- ''ღამის შოუს სტუდიასთან'' ჩემი პირველი თანამშრომლობა სერიალზე
სიმართლე რომ ვთქვა, ჯერ მაინცდამაინც კმაყოფილი არ ვარ ჩემი ნამუშევრით, ცუდი არაა, ნორმალურია, მაგრამ თუ სერიალში კიდევ დავრჩები, ვიმედოვნებ, რომ ჩემს გმირს უფრო დავხვეწ.
- რაც შეეხება უშუალოდ შენს გმირს - ნათიას...
- რადგან მხოლოდ ბოლო სამ სერიაში მივიღე მონაწილეობა, უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ნათია ჯერ არ არის მკვეთრად გამოხატული პერსონაჟი, ზუსტად ვერ ვხვდები, როგორი უნდა იყოს საბოლოო ჯამში, ამას დრო სჭირდება. ამ ეტაპზე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი გმირი შეყვანილია იმიტომ, რომ იყოს დიმა ტატიშვილის გმირის ხუმრობების ობიექტი, შეიძლება, უცხო თვალისთვის ეს ასე არ არის, მაგრამ მე ასე მეჩვენება. იმედი მაქვს, ჩემი პერსონაჟის ხასიათი ნელ-ნელა ჩამოყალიბდება. ერთადერთი ვიცი ის, რომ ნათიასავით ქმარს არ ვალაგებინებ სახლს, თუმცა რეალურად სულაც არ ვფიქრობ, რომ ცუდია, თუ ქმარი ცოლს საოჯახო საქმეებში ეხმარება, მაგრამ ჩვენს ოჯახში ასე არ ხდება. წესრიგი მეც და ჩემს პერსონაჟსაც ძალიან გვიყვარს, მაგრამ ამ წესრიგს მე, ანუ ნატალია, თავად ვამყარებ, ჩემი გმირი კი ქმარს ამყარებინებს.
- ოღონდ ამას შეფარვით აკეთებს, დაიწყებს საქმეს და შემდეგ მას ამთავრებინებს.
- კი, ასეა, მაგრამ რეალურად მე ასეთი ხასიათი არ მაქვს, დიპლომატიის უნარი არ გამაჩნია, არ შემიძლია, რბილად ვუთხრა ადამიანს და ის გავაკეთებინო, რაც მე მინდა. ამ მხრივ სრულიად განსხვავებული ვარ ჩემი გმირისგან, რადგან სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ვამბობ. ამას ემატება ისიც, რომ ფეთქებადი გახლავართ და მწარე ენაც მაქვს. თუ შევეცდები შეფარვით რამის გაკეთებას, მაინც ხვდებიან, რომ რაღაც ისე არ არის, არ გამომდის, რადგან არ ზის ეს ჩემს ხასიათში. გურული ვარ და სიფიცხე და პირდაპირობა ალბათ აქედან მომდგამს. ხშირად მინანია ჩემი ასეთი ხასიათის გამო, მიფიქრია, ხომ შეიძლებოდა, დავფიქრებულიყავი, სიბრაზე გადამივლიდა და მერე შელამაზებულად მეთქვა, მაგრამ რა ვქნა, არ გამაჩნია ეს უნარი, იმ წუთასვე უნდა ვთქვა სათქმელი. გარდა ამისა, მირჩევნია, ყოველთვის პირში ვუთხრა ადამიანს, რასაც ვფიქრობ, ვიდრე მის ზურგს უკან ვილაპარაკო. თუ მოხდა ისე, რომ ვილაპარაკე ადამიანზე, რომელიც იმწუთას იქ არ იყო, როგორც კი ვნახავ, ვეუბნები, გუშინ მე შენზე ასე და ასე ვთქვი-მეთქი.
ჩემმა გმირმა ნათიამ კარგად იცის, როდის უნდა მოეფეროს ქმარს, როდის უნდა ეჩხუბოს ისევ თავის სასარგებლოდ. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი თვისებაა, რადგან ასეთ დროს კარგად მართავ სიტუაციას. ხომ იცით, ნათქვამია, ოჯახის თავი ქმარია, კისერი კი – ქალი, რომელიც თავს საითაც უნდა, იქით მიატრიალებსო. ქალს ეს უნარი როცა აქვს, კარგია, რადგან კაციც ვერ ხვდება, რომ ატრიალებენ და ჰგონია, რომ ნამდვილად ოჯახის თავია (იცინის), თან ყველა ბედნიერია.
- შენს გმირს ძალიან უყვარს მცენარეები და დილას მათი მოფერებით იწყებს.
- მეც მიყვარს ყვავილები, მაგრამ ამ საკითხში ძალიან ზარმაცი ვარ და ჩემი დედამთილი უვლის.
- რაც შეეხება თეატრს, რა სიახლეები გაქვს ამ მხრივ?
- მუსიკისა და დრამის თეატრში, ასევე მარჯანიშვილშიც, ამ ეტაპზე ახალი არაფერია, მაგრამ ილიაუნის თეატრში ვითამაშეთ პრემიერა სპექტაკლისა ''ჟლეტის ღმერთი'', რომელიც პირადად მე ძალიან მომწონს. დავით ჭაბაშვილმა, რომელიც სერიალის ''გოგონა გარეუბნიდან'' რეჟისორი გახლდათ, ძალები თეატრში მოსინჯა, ეს სპექტაკლი შემოგვთავაზა და ვფიქრობ, რომ კარგი შედეგი დადო. სპექტაკლი დეკემბერში ჩავაბარეთ, იანვრიდან კი განახლდება.
- როგორც ვხედავ, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვს, ალბათ რთულია, ოჯახს შეუთავსო ამდენი საქმე...
- კი, ნამდვილად. სერიალის გადაღებები საპრემიერო მზადებას დაემთხვა და იმ პერიოდში მართლა ძალიან დაკავებული გახლდით. შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად სახლში არ ვიყავი, შვილსა და ოჯახის წევრებსაც წესიერად ვერ ვნახულობდი. მე რომ სხვა პროფესიის ვიყო და მსახიობი ქმარი მყავდეს, ალბათ, ჩემთვისაც რთული იქნებოდა ამ რეჟიმთან შეგუება, მაგრამ როდესაც ბედს მსახიობს უკავშირებ, ნაწილობრივ მაინც უნდა იყო შეგუებული იმ აზრს, რომ მას ასეთი გადატვირთული გრაფიკი ექნება.
- მეუღლე როგორ აფასებს შენს როლს, ხომ არ იჭერს ნათიაში ნატალიას დეტალებს?
- არა, ამ თვალსაზრისით არაფერს ამბობს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ კრიტიკულია. როცა რაღაც არ გამოგდის კარგად, ამას ყველაზე მეტად თვითონ გრძნობ. როცა რომელიღაც სცენაზე ვფიქრობ, რომ არ იყო ბოლომდე კარგი და ჩემი მეუღლეც ძალიან სწორად და კორექტულად აღნიშნავს ამას, საშინლად ვბრაზდები და ნერვები მეშლება, მაგრამ ვიცი, რომ მართალია. ძალიან ლამაზად ამბობს ხოლმე სათქმელს, მაგრამ მე მაინც ჩხუბს ვიწყებ, ბოლოს იქამდე მივდივართ, მეუბნება, არასდროს აღარაფერს გეტყვიო... (იღიმის).
- თქვენი ბიჭი რამდენი წლისაა?
- დათუნა 8 წლისაა, უყურებს სერიალს და ''რომ გადახვალ გააჩერესაც''. სხვათა შორის, რამდენიმე ანეკდოტში თავადაც მიიღო მონაწილეობა და მოეწონა. ტელევიზორში თავის თავს რომ ხედავს, მაშინ უფრო კმაყოფილია, ვიდრე მე რომ მხედავს (იღიმის). იმ დღეს პრეტენზია გამოთქვა, მე მთელ გადაცემაში მხოლოდ ერთ ანეკდოტში ვიყავი, შენ კიდევ თითქმის ყველაში მიიღე მონაწილეობაო.
- მსახიობობას ხომ არ აპირებს?
- მართალია, მოსწონს გადაღებების პროცესი, მაგრამ როცა ეკითხებიან, მსახიობობა თუ გინდაო, უარყოფითად პასუხობს და ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. რთული პროფესიაა მსახიობობა, ბევრი გულისტკენა შეხვდება და შემოსავალი ცოტაა, ამიტომ ვურჩევ, რამე სხვას მოჰკიდოს ხელი, გადაწყვეტილება კი თავად უნდა მიიღოს.
- თავად ახსენე გადაცემა ''რომ გადახვალ გააჩერე'', სადაც ლოგინის სცენაშიც გიწევს თამაში, შენი მეუღლე ამას ხომ არ განიცდის?
- ალბათ, ბედნიერებისგან არ გიჟდება, მაგრამ მკვეთრად არ გამოხატავს აგრესიას და არ მეუბნება, ასეთ სცენაში აღარ მიიღო მონაწილეობაო. ალბათ, გულის სიღრმეში არ სიამოვნებს, მაგრამ ამაზე კონფლიქტი არ გვქონია.
- დასასრულ, ახალი წლის შესახებ მინდა გკითხო, როგორ შეხვდი 2014 წელს?
- ტრადიციულად ოჯახში და შემდეგ გადავინაცვლეთ სამეგობრო წრეში, რესტორნებსა და კლუბებში არ გვივლია.
- ოჯახში საახალწლო საჩუქრების ტრადიცია თუ გაქვთ?
- უფრო ბავშვს ვჩუქნით ხოლმე ფულს და მერე რაც თავად სურს, იმას ყიდულობს. დათუნას უნდოდა ბოტასები, რომლებსაც ბორბლები გამოსდის და დაგორავს, ასევე ტრასა, რომელზეც მანქანა დადის და წიგნი. ეს სამი სურვილი შევუსრულეთ, ბიძამისმა კი პლანშეტი უყიდა, ოღონდ ეს სიურპრიზი იყო, არ ელოდა და ახალი წლის ღამეს სიხარულისგან კინაღამ ხელებში ჩაგვაკვდა (იღიმის).
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''