16 იანვარი, 2014
''მენატურედ 30 წელი ვიმუშავე... 95 კილო ვიყავი''
ბავშვები რომ შემოვიდნენ, ჯერ მკერდზე და წინ ავიფარე ხელი, მაგრამ არ ვიცოდი, უკანალი როგორ დამემალა ჟანა კალატოზიანი 28 წლის გახლდათ, როცა თბილისის სამხატვრო აკადემიაში მენატურედ დაიწყო მუშაობა. ვინ იცის, რამდენ შემდგარ და შეუმდგარ მხატვარს უხატია მისი სხეული... ის რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული. ბოლოს ერთ-ერთი მთავარი როლი განასახიერა რეჟისორ გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილის მხატვრულ ფილმში ''ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ'', რომლის პრემიერა კინოთეატრ ''რუსთაველში'' მცირე ხნის წინ შედგა. მანამდე ის მოხვდა მიხეილ ბასინოვის ფილმში ''ნატურა'', შემდეგ მისით გერმანელი რეჟისორი შტეფან
შტოლციც დაინტერესდა. ''შტეფან შტოლცმაც გადამიღო თავის ფილმში. იმ დროს ეთერ ჭკადუა ამერიკიდან იყო ჩამოსული. აქ, თავის სახლში მხატავდა. მაშინ შტოლცი თბილისში ეთერთან მოვიდა. ოთახში რომ დამინახა, მაშინვე თქვა, რომ ჩემი ფილმში გადაღება სურდა და ასეც მოიქცა''.
ჟანა კალატოზიანმა ჩვენთვის მენატურის რთული და დაძაბული სამუშაო გრაფიკის რამდენიმე დეტალი გაიხსენა...

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. 11 წლამდე ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი, მერე სოლოლაკში გადავედი და ბოლოს მთაწმინდაზე, სულხან-საბა ორბელიანის ბაღთან დავსახლდი. დედისერთა ვარ. მხოლოდ დედა მყავდა, რომელმაც წვალებით გამომზარდა. ერთხელ მოქანდაკე რუბენ ამიროვმა ქუჩაში დამინახა და აკადემიაში წამიყვანა. პირდაპირ უჩა ჯაფარიძესთან დამაყენა.
- მანამდე სწავლობდით სადმე ან მუშაობდით?
- სავაჭრო ტექნიკუმი დავამთავრე. მერე უკვე მენატურედ ვმუშაობდი. აკადემიაში რომ მივედი, ბევრი მენატურე იყო: რუსეთიდანაც, აქაურებიც.
- როგორი სამუშაო რეჟიმი გქონდათ? იქ რამდენი წელი იმუშავეთ?
- ძალიან რთული რეჟიმი მქონდა. იცით, როგორ მომბეზრდა?! წარმოიდგინეთ, 6 საათი ფეხზე უნდა იდგე, ხანაც გაუნძრევლად წევხარ. მთელი სხეული მტკიოდა. საერთოდ, ძალიან რთული სამუშაოა. არადა, რა მექნა, თუ ფული გინდა, უნდა იმუშაო. ზაფხულში ვისვენებდი, მაგრამ როცა სტუდენტებს შემოდგომაზე ლექციები ეწყებოდათ, ჩემი სამუშაოც იწყებოდა. ზამთარში ოთახები თბებოდა. თან რეფლექტორები იდგა. ახლაც თბება, მაგრამ ახლა იქ აღარ ვმუშაობ. 6 წელია, მუშაობას თავი დავანებე. 64-ის წლის ვარ. 30 წელი ვიმუშავე მენატურედ.
- თავიდან, როცა უჩა ჯაფარიძესთან მიხვედით, აუდიტორიის წინაშე ტანზე გახდისას კომპლექსი არ გქონდათ?
- კი. აუდიტორიაში რომ შევედი, უჩამ მითხრა, წადი ახლა, გაიხადე; წარმოიდგინე, რომ აბანოში ხარო. ბავშვები რომ დავინახე, შემრცხვა, აქედან გავიდნენ-მეთქი. რატომღაც მეგონა, სერიოზულ ხალხს უნდა ვეხატე და არა იმათ, ვინც ოთახში დამხვდა (იღიმის). არც ხალათი მქონდა მიტანილი და არც რამე ნაჭერი. გავიდნენ სტუდენტები და იქვე გავიხადე. უჩას ხმა მომესმა, აბა, აქ მოდი, გოგოო. მრცხვენია-მეთქი, ვუთხარი. ისევ დამიძახა, წარმოიდგინე, რომ საპონი და ''მაჩალკა'' გაქვს და აბანოში ხარო. როგორღაც გავიმართე. დამაყენა მაგიდაზე და შემაქო, - ასე იცოდა, თუ მენატურე მოეწონებოდა. ამასობაში, ვხედავ, კარი იღება და შემოდის ერთი ბიჭი, მეორე, მესამე... ვაიმე... უჩამ მითხრა, ნუ გრცხვენია, ესენი მხატვრები არიან, სხვანაირად არ გიყურებენო. ბავშვები რომ შემოვიდნენ, ჯერ მკერდზე და წინ ავიფარე ხელი, მაგრამ არ ვიცოდი, უკანალი როგორ დამემალა (იღიმის). მერე შევეჩვიე და აღარ მრცხვენოდა. ეგ კი არა, ჩემს ქმართან ძმაკაცები რომ მოვიდოდნენ სტუმრად, იმდენად მოხსნილი მქონდა სიშიშვლის კომპლექსი, რომ ლამის მათი თანდასწრებით გამომეცვალა ტანზე. ძალიან ბევრ პედაგოგთან ვმუშაობდი: კოკა იგნატოვთან, კორნელი სანაძესთან, მიტო ხახუტაშვილთან... პედაგოგებსა და ბავშვებს ძალიან მოვწონდი. მე ხუმრობაც ვიცი და მხიარულიც ვარ.
- მეუღლე რა პროფესიის იყო?
- იატაკს აგებდა და ხისგან ლამაზ ფორმებს ქმნიდა. როცა დავოჯახდი, უკვე მენატურედ ვმუშაობდი. ჩემს ქმარს ჩემი კარგად ესმოდა. ზოგმა რომ იცის პრეტენზიები, ყვირილი, აურზაური, ის ასე არ იყო. მან იცოდა, რომ ეს ხელოვნებაა და ძალიან უყვარდა. არ ეჭვიანობდა. ამბობდა, მე შენი მჯერა, სადაც გინდა წადი და როცა გინდა მოდიო. ქმარი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. 30 წელი ვიყავით ერთად.
- შვილები გყავდათ?
- არა. ჩემს მეუღლეს პირველ ცოლთან ჰყავდა 2 ბიჭი, მე კი ბავშვი არ მეღირსა.
- სტუდენტებს თქვენი პორტრეტი ან მცირე ჩანახატი თუ უჩუქებიათ თქვენთვის?
- იცი, რა ''ჟმოტები'' არიან?! ერთხელ ვთხოვე, ნატურმორტი დამიხატეთ-მეთქი, მპირდებოდნენ, მპირდებოდნენ, მაგრამ... რამდენიმე პორტრეტი მქონდა, მაგრამ მერე დამეკარგა. ერთი ბიჭი იყო სოფლიდან, ვარდენა ერქვა. გვარი არ მახსოვს. უჩა ჯაფარიძესთან სწავლობდა. ძალიან ნიჭიერი იყო. რამდენჯერ ყოფილა, რომ სახლში წამოსვლა მნდომებია, მაგრამ იმ ბიჭს თავად ვთავაზობდი დარჩენას, რომ ეტიუდები ეხატა. მსიამოვნებდა, ისე კარგად ხატავდა. მან ჩემი რამდენიმე ეტიუდი დახატა და მაჩუქა, მაგრამ ისინიც დავკარგე. კიდევ ერთი გოგონა იყო, ალიონა თვაური, მასთან სახლშიც მივდიოდი და მხატავდა. ჩემზე უმცროსი იყო, ვმეგობრობდით, ჩემს დაბადების დღეებზეც მოდიოდა.
აკადემიაში ბევრი მენატურე იყო, მაგრამ მე ხშირად მეძახდნენ. არ ვამაყობ, მაგრამ ჟანა პირველი არისო, - ასე ამბობდნენ. მხატვრები შინაც მიწვევდნენ და თავიანთ სახელოსნოებში მხატავდნენ. იცით, კერძოდ რომ ვმუშაობდი, ამ გზით რამდენ ფულს ვაკეთებდი? აკადემიაში საათების მიხედვით იყო ანაზღაურება. თუ ორი კურსი მხატავდა, მაშინ ორის თანხას ვიწერდი და არა ერთს. კერძოდ რომ დავდიოდი და მხატავდნენ, უფრო მეტს ვაკეთებდი. ზაფხულისთვის 2 ათას მანეთამდე მრჩებოდა.
- იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხაა... მენატურეებისთვის არის თუ არა განსაზღვრული ასაკი?
- არა. მე რომ აკადემიაში დავიწყე მუშაობა, იქ ერთი ასი წლის ქალი იყო, რომლის პორტრეტსაც ხატავდნენ. ძალიან კარგი სახე ჰქონდა და ყველა გიჟდებოდა მასთან მუშაობაზე.
- მენატურე უნდა ყოფილიყო გამხდარი, რამე კონკრეტული წონის თუ მნიშვნელობა არ ჰქონდა?
- გამხდარი არა, ფორმებიანი ქალი უფრო მოსწონთ. მკერდი, საჯდომი, პატარა მუცელი უნდა ეტყობოდეს. რენესანსის ეპოქის მხატვრები სულ ასეთ ქალებს არ ხატავდნენ?!
- ჰო, მაგრამ, მერე ხომ შეიცვალა ქალის პროპორციებისადმი დამოკიდებულება...
- მერე, რა?! მაინც. სახატავად ცოტა ზედმეტი წონაა საჭირო. მე 95 კილო ვიყავი. ჟანა, საინტერესოდ დასახატი ხარ, ადვილი და კარგიო - მეუბნებოდნენ. თმა ქერად მქონდა შეღებილი. ვფიქრობ, მიხდებოდა. ახლა აღარაფერი მიხდება, თორემ...
- მიუხედავად რთული სამუშაო რეჟიმისა, გენატრებათ ის დრო?
- კი, როგორ არ მენატრება. თან მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ღონეც მქონდა, ახლა პენსიაზე ვარ. მენატრება, მენატრება და თან მომბეზრდა კიდეც (იღიმის).

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ოთარი
მეც მიხატია კარგი ნატურა იყო
22:11 / 18-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
კარგი დრო გამახსენდა. ჟანა ნამდვილად პროფესიონალი ნატურა და საინტერესო ადამიანია. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ
20:35 / 17-09-2016
გამოხმაურება / 0 /
HAEHA
ჟანა თან სასაცილო და საინტერესო ისტორიებს ყვებოდა ხოლმე, :) ერთხელ- 90-იან წლებში- ხლხ რო ქუჩაში პატარა მიზეზის გამო პაკრიშკებს წვავდა და მანქანებს გზას უკეტავდა- ეგ დრო იყო, და ჟანა დგას- ჩვენ ვხატავთ, და მეორე ნატურას უთხრა-- ხო ხედავ ხელფასი არ გვყოფნის, წამო ჩვენც გადავკეტოთ ქუჩა და მოვითხოვოთ ხელფასის მომატებაო.:0 მეორე ნატურამ უტხრა- მოიცა ჟანა, ქუჩა როგორ უნდა გადავკეტოთ, მაგას ბევრი ხალხი უნდა--ჩვენ 2 ვართ, აბა რა შეგვიძლიაო, და ჟანამ უპასუხა-- ეეე, როგორ რა შეგვიძლია, გავალ ტიტველი, და ნახე თავისით გადაიკეტება ეგ ქუჩა მაშინვე ყველა გაჩერდებაო..:) ეგეთ რაღაცეებს ლაპარაკობდა და ჩვენც ვერთობოდით.:)
15:06 / 17-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ფრიდონ იჯარეთელი
მეც მიხატია ჟანა კარგი ქალია ნამდვილი პროფესიონალი!!! მე ის გასაუბრებაზე დავხატე პირველად 1987 წელს და იმიტომ დამამახსოვრდა რომ ნამდვილად ადვილად იხატებოდა ... კარგი და რბილი ხასიათი აქვს საუბარიც შეეძლო და ხუმრობაც ... კომპლექსი სიშიშვლის ნატურას არ უნდა ქონდეს რადგან მხატვრისათვის მაშინ რთული იქნება მისი დახატვა აქ გრძნობებზე და ქვენა გრძნობებზე არა არის საქმე ..აქ გამოსახვა თამაშობს თავის როლს ...მე მაგალითად პირველივე ნატურის ხატვისას მომეხსნა კომპლექსი და ამიტომაც შევდექი მხატვრად
12:39 / 17-09-2016
გამოხმაურება / 0 /
თამარი
Nინო,რას ამბობთ? ჟანა მართლა ძალიან კარგი Nატურა იყო და Aკადემია კი ისეთი Oაზისი,რომ იქ მუშაობა ყველასთვის სახალისო იყო.
08:18 / 18-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS