- ფილოლოგი გახლავართ, დედაც ფილოლოგია, ჩემი

- სად იღებდი ფოტოებს?
- სახლში, დიდ ოთახში მაგიდა გვედგა, რომელზეც კომპოზიციებს ვაგებდი და შემდეგ ფოტოებს ვუღებდი. პირველი გამოფენა უნივერსიტეტში წითელი ჯვრის დელეგაციის სტუმრობისას მქონდა. მეორედ, პატრიარქი იუბილეს აღსანიშნავად ჩვენთან მობრძანდა. ჩარჩოში ჩასმის საშუალება არ მქონდა და ფოტოები თოკებზე დავკიდე. შემდეგ კიდევ მქონდა გამოფენა თეატრალურ სარდაფში. ერთხელ კონკურსი ჩატარდა, თემა იყო ''ხელოვნება მარადიულია, ცხოვრება წარმავალი''. ნაკლებად მიყვარს ოთახიდან გასვლა, მთელი დღე ვაწყობდი კომპოზიციას და ბოლოს ჩაპლინის თემა ავირჩიე.

- შიშველ ნატურაზე თუ გიმუშავია?
- დიახ, ოღონდ ამ შემთხვევაშიც კომპოზიციას მივადექი, ე.წ. ''ბოდისკეიპს'', როდესაც სხეულის რომელიმე დეტალს ნივთს ამატებ და ამით ცდილობ, სხვა შინაარსი შექმნა. ეს ფოტოსესია ექვსი წლის წინ გადავიღე. მეგობრის მეგობარს ვთხოვე მონაწილეობა. ხომ იცით, საქართველოში ქალბატონის დათანხმება რთულია. გეკითხებიან, ბოლომდე მითხარი, რა გინდაო (იღიმის). ოდისევსის თემა ავიღე. ზოგ შემთხვევაში იდაყვი ჩანდა, ზოგჯერ მკერდი, ზურგის ნაწილი. გოგონამ მთხოვა, რომ მისი ვინაობა არ გამეთქვა, ცხადია, სახეც არ უჩანს.


- კომპოზიციურად რა შემატე მის სხეულს?
- პატარა ხის გემი, ბავშვის სათამაშო. გააჩნია, რა ადგილს მიუჩენ ნივთებს, შეიძლება, სხეული საერთოდ სხვაგვარად გადმოსცე. ჩვენთან ყოველი ახალი წამოწყების დროს იშტამპებიან. ფოტოსაიტებზე რაღაცებს გასწავლიან, შეზღუდვებს გიწესებენ, რომ ასე გადაღება არ შეიძლება. არადა, ამ სფეროში მასწავლებელი არ არსებობს, არანაირი სახელმძღვანელო არ გინდა. პირიქით, ბევრი ექსპერიმენტი უნდა ჩაატარო.


- ბავშვები რამდენად ხვდებიან შენს ფოტოობიექტივში?
- ხშირად... ჩემს დას ექვსი შვილი ჰყავს, ძმას - ორი, მე – ერთი (იცინის). ბავშვები კარგი გადასაღები არიან. ბუნებრივები... თუ არსად არ ეჩქარებათ, თამაშში აიყოლიებ და უამრავ ფოტოს გადაუღებ. ერთი შემთხვევა მქონდა, სოფელში ჩავედი და გზად საოცარი გარეგნობის მწყემსი შემხვდა, გაბურძგნილი, წვერით, ძალიან მაგარი ტიპაჟი... პირველი შემთხვევა იყო, რომ ადამიანის გადაღება მომინდა. შევუთანხმდი, რომ საღამოს გადავიდოდი და სანამ დაბნელდებოდა, ფოტოს გადავუღებდი. მივედი და წვერგაპარსული, კარგად ჩაცმული და დავარცხნილი დამხვდა. ზრდილობის გამო არაფერი მითქვამს, მაინც გადავიღე, მაგრამ ის ფირი არ გამიმჟღავნებია.


- სამსახურში თუ იყენებდი ახალ პროფესიას?
- ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში დავიწყე მუშაობა და ეს იყო ძალიან ბედნიერი პერიოდი, რადგან ჩემი კომპოზიციების რეალიზება შევძელი. სლოგანს მეუბნებოდნენ და შემდეგ ვიწყებდი კონცეფციაზე მუშაობას. თავიდან თავდაჯერება მაკლდა, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა ცნობილმა გამაგრილებელმა სასმელმა ჩემი კომპოზიციებით შვიდწამიანი სატელევიზიო რეკლამა გააკეთა. ძალიან გამიხარდა. ახლა ''პალიტრაში''მოძრავ ჩანართებიან წიგნებს ვაკეთებ, ეს არის ქაღალდის ინჟინერია, სამგანზომილებიანი ''პოპაპ''წიგნები. დავით აღმაშენებელი უკვე გამოვიდა, იანვარში გამოვა ილია ჭავჭავაძე, ვახტანგ გორგასალი. ქაღალდის ინჟინერიაზე მე ვმუშაობ, სპეციალური კეცვებია, მილიმეტრიანი სხვაობა რომ მოგცეს, წიგნი აღარ გაიშლება. ასევე ჩემს დას, ირმას, კულინარიული ჟურნალის გადაღებებში ვეხმარები. საბავშვო წიგნები უფრო რთულად გასაკეთებელია და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვუდგები, შემდეგ ეს წიგნები საბაზისო ხდება. ვფიქრობთ იდეაზე, რა დაიხატოს, შემდეგ რომელი სცენა ამოძრავდეს.

- არაკომერციული საოცნებო პროექტი თუ გაქვს?
- უცნაურია, მაგრამ საკუთარ საბავშვო ბაღზე ვოცნებობ. ეს არც ფოტოგრაფიას უკავშირდება და არც სარეკლამო კრეატივს. თოთხმეტი წელია, რაც ამ საქმეს ვემსახურები.


- ამ წლების განმავლობაში რომელი პროექტით შეგიძლია იამაყო?
- ალბათ, წიგნებით, რასაც ახლა ვაკეთებ. ფოტოკომპოზიციები, იდეები, ბავშვებთან ურთიერთობა, ისტორია, ფილოლოგია, ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი და გაერთიანდა.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















