- როგორი სილუეტის სამოსის ტარებას გვირჩევთ?
- სხეულიდან გამომდინარე ყველა ადამიანს უხდება სხვადასხვა ტიპს სილუეტი, თუმცა მე ქალბატონებს ვურჩევდი ისეთ სილუეტს, რომელიც ხაზს გაუსმევს მათ ქალურობასა და სხეულის სილამაზეს.
- რამდენად მოდურია ზამთარში ჭრელი სამოსი?
- ძალიან მოდური და მისაღებია. ზამთარი თავისთავად რუხი ფერებით გაჯერებული სეზონია, მკვეთრი ფერები კი გამოგვყოფს ხალხმრავლობიდან და განწყობას გვიმაღლებს. ცხადია, არსებობს გარკვეული ფერები, რომლებიც ზამთარს შეესაბამება, ისინი მეტად ზომიერია. ჩემს ზამთრის კოლექციაში ყოველთვის ნახავთ სხვადასხვა ფერთა ნაირსახეობას.
- გარდა სქელი ნაქსოვის და კუბოკრულისა, კიდევ როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსის მორგებას გვირჩევთ?
- გირჩევდით, გამოიყენოთ მაქმანი ზემოთ აღნიშნულ ნაჭრებთან, ის ყოველთვის ძალიან ნაზად და ელეგანტურად გამოიყურება და ქმნის ქალურ სტილს ზამთრის უხეშ ფერთა ფონზე.
- რაც შეეხება კაბის ფორმას, სიგრძეს, წელს, ამაზე რას გვეტყვით?
- გასული წლის საუკეთესო ფილმის „დიდი გეტსბისგან“ გამოწვეული აჟიოტაჟის გამო მიმაჩნია, რომ აქტუალური იქნება თეძოზე დასმული კაბა, რაც ბევრ მანდილოსანს ამშვენებს, ასევე - თავისუფალი სტილის კაბები მოკლე ან გრძელ პალტოსთან ერთად. კაბის სიგრძე კი უნდა იყოს მუხლს ზემოთ.
- რა შეეხება შარვლებს, შედარებით ფართოტოტიანი შარვლები ხომ არ ხდება აქტუალური?
- ვიწრო შარვალი მოდიდან არ გასულა, მაგრამ ფართე ტოტიანი შარვლებიც აქტუალურია.
- დიზაინერები აღნიშნავენ, რომ წელს სამხედრო დეტალები, „ბათინკები“, კიტელის ფორმის პალტოები მოდაშია.
- სამხედრო სტილის ფორმა ისევ აქტუალურია, მაგრამ მე არ ვანიჭებ. ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი არის მუქი მწვანე ფერი პალტო, სამხედრო ღილებით უხეშ ფეხსაცმელთან ერთად.
- ბეწვი და ტყავი, რომელიც გასულ სეზონზე მეტად აქტუალური გახლდათ, წელს როგორ იქნება.
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს, რადგან ვთვლი, რომ ცხოველების დახოცვა მოდის გამო საშიანლებაა. არასდროს ვიყენებ ნატურალურ ბეწვს ჩემს კოლექციებში.
- რაც შეეხება ფეხსაცმელს და ჩექმას, ამ მხრივ რა დეტალებია საგულისხმო?
- მოდურია მუხლამდე ან მუხლსზემოთ ჩექმები, განიერი ქუსლი, პლატფორმა..
- გაზაფხულზე რითი უნდა მოვიწონოთ თავი?
- 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის ძირითადი ფერები იქნება პასტელური ტონები: ატმისფერი, კრემისფერი, ქვიშისფერი, ფორთოხლისფერი, წითელი, ვარდისფერი, ლურჯი, თეთრი და დაპრინტული ნაჭრების ნაირსახეობა. ტენდენციური იქნება სხვადახსვა სილუეტის კაბები: კაბა „ფუტლიარი“ (სწორი ფორმის), ასევე კაბები კიმონოს სტილში, ქვედაბოლოები ტრაპეციის ფორმის, პიჯაკი - ბოლერო, ცნობილი ტუნიკები 60-იანი წლების სტილში.
- გარდა შანელისეული პატარა შავი კაბისა, კიდევ რა უნდა იქონიოს ქალმა გარდერობში, რომ ის მეტ-ნაკლებად მოდურად ჩაითვალოს?
- კარგი ჯინსის შარვალი, მუქი ლურჯი, თეთრი აბრეშუმის პერანგი, მარგალიტის თეთრი მძივი, კრემისფერი ფეხსაცმელი ქუსლზე. ესაა ე.წ. „ფრანგული შიკი“, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურება.
- და თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე მოდურად ჩაცმული ადამიანი ჩვენს ქვეყანაში..
- საქართველოში მცხოვრები ქალბატონები ყოველთვის იცვამდნენ გემოვნებით და გამოირჩევიან ორიგინლაური სტილით. რაც შეეხება მოდურად ჩაცმულ ქალბატონს, ქეთა თოფურია მომწონს სცენაზეც და ყოველდღიურობაშიც, მიმაჩნია, რომ საუკეთესო გემოვნება აქვს.
ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“




















