"რაც უფრო მეტად გიყვარს, მით მეტად ეჭვიანობ"
თათული დოლიძე, მსახიობი:
- ჩემი აზრით, რაც უფრო მეტად გიყვარს ადამიანი, მით მეტად ეჭვიანობ. მართალია, ამ გრძნობას დიდი სარგებელი არ მოაქვს, მაგრამ ის ყოველთვის მოულოდნელად მოდის. ალბათ, აქაც "ოქროს შუალედის" დაცვაა საჭირო: გადამეტებული ეჭვიანობა ყოველთვის დიდ უთანხმოებას იწვევს ადამიანებს შორის, მაგრამ სულ თუ არ ეჭვიანობ, ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანი არ განაღვლებს, არ გაინტერესებს, სად არის, როგორ არის, რას აკეთებს... ასე რომ, ზომიერება ამ გრძნობაშიც საჭიროა. ალბათ, ყველაზე ძნელი ასატანი ეჭვიანი მამაკაცია, რადგან ასეთი კაცები ხშირად უჯერებენ ე.წ. კეთილისმსურველებს და ურთიერთობას ბოროტი ენების გამო ანგრევენ. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საბაბი გაქვს, იეჭვიანებ, მაგრამ ყოველგვარი საბაბის გარეშე, ჭორებს რომ დაუჯერებ, ეს უკვე არანორმალური მოვლენაა. ჩემი აზრით, თუ ძალიან გიყვარს და თუ ეს სერიოზული ურთიერთობაა, ძალაუნებურად პატიობ, მარტო ღალატს კი არა, უფრო ცუდ რამეებსაც. სამწუხაროდ, მამაკაცის ღალატი ჩვენთან ნორმად არის მიჩნეული და განა მარტო ჩვენთან? - ეს დაუწერელი კანონივით, ყველა ქვეყანაშია მიღებული. სხვათა შორის, ძალიან მიხარია, რომ თანამედროვე ახალგაზრდები ასე არ ფიქრობენ: ისინი ღალატს გენდერული ნიშნით არ ყოფენ.
განაგრძეთ კითხვა: