი იყო. ამ ფოტოზე მე ჯერ დაბადებული არ ვიყავი. ჩვენი ოჯახის ყველა ფოტო მიყვარს, რომელიც ჩემს დაბადებამდეა გადაღებული. სულ მაინტერესებს, ჩემს დაბადებამდე რა და როგორ იყო. მამუკას ვაკვირდები ხოლმე, როგორი საყვარელია. დედა ძალიან პატარა იყო, 19 წლის, მამუკა რომ დაიბადა. დედა და მამა თვრამეტი წლის ასაკში შეუღლდნენ. ძალიან კარგი ოჯახი მოიტანეს დღემდე.
- შვილებს მამუკა და თაკო რატომ დაგარქვეს?
- დედას თურმე ძალიან უყვარდა სახელი მამუკა და ბიჭი რომ დაიბადა, დაარქვეს. მამა ამბობს ხოლმე, სახელი თამარი ძალიან მიყვარდა, დაემთხვა და დედაშენის დედასაც თამარი ერქვაო. მამუკა ბავშვობაში თაკუჩას მეძახდა და შემრჩა ეს სახელი. რომ გავიზარდე, ყველა თაკოს მეძახის.
- მომდევნო ფოტოდან ჩანს, რომ როგორც ყველა ბავშვს, თქვენც ძალიან გყვარებიათ სათამაშოები.
Rating- განსაკუთრებით ის თოჯინა მიყვარდა, რომელიც ფოტოზე მყავს ჩახუტებული. სურათი მამაჩემის დედის სახლშია გადაღებული. ისინი ჯაფარიძის, ახლანდელი პაოლო იაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ძალიან საინტერესო ქუჩაა. პოეტ კარლო კალაძეს, პაოლო იაშვილს, მარიჯანს, ჯანსუღ ჩარკვიანს, გიგა ლორთქიფანიძეს ამ ქუჩაზე ჰქონდათ თავი მოყრილი. მახსოვს, იმ სახლის ეზოში ორი ვეებერთელა კვიპაროსი იდგა. ბავშვობიდან ფიქრი მიყვარდა. კარგად მახსოვს, რომ შებინდდებოდა, კაცებივით დარჩებოდნენ ხოლმე ეზოში. დილით რომ შევხედავდი, სულ მეგონა, რომ ის სიმშვიდე და ის სევდა აღარ ჰქონდათ, რაც ღამით.
- ახლა ის კვიპაროსები კიდევ დგას ეზოში?
- რამდენიმე წლის წინ ვიკითხე და მითხრეს, ძველებურად დგას ორივე ხე ეზოშიო.

„ნუდარ დუმბაძე თაკუნიას მეძახდა“

- თქვენს ალბომში ჯანსუღ ჩარკვიანისა და მამუკას ერთად გადაღებული ბევრი ფოტოა.
Rating- ერთად დიდ დროს ატარებდნენ. მამუკა, ჩემი აზრით, მამას ძალიან ჰგავს.
- თქვენ ვის ჰგავხართ?
- ორივეს ვგავარ, მაგრამ ამბობენ, რომ ყველაზე მეტად მამაჩემის დედას ვგავარ. პისტი გელოვანს.
- პისტი ნამდვილი სახელია?
- ბერძნული წარმომავლობის სახელია.
- თქვენს გენში ბერძნული სისხლიცაა?
- უბრალოდ, ბებიას ბერძნული სახელი ერქვა.
- როგორც ჩანს, ბავშვობაში ხშირად დადიოდით ქაშუეთში. ამ ეკლესიასთან ბევრი ფოტო გაქვთ გადაღებული.
Rating- კომუნისტური ეპოქის დროს შეზღუდული იყო, მაგრამ მე და მამუკა მამას სულ დავყავდით ეკლესიაში. ჯანსუღს არაფრის არ ეშინოდა. ვერ ვიტყვი, ყოველ კვირას მი-ვდიოდით-მეთქი წირვაზე. კვირა დღეს მამას ქეიფი და დროსტარება უყვარდა, მაგრამ ძალიან ხშირად ხან ქაშუეთში მივყავდით და ხან სიონში. ხშირად ჩვენთან ერთად მოდიოდა გულდა კალაძე, პოეტ კარლო კალაძის და, რომელიც ჩემი ნათლია იყო.
- რომელი სკოლა დაამთავრეთ?
Rating- ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ათწლედი დავამთავრე. სურათი მეთერთმეტე კლასში მაქვს გადაღებული. საგურამოში ნოდარ დუმბაძესთან ვიყავით სტუმრად. ძალიან მიყვარდა ნოდარ დუმბაძე. ის სითბო მიყვარდა, რაც მის მწერლობაში იგრძნობა. ნაწარმოებებშიც სულ მზეს რომ ახსენებს, ცხოვრებაშიც მზეს ასხივებდა. თაკუნიას მეძახდა. ეს კაცი თავისი მწერლობით ძალიან მიყვარდა და მიყვარს.
- ისეთ გარემოში იზრდებოდით, შეუძლებელი იყო, წერა არ დაგეწყოთ და ასეც მოხდა.
- მეთერთმეტე კლასში პატარა მოთხრობებს უკვე ვწერდი. მაგრამ მაშინ მხოლოდ დედამ იცოდა. მოგვიანებით ჯანსუღსაც წავაკითხე.
- სკოლაში კარგად სწავლობდით?
- 61-ე სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი და მუსიკალურ ათწლედშიც. კლასში ყველა კარგად ვსწავლობდით. ჩვენგან ძალიან ბევრი კომაროვში გადავიდა. 61-ე სკოლაში იმდენად კარგად ვსწავლობდი, რომ დედაჩემს გული ეთანაღრებოდა, მუსიკალურ ათწლედში რომ გადავედი. ბებიამ მათემატიკა კარგად იცოდა და მისი წყალობით მეც კარგად ვიცოდი. დედას ძალიან უნდოდა, სამედიცინოზე ჩამებარებინა, მაგრამ ექიმობა არასოდეს მნდომებია. სულ წერის სურვილი მქონდა. მამუკა მეუბნებოდა, წერას ჰყავხარ ატანილი და გამოაქვეყნეო. მამუკას დიდი დამსახურებაა, რომ ბოლოს გავბედე და ჩემი მოთხრობების კრებული გამოვეცი.

რატომ გვაქვს ქართველებს დიდი ამბიცია, რომ მაგრები ვართ

- შემდეგი ფოტო სადაა გადაღებული?
Rating- ვაჟაობაზე გადამიღეს. მამას ყოველთვის დავყავდით ჩარგალში ვაჟაობაზე. ხელში, მგონი, ბაბუაწვერა მიჭირავს.
- ფოტოზე თქვენთან ერთად ვინაა?
- მისი სახელი არ მახსოვს. თუმცა მაშინ ყველა ერთად კარგ დროს ვატარებდით. აშკარად ჩარგალში მცხოვრებია. ფშაველი ქალისთვის დამახასიათებელი გარეგნობა აქვს.
- საქართველოში ბევრს მოგზაურობდით?
- მამას დამსახურებით საქართველოს თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული მაქვს შემოვლილი. ერთხელ ნოქალაქევშიც კი ვიყავით. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ნანახმა. ქართველს უნდა ანახოეს ყველაფერი, რომ მიხვდეს, რამხელა კულტურის მატარებელი ერი ვართ. ზოგიერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას ღამის ქოთნები რომ ჰქონდათ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ჩვენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე წყლის გაყვანილობა გვქონდა. კანალიზაციაზე აღარაფერს ვლაპარაკობ. თუნდაც იყალთოს აკადემია რად ღირს. შეიძლება, ქართველებს ყოველთვის დიდი ამბიცია იმიტომ გვაქვს, რომ მართლა ძალიან დიდი კულტურის შვილები ვართ.
- მითხარით, დედას გული სწყდებოდა, კონსერვატორიაში რომ ვაბარებდიო. თქვენ ბოლომდე კმაყოფილი დარჩით არჩევანით?
Rating- ძალიან მინდოდა კონსერვატორიაში ჩაბარება. მუსიკა დიდ შრომას მოითხოვს. თუ პიანისტი გინდა გამოხვიდე, ეს შვიდ-რვასაათიან შრომას გულისხმობს. ამდენი ხანი მუსიკაში მეცადინეობა ჩვენი ოჯახის პირობებში შეუძლებელი იყო. სტუმართმოყვარე ოჯახი ვიყავით. ვერაფრით ვიქნებოდი ინსტრუმენტთან რვა საათის განმავლობაში. ჩემი და ჩემი ძმის ცხოვრების წესი კითხვა იყო. ყველაფერი უნდა წაგვეკითხა, რაც სახლში გვქონდა. თუმცა ტვინში ყოველთვის მქონდა ის იდეა, რომ კარგად უნდა მესწავლა. კონსერვატორია კარგად დავამთავრე. მუსიკა დიდ სტაბილურობას მოითხოვს და მე ამ სტაბილურობაზე არასდროს მიფიქრია. რომ არ მოგატყუო, ჩემი შვილი, ირმა მეცოდებოდა ამ ყველაფრისთვის. უბრალოდ, ხუთი წლიდან მუსიკა აირჩია. ირმა მუსიკით არსებობს და მუსიკით ცხოვრობს. მე არ ვცხოვრობ მუსიკით.
- როგორ გაიცანით მეუღლე, ჯონი გიგანი?
- ერთმანეთი გივი სიხარულიძემ გაგვაცნო. ჯონი წყნეთში მეგობართან, გოგი თოფაძის შვილთან ადიოდა. გივი დაემგზავრა, რომ თავისი მეგობარი ენახა. მე წყნეთში მამუკას შვილი ირინოლა მყავდა აყვანილი ერთი დღით. კარი გავაღე, რომ სახლში სუფთა ჰაერი შემოსულიყო. კარი რომ არ გამეღო, ჩემს მეუღლეს ვერ გავიცნობდი. გივი თავისი მეგობრის კოტეჯს ეძებდა. ხმაზე ვიცანი და მივასწავლე სად ცხოვრობდა მისი მეგობარი. ჯონი საჭესთან იჯდა. ამასობაში, ვისთანაც გივი მიდიოდა, მანქანით ჩამოდიოდა და სრულიად შემთხვევით ჩემს ჭიშკართან შეხვდნენ და დაიწყეს საუბარი. ამასობაში მეგობრებმა, რომლებიც წყნეთში იყვნენ, გაიგეს, რომ მეც ავედი და მესტუმრნენ, მათ შორის იყო პოეტი დათო მაღრაძე, რომელიც მოგვიანებით ჩემი მეჯვარე გახდა. გივის მეგობარი ცოლ-ქმარიც ჩვენი ნაცნობები იყვნენ და შესაბამისად, ყველა ჩემს კოტეჯში შემოვედით. ჯონი უნდა წასულიყო თავის მეგობართან, მაგრამ გივის უთხრა, თუ შეიძლება, არ წავალ და შენთან ერთად შემოვალო. მხოლოდ ყავა მქონდა, მაგრამ ნამდვილი ქეიფი გავმართეთ. გიტარა მოიტანეს მეზობლებმა, და კარგად ვიმხიარულეთ. იმ საღამოს ჯონი სხვებისგან გამორჩეულად არ დამმახსოვრებია. მეორე დღეს კოტეჯთან მანქანა გაჩერდა და ირინოლამ მითხრა, თაკ, იცი, ვინ მოვიდა, გუშინ გივისთან ერთად სიმპათიური ცისფერთვალება ბიჭი რომ იყოო. ამ ფრაზამ ყველაფერი განაპირობა. კარი რომ გავაღე, პირველი რაც გავაკეთე, თვალებზე დავაკვირდი, მართლა ცისფერი თვალები აქვს და სიმპათიური თუ არის-მეთქი (იცინის). უზარმაზარი პარკი ყავით და შოკოლადებით ჰქონდა სავსე. ვთქვი, რა ამბავია, ამდენი შოკოლადი და ყავა-მეთქი და იხუმრა, უფრო დიდხანს გაგახსენდებიო. მერე მთელი ზაფხული არ გამოჩენილა, მაგრამ რამდენჯერაც მის მოტანილ ყავას დავლევდი ან შოკოლადს გავხსნიდი, მახსენდებოდა (ფიქრობს). მერეც გაინტერესებთ, რა მოხდა?
- დიახ, მოგვიყევით...
Rating- ერთ დღეს მამაჩემთან გივი სიხარულიძემ დარეკა. თაკოსთან მაქვს საქმეო. ტელევიზიაში ვმუშაობდი. საავტორო გადაცემა მქონდა, „კოლაჟი“. მითხრა, სასტუმრო „საქართველოში“ გენერალურ დირექტორად დავიწყე მუშაობა, დიდი პრეზენტაცია კეთდება და იქნებ და-გვეხმაროო. ასეთი რამ ბევრს უთხოვია, არაფერი გამკვირვებია. მითხრა, შენი მეგობარი გოგოებიც წამოიყვანე ტელევიზიიდან, სერიოზული მუშაობაა ჩასატარებელიო. სასტუმროში რომ მივედით, გივი შეგვხვდა და ყველაფერი ისე „ჩაატარა“, რომ ერთი წუთით ეჭვი არაფერში შემპარვია. ნანა გერასიმოვამ ყველაფერი დახატა და ფერები შეარჩია და მაკა ბახტაძემ ლამის გადადგა სასტუმრო „საქართველო“. ბოლოს გივიმ მითხრა, ყველაფერი სასტუმროს პრეზიდენტთან შეათანხმეთო. პრეზიდენტთან სამი მეგობარი შევედით და ჯონი გიგანი დამხვდა. კინაღამ გავგიჟდი. მაშინ მივხვდი ყველაფერს, მაგრამ ჯონიმ არაფერი შეიმჩნია. საქმიანად ვილაპარაკეთ. კაბინეტიდან რომ გამოვედით, არავინ გამოგვაცილა, რაც ძალიან არ მომეწონა. სასტუმროს კართან ვიღაც დაგვხვდა და გვითხრა, სახლებში მიგიყვანთო... ასე ძალიან სიმპათიურად დაიწყო ჩვენი ურთიერთობები. ერთი წლის მერე დავქორწინდით. ჯერ ხელი მოვაწერეთ და მოგვიანებით დავიწერეთ ჯვარი.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
დ.ნ.
-მაფია მართავს საქართველოს.
17:10 / 22-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ბავშვობა
არ ამართლებს დღეს, არ ვარგა.
15:53 / 22-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ქეთო
რას ერჩოდი, გივი, იმ კაცს?
18:32 / 21-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ვიცნობდი გულდას...
"ხშირად ჩვენთან ერთად მოდიოდა გულდა კალაძე, პოეტ კარლო კალაძის და, რომელიც ჩემი ნათლია იყო." :)))) გულდა... კარლო კალაძის და კი არა, შვილი იყო, თან - ვაჟი! (1932 -1974) — ქართველი მხატვარი, მოქანდაკე, დავიჯერო, ის მაინც არ ახსოვს თაკოს, ქალი იყო თუ თუ კაცი მისი ნათლია?
04:55 / 21-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS