
- ჩემი ძირითადი პროფესია საგამომცემლო დიზაინია, ძირითადად, კერძო

მეუღლის ძმა და მამა მოყვარული ფოტოგრაფები იყვნენ და მეც მაშინ დავინტერესდი ფოტოგრაფიით. შემდეგ სააგენტო ''იბერიაში'' დავიწყე მუშაობა. იმ პერიოდში, პირველად ''კგბ''-ს ისტორიაში, მოეწყო პრესკონფერენცია და მე, როგორც სააგენტოს ერთადერთი ფოტოგრაფი, გამიშვეს. ფოტოაპარატში ფირი ჩემი ხელით ჩავახვიე. სულ 36 კადრი იყო და 40-50-60 კადრი რომ გადავიღე, მერე დავეჭვდი რა ხდებოდა. როგორც გავარკვიე, ფირი ჩაწყდა და ტყუილად ვიღებდი ფოტოებს. მახსოვს, ჩემ გვერდით მაშინ ნატო ონიანი იჯდა. მეორე დღეს სააგენტოდან მირეკავდნენ, სად არის ფოტოებიო.

- შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა?
- ფოტოგრაფიას თავი დავანებე, მაგრამ მქონდა პერიოდი, როცა მიჭირდა და პავლოვის ბაღში ფოტოებს ვიღებდი. ერთი ფოტოს გადაღება 50 თეთრი ღირდა. მეორე დღეს დაბეჭდილი მიმქონდა კლიენტისთვის. შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტის ეზოში გადავედი. მერე ამასაც თავი დავანებე. საკუთარ თავს ფოტოგრაფად არ მივიჩნევდი, უბრალოდ, განსაკუთრებულად მიყვარდა ჩემი ბავშვების გადაღება. 2003 წელს მე და ჩემს მეგობარს რაღაც ფირმა გვქონდა, 1500 დოლარად შევიძინეთ პირველი ციფრული ფოტოაპარატი და მაშინ ისევ დავიწყე ნელ-ნელა გადაღება. სიმართლე გითხრათ, ბოლო ერთი წელია, რაც ამ სფეროში უფრო აქტიურად ჩავერთე.

- უამრავი ცნობილი სახე გყავთ გადაღებული... განსაკუთრებულად პოლიტიკოსები. მათ სად ხვდებით?
- სხვადასხვა სამინისტროს პიარსამსახურში ჩემი მეგობრები მუშაობენ და როდესაც ფოტოების გადაღება სჭირდებათ, ოფიციალურად მიწვევენ. ძირითადად ამ მთავრობაზე მაქვს საუბარი. სააკაშვილი ერთხელ გადავიღე შემთხვევით, რასმუსენის ჩამოსვლის დროს. მიშამ ისეთი სისწრაფით ჩაიქროლა, რომ ძლივს მოვასწარი გადაღება.

- ახალი მინისტრებიდან განსაკუთრებულად კარგად ვინ პოზირებს?
- ვიზუალიდან გამომდინარე ყველაზე კარგად ფოტოზე ირაკლი ალასანია გამოდის. ცოტა ხნის წინ ძალიან სასაცილო ფოტო გადავიღე. სვანეთიდან მოვდიოდი, გზად საარჩევნო ბანერები დავინახე დარჩენილი და ბაქრაძის ფოტო ქვაზე იყო მიწებებული.
ერთხელ ზემელზე დიზაინერად ვმუშაობდი და დასამუშავებლად შევარდნაძის ფოტო მომიტანეს. მახსოვს, ექსპრეზიდენტს სულ ვარცხნილობის პრობლემა ჰქონდა. ფოტოშოპში გავალამაზე, თმა გავუსწორე. მეორე დღეს მოვიდნენ და რომ ნახეს, მთხოვეს, არ გინდა, ისევ დააბრუნე, როგორც იყოო. ერთხელ ერთი პარლამენტარი ისე გავალამაზე, მეუბნებოდა, რა არის, ბიჭო, ასეთი ლამაზიც არ ვარო.

- ალბათ, თქვენს ფოტოობიექტივში ხშირად ხვდება პაპარაცული კადრებიც...
- არ მიყვარს დაყენებული სახეებით გადაღებული ადამიანები. პაპარაცობა მიყვარს, მაგრამ ვისაც ვიღებ შემდეგ, მათ აუცილებლად ვაჩვენებ ხოლმე.

- შოუბიზნესის წარმომადგენლებიდან ვინ გყავთ გადაღებული?
- საერთოდ, სახეზე ვერავის ვერ ვცნობ. ცოტა ხნის წინ ნინი ბადურაშვილს ვუღებდი ფოტოს, ვეუბნებოდი, მეცნობი-მეთქი. თურმე ტელევიზორიდან ვიცანი. ერთხელ ეკა მამალაძეს ვუთხარი, რა კარგი ხმა და სმენა გაქვს-მეთქი. ვერც ეკა ვიცანი. უფროს თაობას ვიცნობ. კახი კავსაძისთვის უამრავი ფოტო მაქვს გადაღებული. ერთხელ ჯაზფესტივალზე არტურო სანდოვალი გადავიღე. შემდეგ დაცვამ გამომაგდო, სკამებს შორის დამდევდა. სამი კომპოზიციის შემდეგ გადაღება აღარ შეიძლებოდა.

ხუთი-ექვსი წლის წინ ყურსასმენების საყიდლად კოლმეურნეობის მოედანზე ერთ-ერთ მაღაზიაში შევედი. როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან მიჭირს ადამიანების ცნობა, რადგან ვისაც ტელევიზიიდან ვიცნობ, ისინი რეალურ ცხოვრებაში სხვანაირად გამოიყურებიან. უცებ ერთი ქერა გოგონა შემხვდა, ბავშვთან ერთად იყო. მივესალმე, გავუღიმე. გულიანად მოვიკითხე, ხელი ჩამომართვა. თან ვესაუბრები და ვცდილობ, გავიხსენო ვინ არის, საიდან მეცნობა. უცებ ვხედავ, რომ გვერდზე შავპიჯაკიანი მამაკაცი უდგას, მეორეც დავინახე, თან იარაღიც ჰქონდათ. გარეთ გავიხედე და შავი ჯიპი იდგა. მერე მივხვდი, რომ სანდრა რულოვსი იყო უფროს ვაჟ ედუარდთან ერთად. სავარაუდოდ, მასაც ნაცნობი ვეგონე, მაგრამ ბოლოს მივხვდით, რომ ორივეს შეგვეშალა, გავუღიმეთ ერთმანეთს და დავემშვიდობეთ.

- საყვარელი ფოტოც გექნებათ თქვენს ძალიან დიდი არქივში.
- მიჭირს გამოყოფა, დღეს ერთი კადრი მომწონს, ხვალ - მეორე. გააჩნია, როგორ ხასიათზე ვიქნები. ჩემი უსაყვარლესი კუთხეა თუშეთი. ამ ზაფხულს ვიყავი სტუმრად მირგველაში, არის ასეთი ადგილი. ოთხი ტურისტი მყავდა თან. ერთი ფოტო მომწონს ძალიან, რომელიც გომეწრის ხეობაში გადავიღე. მარცხენა მხარეს კესელო ჩანდა, მარჯვნივ გომეწრის ხეობა, იქვე სოფელი ბოჭორმა და ხეობაში მოულოდნელად ნისლი წამოვიდა.

- საოცნებო პროექტიც გექნებათ...
- თუ ოცნებაა, ოცნება იყოს, ძალიან მინდა, იმდენი ფული მქონდეს, რომ წავიდე და აფრიკის უდაბნო გადავიღო. საქართველოს 80-90% გადაღებული და ნანახი მაქვს. ვერც ერთი ფოტო ვერ გადმოსცემს იმ ემოციას, რასაც პირისპირ ნახვისას განიცდი.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















