12 იანვარი, 2018
"ბოლო ორი წელია­ ბინების ყიდვა-გაყიდვით ვარ დაკავებული" - რას საქმიანობენ "პა-სეანსის" გმირები დღეს
"იყო პურის რიგები, სანთლის შუქი, ნავთქურები, მაგრამ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი"

ნელ, მშიერ და სუსხიან 90-იანებში­ საზოგადოების გაღიმებას გადაცემა "პა-სეანსი" და მისი გმირები მაინც ახერხებდნენ. კორუფცია, ძველბიჭობა, ეკონომიკური პრობლემები - ეს "პა-სეანსის" გადაცემების თემათა მოკლე ჩამონათვალია... გავიდა ხანი და წლებთან ერთად "პა-სეანსის" გმირებიც გაქრნენ ეკრანიდან. საინტერესოა, რას საქმიანობენ და როგორ ცხოვრობენ დღეს ისინი.


"ბოლო ორი წელია,­ ბინების ყიდვა-გაყიდვით ვარ დაკავებული"

ლევან ლელაშვილი: - პასეანსელები პოლიტექნიკურის სტუდენტები ვიყავით­. თავდაპირველად სტუდენტთა მოყვარულ თეატრ "მოდი-ნახეში" ვთამაშობდით. "პა-სეანსის" ავტორი და
რეჟ­ისორი მამუკა ღლონტიც ჩვენთან სწავლობდა, იცოდა, ვინ რისი გამკეთებელი ვიყავით და როდესაც მე-2 არხზე პაროდიული გადაცემის გაკეთება ჩაიფიქრა, დაგვიძახა. პირველი გადაცემა 1992 წლის აპრილში გავიდა, ცოტა ხანში უკვე ყველა გვცნობდა. ცხრა წელი ვიყავით ეთერში. მერე ყველაფერი დამთავრდა და ჩვენც დავიქსაქსეთ. ერთხანს ძველ "იბერიაში" მარკეტინგის განყოფილებაში ვმუშაობდი, რამდენიმე გადაცემაც გავაკეთე. შემდეგში მე და ირაკლი ფრანგიშვილს "იმედის დილაში" გვქონდა იუმორისტული რუბრიკა, მერე ლოტო მიმყავდა. ბოლო ორი წელია­, ბინების ყიდვა-გაყიდვით ვარ დაკავებული. სახლიდან ვმუშაობ, როგორც ჩვენი მინისტრები ამბობენ, თვითდასაქმებული ვარ.

"სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას სატელევიზიო პროექტში, მაგრამ..."

ალეკო თეთრაშვილი: - "პა-სეანსში" ინსტიტუტიდან მოვხვდი. სინჯებზე მივედი და ამიყვანეს. ასე გავხდი მათე მელიავა - კაცი, რომელიც ყველაფერზე საუბრობდა ეკონომიკის გარდა. კიდევ ბევრი როლი განვასახიერე, მაგრამ რატომღაც "მერვეკლასელო" აიტაცეს განსაკუთრებით, კარგი კლიპებიც გადავიღეთ.
ახლა ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად ვმუშაობ. სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას რომელიმე სატელევიზიო პროექტში, მაგრამ... შარშან სერიალ "მზარეულებში" ვითამაშე შეფ-მზარეულის როლი. "პა-სეანსი" ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი პერიოდი იყო. დღესაც მაჩერებენ ქუჩაში, თქვენი იუმორი გვენატრებაო, მთხოვენ ავტოგრაფს და სამახსოვროდ სელფებს იღებენ.

""პა-სეანსი" რომ გაგრძელებულიყო, უარს არ ვიტყოდი, სხვა პროექტზე კი, რა გითხრათ..."

ირინა შაყულაშვილი: - "პა-სეანსის" მერე ავეჯის სალონ "ბელუქსში" ვმუშაობდი. მერე დედა გავხდი. შემოთავაზება ტელევიზიიდან აღარ მქონია. "პა-სეანსი" რომ გაგრძელებულიყო, უარს არ ვიტყოდი, სხვა პროექტზე კი, რა გითხრათ... 



განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS