თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფარს ხურავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესმენმა და ძაღლების თავშესაფრის დამაარსებელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.
- იცით, რომ 2015 წელს სტიქიამ როგორ დამაზარალა, ფაქტიურად სრულად განადგურდა ძაღლების თავშესაფარი. მე სტიქიამ ვერ გამტეხა, ხალხს არა ერთხელ მოვუწოდე გვერდით დამიდექით-მეთქი, მაგრამ არავინ არ დამიდგა გვერდით. ამის მიუხედავად, მაინც ავაშენე მეორე თავშესაფარი, ყველაფერი საკუთარი ჯიბით გავაკეთე... ის კადრები, რაც დღეს გავრცელდა, კულმინაცია იყო. ამიტომ გადავწყვიტე და თავშესაფარს ვხურავ.
- ვინ გაგივრცელათ ეს ჩანაწერები?- ბოროტი ადამიანების ნამოქმედარია
ეს. მე ასეთი წესი მაქვს, როცა თავშესაფარში მივდივარ, ლაივი მაქვს ჩართული და ხალხის შეკითხვებს ვპასუხობ. ასე მოხდა იმ დღესაც, როცა დიმა ობოლაძემ დამირეკა. მე გამაღიზიანა იმ ფაქტმა, როგორ არ იცოდა დიმამ სვანიძის ქუჩა დანგრეული რომ იყო, ჯებირებიც კი არ არის აქ. ჩემი ემოცია გამოვხატე და ვიღაცამ ეს მომენტი სათავისოდ მოჭრა ვიდეოდან. ამის გაგრძელება ის იყო, რომ მე და დიმა შევხვდით კაიროს ქუჩაზე, ლეკვები გადმომცა და თავშესაფარში დაგვიტოვა. ბოდიშიც მოვუხადე ემოციურობისთვის. მეორე ვიდეოს რაც შეეხება, დიღმიდან დამირეკეს, აღმაშენებლის ხეივანში ძაღლი არის ბოძზე მიბმულიო. მივედი და დავურეკე ჩემს ჯგუფს, ვუთხარი უპატრონოდ არის ძაღლი დატოვებული, საჭირო აღჭურვილობა წამოიღეთ და მოდით-მეთქი. მოვიდა ჩემი ორი თანამშრომელი, გოგო და ბიჭი. ეს კაცი ნასვამი იყო და დაავიწყდა აღჭურვილობის წამოღებაც. როცა ვკითხე, ასე რატომ იქცევი-მეთქი, მითხრა, ასეთი ხოში მაქვსო და ამაზე ავღელდი.
- საბოლოოდ გადაწყვეტილი გაქვთ თავშესაფარის დახურვა?- როგორც პატრიარქმა თქვა, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. ამიტომ გადავწყვიტე, მეც დავხურო ძაღლების თავშესაფარი. ხალხის დაუნახაობას საზღვარი არ აქვს, გული მწყდება, მაგრამ იმის მაგივრად, რომ სხვანაირად იყოს ყველაფერი, ბინძური კამპანია მიდის ჩემს წინააღმდეგ და ამას ჩემი შვილებიც კითხულობენ. დაუნახავია ხალხი. დიდი მადლობა ყველას გინებისთვის, სხვა რა უნდა ვთქვა?!