19 აპრილი, 2018
"პერსონაჟების დაბრუნება, არ დაბრუნება მსახიობებზე არ არის დამოკიდებული" - რა ბედი ეწევა კვაზი მანტკავას "ჩცდ"-ს ახალ სეზონზე
სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" ეთერში ხვალიდან დაბრუნდება. სოციალურ ქსელში სხვადასხვა სერიიდან რამდენიმე თიზერი უკვე დაიდო, თუმცა, კვაზი მანტკავას პერსონაჟი არც ერთ თიზერში არ ჩანს.

"რეიტინგი" მსახიობ ზურა ანთელავას დაუკავშირდა და შეეცადა, სწორედ მისგან გაერკვია, დაბრუნდება თუ არა კვაზი მანტკავა სერიალში. 

- ბატონო ზურა, ინტერნეტ სივრცეში უკვე დაიდო „ჩემი ცოლის დაქალების“ ანონსი, სადაც თქვენ არ ჩანხართ, როდის დაბრუნდებით სერიალში?

- პერსონაჟების დაბრუნება, არ დაბრუნება მსახიობებზე არ არის დამოკიდებული, ყველა ადამიანს გვაქვს სურვილები, რომლებიც არ გვისრულდება, რადგან
ჩვენზე არ არის დამოკიდებული, გარემო მოვლენებიდან და სიტუაციებიდან გამომდინარეობს, თუმცა, დაბრუნებით დავბრუნდები.

- პაუზა სერიალში რამ განაპირობა?
- ბოლო სერიაში ჩემი პერსონაჟი ცუდად ხდება, დიდი კითხვის ნიშანია, მაგრამ, როგორც ჩიტმა ამბავი მომიტანა, კვლავ იხილავს მაყურებელი კვაზი მანტკავას, მაგრამ რა მდგომარეობაში? სავარაუდოდ, ავადმყოფურ მდგომარეობაში. შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები, გამოჯანმრთელდება კვაზი მანტკავას პერსონაჟი თუ არა, მაგას ვერ გეტყვით.

- კვაზი მანტკავას პერსონაჟი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ზოგი დადებითად, ზოგიც უარყოფითადაა განწყობილი მის მიმართ...
- გააჩნია, ვინ რას დაინახავს ამ პერსონაჟში. თუ ხედავს იმ ელემენტს, რომელიც სადღაც მასში ზის, რა თქმა უნდა, არ მოეწონება. როდის არ მოგვწონს რაღაც? როდესაც გვაღიზიანებს და ჩვენთვის მიუღებელია საზოგადოებრივი, მორალური თუ ეთიკური თვალსაზრისით ან ამ ყველაფრის ქვეშ შემალულია ის პატარა მომენტი, რომელიც გვაწუხებს და გვტკენს.

- როგორი გამოცდილება არის თქვენთვის კვაზი მანტკავას როლის მორგება?
- რაც უფრო ხშირად ხვდება მსახიობი ახალ სამუშაოს, როლს, თავისთავად ცხადია ახალ ცოდნას იძენს. ნათქვამია, რამდენ ადამიანსაც იცნობ, უფრო მდიდარი ხარო.

პერსონაჟებიც ხომ ადამიანები არიან, რომელთა ბუნებას სწავლობ. ეს არის ის პროცესი, რომელიც ანვითარებს მსახიობის პროფესიონალიზმს. ყოველთვის იცვლება რაღაც და ამ სიუცხოვით იზრდები ან ჩერდები და ერთი და იმავეს იმეორებ, ამ დროს ვამბობთ, რომ მსახიობი დაშტამპულია, მაგალითად, მე ვიცი კარგი ღიმილი და ამ ღიმილს იყენებს ყველა, ვისაც ვჭირდები, ეს უკვე შტამპია და საინტერესო არ არის. ნებისმიერი ელემენტი, რომლითაც ამდიდრებს მსახიობი პერსონაჟს, უნდა განსხვავდებოდეს.

განსხვავება პირდაპირი გაგებით არ უნდა გავიგოთ, ის ძირეული უნდა ამოვწიოთ ზემოთ, რაც მწერალს, დრამატურგს ან სცენარის ავტორს აქვს ჩაფიქრებული, ან ერთობლივად თხზავ რეჟისორთან, რა თქმა უნდა, რეჟისორის შეკვეთით, მაგრამ შენებური ინტერპრეტაციით.

თათა ბერაძე



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS