23 აპრილი, 2018
"მჯერა, სიმართლე ყოველთვის გამოაშკარავდება, არ დაიმალება" - თბილისელი მონიკა ბელუჩის გულახდილი ინტერვიუ
"ადამიანებს შეგვიძლია ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და დიდ წარმატებასაც მივაღწიოთ, თუ ამის ძალას ვიპოვით საკუთარ თავში. სწავლა გვიანი არასდროს არის", - ამბობს მსახიობი მარიამ ჩუხრუკიძე, რომელსაც დასახული მიზნის მისაღწევად ზოგჯერ გარისკვაც უწევს...

- ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ გამოუცდია წარუმატებლობა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოტივი საკუთარი თავის განვითარებისთვის. წარუმატებლობის გემო თუ არ იცი, წარმატებას ვერ შეიგრძნობ ისე, როგორც საჭიროა.
- ხშირად ვწუწუნებთ, თუ რა ხანმოკლეა ცხოვრება... რატომ ვაიძულებთ თავს ვაკეთოთ ის,
რაც არ მოგვწონს?
- ადამიანებს ცხოვრებაში ისეთი პასუხისმგებლობები აქვთ, რაც აიძულებთ, აკეთონ ის, რაც არ მოსწონთ. ასევე, საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული ტერმინი - "რას იტყვის ხალხი?" რის გამოც საკუთარ ოცნებებსა თუ სურვილებზე ხშირად უარს ამბობენ, კიდევ არასწორად არჩეული პროფესიაც არის ამ ყველაფერის მიზეზი - ამის გამო ვერ პოულობენ საკუთარ თავს.

-  რომ გქონდეს შანსი, შეცვალო მხოლოდ ერთი დეტალი შენს ცხოვრებაში, რა იქნებოდა ეს?
- უფრო მეტად თავდაჯერებულს გავხდიდი საკუთარ თავს. რატომღაც მგონია, რომ ეს თვისება უფრო მეტს გამაკეთებინებდა, ვიდრე დღეს ვაკეთებ.

- წარმოიდგინე, რომ ბედნიერება გახდა მსოფლიოს ვალუტა. რა ტიპის სამსახური გაგხდიდა მდიდარს?
- ალბათ, ისევ ის პროფესია, რომელიც ავირჩიე - მსახიობობა ან ოპერის მომღერლობა.

- საქმეს ყოველთვის თავდაჯერებული აკეთებ?
- ხშირ შემთხვევაში, იმას ვაკეთებ, რისიც მჯერა, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის? ხანდახან რაღაცებს ვრისკავთ, მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა საკუთარი შესაძლებლობების.

- დავუშვათ, ადამიანი საშუალოდ 40 წელს ცოცხლობს, ასეთ შემთხვევაში, რას შეცვლიდი იმისთვის, რომ უკეთესად გეცხოვრა?
- სწორად გამოვიყენებდი დროს. არ მივანიჭებდი მნიშვნელობას წვრილმანებს, ბევრს ვიმოგზაურებდი, უფრო გახსნილად გამოვხატავდი საკუთარ გრძნობებს საყვარელი ადამიანების მიმართ. პრინციპში, ამის გაკეთება ყოველთვის შეგვიძლია, თუ გავიაზრებთ, რომ ცხოვრება მართლაც ძალიან ხანმოკლეა.

- რამდენად აკონტროლებ ყველა იმ მოვლენას, რაც შენს ცხოვრებაში ხდება?
- შეუძლებელია ადამიანმა თავისი ცხოვრება 100%-ით გააკონტროლოს, რადგან მჯერა ბედისწერის; ცხოვრებაში რაღაცები ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. თუმცა, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და შეუძლია გააკეთოს არჩევანი.

- დაარღვევდი თუ არა კანონს საყვარელი ადამიანის გადასარჩენად?
- ალბათ, დავარღვევდი... გააჩნია კანონს. რთულია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. შეიძლება თქვა, რომ აუცილებლად დაარღვევ კანონს, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში შესაძლოა ეს ვერ გააკეთო, ვერ გაბედო, შეგეშინდეს... მე მინდა, რომ ვიყო ძლიერი და ამიტომაც, ყველანაირად შევეცდებოდი საყვარელი ადამიანის გადარჩენას.

- რით განსხვავდები სხვა ადამიანებისგან?
- ერთი შეხედვით, არაფრით, მაგრამ ვფიქრობ, ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავებულია. პირადად მე, გამუდმებით ვმღერი და ალბათ, ამით ვარ სხვებისგან განსხვავებული (იცინის).

- გაიხსენე ის, რაზეც ოდესღაც ოცნებობდი და არ გაგიკეთებია...

- პატარა რომ ვიყავი, მსახიობობა მინდოდა - ეს ავისრულე, თუმცა, მე ჰოლივუდის მსახიობობაზე ვოცნებობდი... გავიზარდე და მივხვდი, რომ ეს რთული გზაა. ვფიქრობ, იღბალიც საჭიროა, მაგრამ არ უნდა იჯდე და ელოდო იღბალს, უნდა იმოქმედო... პირველ რიგში, საჭიროა დიდი შრომა, რათა მიაღწიო სასურველ შედეგს. რაღაცნაირ ზღაპრულ სიყვარულზე ვოცნებობდი და მინდა გითხრათ, რომ კიდევ ვოცნებობ.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თინი
ერთი მე ვარ ბარდო და ეგ მეორე ბელუჩი
19:13 / 23-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS