ფილოსოფოსი მამის, ზურაბ კაკაბაძისა და კინოკრიტიკოსი ნათია ამირეჯიბის ოჯახში დაბადებულმა ირაკლი კაკაბაძემ თბილისის 1-ლი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა უნივერსისტეტში ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. თავისი პირველი ნაწარმოებები 18 წლის ასაკში შექმნა. ამას
- ჩემს გარშემო ბევრი ასეთი ადამიანი იყო. ცხადია, ესენი, პირველ რიგში, ჩემი მშობლები იყვნენ. ასევე - ლიტერატურის პედაგოგი ასმათ ჯიქია. ბიძები, ბიცოლაჩემი, მამას მეგობრები და მათ შორის უპირველესად თამაზ ბუაჩიძე - დიდი ქართველი ფილოსოფოსი. 12 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. წიგნების შესახებ პირველადი ინფორმაცია მისგან მქონდა. მამაჩემი ფილოსოფოსი გახლდათ, რომელიც მოღვაწეობდა ე.წ. პოსტმოდერნის ფილოსოფიის ხანაში, ლიტერატურის დიდი მოყვარული იყო და თავადაც წერდა. მისი გარდაცვალების შემდე, რჩევის თვალსაზრისით, ეს ადამიანები ბიძები - ნოდარ კაკაბაძე და ჭაბუა ამირეჯიბი გახდნენ. თაზო ბუაჩიძემ დიდი როლი ითამაშა ჩვენს ჩამოყალიბებაში. ის გვირჩევდა, რა გვეკითხა. სხვათა შორის, აბიტურიენტობის დროს მასთან დავდიოდით მე, დიმა მამულია და გიორგი მარგველაშვილი. შემდეგში პირველივე კურსიდან მის არაჩვეულებრივ ლექციებს ვესწრებოდით. მე და გიორგი დავდიოდით ვახტანგ ბერიძის ლექციებზეც, რომელიც კითხულობდა ქართული ხელოვნების ნიმუშების ისტორიას...
- დღეს უმთავრესად რა ჟანრს კითხულობთ?
- ერთ-ერთი ბოლო, რაც წავიკითხე, ტონი ნეგრის პიესები იყო. ახლა აქტიურად ვმუშაობ ტრანსფორმაციული თეატრისა და პოლიფონიური დისკურსის მიმართულებით და ამიტომ ჩემი ინტერესიც ამ საკითხს უკავშირდება. დღეს ბევრი საინტერესო მწერალია: ჯაკ რანსიერი, ალენ ბადიუ, მაიკლ ჰარტი, ჟიჟიეკი...
- უამრავი ავტორის მიერ ხელმოწერილი წიგნი გექნებათ ოჯახში და თქვენ თუ უკეთებთ ერთმანეთს ასეთ საჩუქრებს?
- რა თქმა უნდა, დღემდე ასეა და ახლაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვის რა წიგნს ვუყიდი. ბედნიერი ვარ, რომ სახლში მაქვს სხვადასხვა საინტერესო ავტორის მიერ ხელმოწერილი წიგნები.
- თქვენს შემოქმედებაზე ვისაუბროთ, რა პერიოდულობით გამოიცემოდა თქვენი წიგნები?
- ჩემს პირველ წიგნს „თაიმ სკვერი, დროთა მოედანი“ ერქვა. მეორე გამოქვეყნებული წიგნი იყო „ალეგრო, ანუ ერთი წლის ქრონიკა“, რომელმაც ჟურნალ „ცისკრის“ პრემია მიიღო საუკეთესო დებიუტისთვის. ეს წიგნი ასახავდა ჩვენი თაობის ყველაზე მტკივნეულ პრობლემას – ნარკომანიას და საზოგაოდება ორგვარად შეხვდა. მას რეზო ინანიშვილის ციტატა ახლდა, სადაც წერდა, ირაკლი კაკაბაძე ნამდვილი მწერალია, გაბერილი გულით და აკანკალებული ხელებითო. ეს ჩემთვის დიდი პატივი და კომპლიმენტი იყო... ამას მოჰყვა, „თანაგრძნობის სიმღერა“, რომელშიც ამერიკაში დაწერილი მოთხრობები შევიდა. შემდეგი წიგნი
2005 წელს გამოვიდა - პიესა „კანდიდატი ჯოყოლა“. ეს იყო ქართველი პრეზიდენტობის კანდიდატი კაცისა და აფხაზი ქალის სიყვარულის ისტორია, რომელსაც ძალიან ცუდად შეხვდა მაშინდელი მთავრობისა და ლიტერატურის ისტებლიშმენტი. ამის შემდეგ ჩავთვალე, რომ საქართველოში ჩემი მწერლობის გაგრძელება რთული იყო და მეტიც, შეუძლებელი. წიგნი პატარა ტირაჟით გამოიცა, დახლებზე დაიდო, მაგრამ მალევე გაქრა. მასზე ლაპარაკის ჩამოგდებაც კი შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ „კანდიდატი ჯოყოლა“ 2009 წელს ამერიკელებმა გამოსცეს და წიგნმა საერთაშორისო პრემია მიიღო. 2010 წელს გამოიცა ჩემი პოლიფონიური ლექსების კრებული, რომელსდაც ჰქვია „თავისუფლების თეოლოგია“. ახლა კი გამოვიდა ჩემი ახალი წიგნი „მარგინალური ბოდვები“. წიგნს დღიურის სახე აქვს და დიდი ნაწილი ხელნაწერია.
„პენ კლუბის“ წვრი გახლავართ. ერთხელ ცნობილ კანადელ მწერალსა და „პენ კლუბის“ პრეზიდენტ ჯონ როსტოლ სოულთან ვსაუბრობდი იმ თემაზე, რომ კალმისტრებმა თავისი დანიშნულება დაკარგა. რამდენი მწერალი წერს კალმისტრით? თითქმის აღარავინ, განსაკუთრებით ახალგაზრდა მწერლები სულ ლეპტოპებით დადიან. მაშინ გადავწყვიტე, ლექსი დამეწერა კალმით და ამ გზით, ასე ვთქვათ, კალმის დაცვა განვიზრახე. ასეთივე ხელნაწერი გვერდებია ჩემს ახალ წიგნში, ასევე ამონაჭრები გაზეთებიდან, ჩემი ინგლისურენოვანი მოთხრობებიდან და ლექსებიდან, ფოტომასალა ჩემი პირადი ცხოვრებიდან. მაგალითად, ჩემი ანას 2007 წლის ხელის მოწერის ფოტო, სადაც სულ 9 კაცი ვიყავით, იქვეა ჩვენი მეჯვარე გია დვალი, მარინა გულედანი, ჩემი და... წიგნში შედის გვერდები, რომელშიც 2004, 2005 წლებსაც ვიხსენებ. მოვლენებს, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამდე ხდებოდა და ა.შ. ეს ყველაფერი ჩემი ცნობიერების ნაკადია და, მეორე მხრივ, ამბის მოყოლა. რაც შეეხება სათაურს, გეტყვით, რატომ დავარქვი წიგნს „მარგინალური ბოდვები“: დღეს ოფიციალური პროპაგანდა იმდენ ტყუილს გვთავაზობს, რომ ზოგჯერ, როცა ადამიანი სიმართლეს ამბობს, მისი სიტყვები ბოდვას ემსგავსება. რა არის სიმართლე და რა - ბოდვა, გაურკვეველი და ერთმანეთში არეულია. არადა, შეიძლება, ბოდვაში უფრო მეტი სიმართლე აღმოჩნდეს...
- მინდა, ბოლო კვლევებსაც შევეხოთ, რომლის მიხედვითაც საქართველოში წიგნიერების დონე ძალიან დაბალია.
- ეს ტრაგიკული შედეგია, რომლის მიზეზი ნეორიბელაზიმია. ის არ ცნობს წიგნიერებას, ცნობს მხოლოდ სპეციალიზირებულ განათლებას. მაგალითაც, თუ ადამიანი კბილის ტექნიკოსი ხარ, მაშინ არ არის საჭირო დანტე ალიგიერის ან ბალზაკის წაკითხვა. ნეოლიბერალიზმმა მოიტანა ის, რომ არსებობს ფულის მომტანი პროფესიები, მათში არ შედის პოეზია. ერთადერთი პოეტი, რომელიც ამერიკაში პოეზიით ცხოვრობდა, ალან გინზბერგი იყო. ამერიკასა და ევროპაში სახელმწიფო აფინანსებს მწერელებს, საზოგადოებაც ხელს უწყობს ხელოვნებას. ჩენთან ასე არ ხდება, ჩვენთან ამ მხრივ კაპიტალიზმია. რეალურად, ხელოვნებაში ფულს არ დებენ...
- ბავშვების წიგნთან მიყვანა, წიგნით დაინტერესება... თქვენ როგორი მეთოდი გაქვთ?
- ანდრო ექვსი წლისაა და ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“. უფრო სწორად, მე ვუკითხავ. უფროსი გოგონა ათი წლისაა და თავად ირჩევს წიგნებს. საერთოდ, დედაჩემისა და მამაჩემის მეთოდიც ასეთი იყო, თავად გვიკითხავდნენ წიგნებს და მერე ჩვენ დავინტერესდით წიგნებით. ბავშვი მშობელს ჰბაძავს და როცა ჰხედავს, რომ მშობელი წიგნს კითხულობს, თავადაც გაუჩნდება სურვილი. კითხვით დაინტერესება მშობლის მოვალობაც არის და სკოლისაც. თან, ყველაფერი პიროვნული მაგალითიდან გამომდინარეობს. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მისი მშობელი ე.წ. „ამერიკულ ოცნებას“ დასდევს და სიმდირეს ეძებს, ცხადია, ტავადაც ასეთი გახდება. მე რომ ვიცოდი მამაჩემი დამოკიდებულება მატერიალიზმის მიმართ, ეს მეც გამომიმუშავდა. მას ძალიან ირონიული დამოკიდებულება ჰქონდა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სიმდიდრეს დასდევდნენ. ასეთები მაშინაც იყვნენ და დღესაც მრავლად არიან, უბრალოდ, დღეს სიმდიდრისა და ფულის კულტია წამოსული, რაც ყველაზე დიდი საშიშროებაა ჩვენი სულიერებისთვის. მთელი თბილისი სავსეა ფუფუნების საგნებით, დიდი ჯიპებით. არადა, დიდი ტრაგედიაა, როდესაც ადამიანს მიაჩნია, რომ ამაშია ბედნიერება. სამწუხაროა, რომ დღეს უსირცხვილო მატერიალიზმის დროა...
ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“