17 იანვარი, 2014
''ვიღაცისთვის ფოტოგრაფია შეჩერებული წამია, მე კი დაგეგმილ წამს ვიღებ...''
ზოგ შემთხვევაში იდაყვი ჩანდა, ზოგჯერ მკერდი, ზურგის ნაწილი. გოგონამ მთხოვა, რომ მისი ვინაობა არ გამეთქვა, ცხადია, სახეც არ უჩანს კოტე იანტბელიძე ''პალიტრა მედიაში''მუშაობს. საბავშვო წიგნების ავტორი და რედაქტორია. მართალია, ერთ შენობაში ვმუშაობთ, მაგრამ არ ვიცოდით, თუ ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული. უცნაურია, მაგრამ მისი გადაღება ყოველთვის დაგეგმილია, როგორც მისი სხვა კოლეგები, წამს არასოდეს აჩერებს. არ უყვარს სულიერის გადაღება. მის ობიექტივში მოხვედრის შანსი მხოლოდ საკუთარი ხელით აწყობილ კომპოზიციებს და ხანდახან ბავშვებსაც აქვთ.

- ფილოლოგი გახლავართ, დედაც ფილოლოგია, ჩემი
დაც. მამა - ისტორიკოსია. ფოტოგრაფია ჩემთვის საშუალება აღმოჩნდა და არა მიზანი. წლების წინ მინიმალისტური კომპოზიცია შევქმენი და ხალხისთვის მისი ჩვენება მხოლოდ ფოტოთი შემეძლო. თუ ფოტო ტექნიკურად ცუდად იქნებოდა შესრულებული, კომპოზიციას სათანადოდ ვერ აღიქვამდნენ, ამიტომ მომიწია გადაღების შესწავლამ. მაშინ პირველ კურსზე ვიყავი. თავიდან ''ზენიტით''ვიღებდი და დღემდე ვგიჟდები ფირით გადაღებაზე. გადაღებებმა გამიტაცა, მაგრამ ადამიანების გადაღებაზე უარს ვამბობდი. კომპოზიციას დიდხანს ვქმნი, საგნები არსად გარბიან. ადამიანები კი ამდენ ხანს გადაღების მოლოდინში ვერ ძლებენ. ვხუმრობ კიდეც - ვიღაცისთვის ფოტოგრაფია შეჩერებული წამია, მე კი დაგეგმილ წამს ვიღებ.

Rating

- სად იღებდი ფოტოებს?
- სახლში, დიდ ოთახში მაგიდა გვედგა, რომელზეც კომპოზიციებს ვაგებდი და შემდეგ ფოტოებს ვუღებდი. პირველი გამოფენა უნივერსიტეტში წითელი ჯვრის დელეგაციის სტუმრობისას მქონდა. მეორედ, პატრიარქი იუბილეს აღსანიშნავად ჩვენთან მობრძანდა. ჩარჩოში ჩასმის საშუალება არ მქონდა და ფოტოები თოკებზე დავკიდე. შემდეგ კიდევ მქონდა გამოფენა თეატრალურ სარდაფში. ერთხელ კონკურსი ჩატარდა, თემა იყო ''ხელოვნება მარადიულია, ცხოვრება წარმავალი''. ნაკლებად მიყვარს ოთახიდან გასვლა, მთელი დღე ვაწყობდი კომპოზიციას და ბოლოს ჩაპლინის თემა ავირჩიე.

Rating

- შიშველ ნატურაზე თუ გიმუშავია?
- დიახ, ოღონდ ამ შემთხვევაშიც კომპოზიციას მივადექი, ე.წ. ''ბოდისკეიპს'', როდესაც სხეულის რომელიმე დეტალს ნივთს ამატებ და ამით ცდილობ, სხვა შინაარსი შექმნა. ეს ფოტოსესია ექვსი წლის წინ გადავიღე. მეგობრის მეგობარს ვთხოვე მონაწილეობა. ხომ იცით, საქართველოში ქალბატონის დათანხმება რთულია. გეკითხებიან, ბოლომდე მითხარი, რა გინდაო (იღიმის). ოდისევსის თემა ავიღე. ზოგ შემთხვევაში იდაყვი ჩანდა, ზოგჯერ მკერდი, ზურგის ნაწილი. გოგონამ მთხოვა, რომ მისი ვინაობა არ გამეთქვა, ცხადია, სახეც არ უჩანს.

Rating

Rating

- კომპოზიციურად რა შემატე მის სხეულს?
- პატარა ხის გემი, ბავშვის სათამაშო. გააჩნია, რა ადგილს მიუჩენ ნივთებს, შეიძლება, სხეული საერთოდ სხვაგვარად გადმოსცე. ჩვენთან ყოველი ახალი წამოწყების დროს იშტამპებიან. ფოტოსაიტებზე რაღაცებს გასწავლიან, შეზღუდვებს გიწესებენ, რომ ასე გადაღება არ შეიძლება. არადა, ამ სფეროში მასწავლებელი არ არსებობს, არანაირი სახელმძღვანელო არ გინდა. პირიქით, ბევრი ექსპერიმენტი უნდა ჩაატარო.

Rating

Rating

- ბავშვები რამდენად ხვდებიან შენს ფოტოობიექტივში?
- ხშირად... ჩემს დას ექვსი შვილი ჰყავს, ძმას - ორი, მე – ერთი (იცინის). ბავშვები კარგი გადასაღები არიან. ბუნებრივები... თუ არსად არ ეჩქარებათ, თამაშში აიყოლიებ და უამრავ ფოტოს გადაუღებ. ერთი შემთხვევა მქონდა, სოფელში ჩავედი და გზად საოცარი გარეგნობის მწყემსი შემხვდა, გაბურძგნილი, წვერით, ძალიან მაგარი ტიპაჟი... პირველი შემთხვევა იყო, რომ ადამიანის გადაღება მომინდა. შევუთანხმდი, რომ საღამოს გადავიდოდი და სანამ დაბნელდებოდა, ფოტოს გადავუღებდი. მივედი და წვერგაპარსული, კარგად ჩაცმული და დავარცხნილი დამხვდა. ზრდილობის გამო არაფერი მითქვამს, მაინც გადავიღე, მაგრამ ის ფირი არ გამიმჟღავნებია.

Rating

Rating

- სამსახურში თუ იყენებდი ახალ პროფესიას?
- ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში დავიწყე მუშაობა და ეს იყო ძალიან ბედნიერი პერიოდი, რადგან ჩემი კომპოზიციების რეალიზება შევძელი. სლოგანს მეუბნებოდნენ და შემდეგ ვიწყებდი კონცეფციაზე მუშაობას. თავიდან თავდაჯერება მაკლდა, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა ცნობილმა გამაგრილებელმა სასმელმა ჩემი კომპოზიციებით შვიდწამიანი სატელევიზიო რეკლამა გააკეთა. ძალიან გამიხარდა. ახლა ''პალიტრაში''მოძრავ ჩანართებიან წიგნებს ვაკეთებ, ეს არის ქაღალდის ინჟინერია, სამგანზომილებიანი ''პოპაპ''წიგნები. დავით აღმაშენებელი უკვე გამოვიდა, იანვარში გამოვა ილია ჭავჭავაძე, ვახტანგ გორგასალი. ქაღალდის ინჟინერიაზე მე ვმუშაობ, სპეციალური კეცვებია, მილიმეტრიანი სხვაობა რომ მოგცეს, წიგნი აღარ გაიშლება. ასევე ჩემს დას, ირმას, კულინარიული ჟურნალის გადაღებებში ვეხმარები. საბავშვო წიგნები უფრო რთულად გასაკეთებელია და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვუდგები, შემდეგ ეს წიგნები საბაზისო ხდება. ვფიქრობთ იდეაზე, რა დაიხატოს, შემდეგ რომელი სცენა ამოძრავდეს.

Rating

- არაკომერციული საოცნებო პროექტი თუ გაქვს?
- უცნაურია, მაგრამ საკუთარ საბავშვო ბაღზე ვოცნებობ. ეს არც ფოტოგრაფიას უკავშირდება და არც სარეკლამო კრეატივს. თოთხმეტი წელია, რაც ამ საქმეს ვემსახურები.

RatingRating

- ამ წლების განმავლობაში რომელი პროექტით შეგიძლია იამაყო?
- ალბათ, წიგნებით, რასაც ახლა ვაკეთებ. ფოტოკომპოზიციები, იდეები, ბავშვებთან ურთიერთობა, ისტორია, ფილოლოგია, ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი და გაერთიანდა.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მიშკა
არასოდეს არ ვაცდენ კოტეს ლექციას!
02:11 / 18-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS