– მარიამ, ცხოვრების რა ეტაპზე ხართ?
– საქმიანობაში
– რაც 30 წელს გადააბიჯეთ, რა წამოვიდა პირველ პლანზე და რამ გადაინაცვლა უკან?
– 32 წლის ვარ, აღარ ვარ პატარა გოგო. ჩემთვის პრიორიტეტი ოჯახია, მაგრამ ამ მხრივ ცოტა არეული ვარ, საქმეს უფრო მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე ოჯახს. ეს ცუდი მენეჯმენტისა და გარკვეული გაუნათლებლობის ბრალია. სიამოვნებით ვისწავლიდი, როცა ამდენი საქმე მაქვს, ოჯახის მოვლა-პატრონობა როგორ ვაქციო ნომერ პირველად.
– ვინ ავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც თქვენი საქმის გამო იქმნება ოჯახში?
– რაღაცნაირად ბალანსდება ნერვიულობის ხარჯზე. ბევრ დროს ვხარჯავ საქმეზე, ბევრი მოდის უფასო კონსულტაციაზე… ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ცოტა ქაოსი მაქვს.
ლევანი უფრო ახერხებს, შვილებს მიხედოს. ჩემი უფროსი ბიჭი გარდატეხის ასაკშია, 13 წლისაა, ყოველდღე სჭირდება კონტროლი და ამას ლევანი უფრო ახერხებს. ყოველდღე ამოწმებს მის საკლასო ჟურნალს, აკონტროლებს მის გაკვეთილებს.
პატარას ნაკლებ ყურადღებას აქცევს, რადგან მეტად მნიშვნელოვანი ჩემი უფროსი ბიჭის მდგომარეობაა. ლევანს მთელი ყურადღება მასზე აქვს გადატანილი, მე – პირიქით, ალექსანდრეს უფრო მეტ დროს ვუთმობ.
– გიორგის თავის მამასთან როგორი ურთიერთობა აქვს?
– არანაირი კონტაქტი არ აქვს. არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
– როგორი ბიჭია პატარა ალექსანდრე?
– მხიარული ბავშვია. მშვიდი ორსულობა მქონდა, რაც პირდაპირ აისახა მის ნერვებზე, უპრობლემო ბიჭია.
– მისმა დაბადებამ რა შეცვალა თქვენი და ლევანის ურთიერთობაში?
– ახლის შექმნა გვინდა. ბევრს ვშრომობთ, ძალიან ვიღლებით, მაგრამ დასვენებისთვის არ გვცალია. მივესალმები იმ წყვილებს, რომლებიც დასვენებას ახერხებენ. ჩვენ მებრძოლი მშობლები ვართ, ვცდილობთ რაღაცის შექმნას.
– რას გულისხმობთ?
– სანამ ლევანი ცოლად მომიყვანდა, მუხათწყაროში ჰქონდა მიწის ნაკვეთი. ახლა წამოვიწყეთ მშენებლობა. ფიზიკურად თვითონ შრომობს, აკეთებს. ახლახან დავიწყეთ და ვნახოთ, როდის მოვრჩებით.
ჟურნალი "სარკე"