თამთა გოდუაძემ მას შემდგარი ვარსკვლავი უწოდა, რა ბედი ეწევა საბოლოოდ პროექტში, უცნობია, თუმცა, იმედი აქვს, რომ პროექტში გამოჩენა მას წარმატებას მოუტანს.
- ნიგერიელი ვარ, ჩემი მშობლები ბიზნესმენები არიან, მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი შვილი ვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად საქართველოში ჩამოვედი.
- ვინ გირჩიათ "იქს ფაქტორში" მონაწილეობის მიღება?
- ჩემს მეგობრებთან ერთად ხშირად ვმღერი, ეკლესიაშიც ვმღერით. ბენდში ვმღერი, ბექ-ვოკალისტი ვარ. სწორედ მეგობრებმა მირჩიეს "იქს ფაქტორში" მიმეღო მონაწილეობა, ვცადე, ჯერჯერობით გამიმართლა და ვნახოთ, რა მოხდება შემდეგში.
- რთული იყო საქართველოში თავის დამკვიდრება?
- რა თქმა უნდა. პატარა ვიყავი, როცა თბილისში ჩამოვედი და ბევრი ბარიერი გადავლახე, უცხო ქალაქში მოვხვდი, ენის ბარიერიც იყო, თან ფერადკანიანი ვიყავი და ეს დიდი სირთულე იყო ჩემთვის, მაგრამ გზადაგზა დავამარცხე ეს დაბრკოლებები. ქართველებს უჭირდათ ჩემთან დამეგობრება. დღესაც კი, როცა ტრანსპორტში ვარ, ცდილობენ ჩემს გვერდით არავინ დაჯდეს, რადგან ფერადკანიანი ვარ. გაბრაზებული სახეებით მიყურებენ. როცა ფეხით ვსეირნობ, მანქანებს მიჩერებენ და მთავაზობენ ფულს სექსის სანაცვლოდ. ასაკოვანი ქალბატონები ჩემს დანახვაზე ჩერდებიან და მეძახიან ზანგი, ზანგი და ა.შ. თუმცა, შევეჩვიე ამ ყველაფერს, საქართველო მაგარი ქვეყანაა და ვიცი, რომ ასეთი ადამიანების გვერდით არის ხალხი, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია ნებისმიერი ადამიანის მიმართ და მე მათ ხშირად ვხვდები.
- ვისთან ერთად ცხოვრობთ თბილისში?
- თბილისში ჩემს მეგობართან ერთად ვცხოვრობ.
- მოგწონთ ქართველი ბიჭები?
- ძალიან კარგები არიან, თუმცა, ვიტყოდი ცოტა უცნაური კაცები გყავთ. სოციალურ ქსელში პირდაპირ იმას მწერენ, რომ მოსწონთ ჩემი ტუჩები და სექსი უნდათ ფერადკანიანთან. ბევრს მირეკავენ, თუ არ ვპასუხობ, მაინც მწერენ და ეს ძალიან უცნაურია ჩემთვის. ისინი ძალიან ჩქარობენ, რომ სექსისკენ უბიძგონ გოგონას.