- როგორი სტილის ფეხსაცმელი იქნება მოდური 2014 წელს?
- ყველა დიზაინერს თავისი ხედვა აქვს, მაგრამ ზოგადად, ფეხსაცმლის ტენდენცია ერთ ჭრილში რომ მოვაქციოთ, შეიძლება ვთქვათ, რომ მოდურია უფრო უხეში, მამაკაცური ფორმები. ცხვირის ფორმა ოთხკუთხედი ხდება, თუმცა წვრილწვეტიანიც ასევე აქტუალური
- გასულ სეზონზე პანკ-როკ სტილი იყო აქტუალური, წვეტიანი მეტალით ფორმდებოდა ფეხსაცმელი თუ სამოსი, 2014-ში ეს აქტუალობას ინარჩუნებს?
- არა. სიმართლე გითხრათ, მეტალი პირადად მე უკვე მომბეზრდა, თუმცა რაღაც დოზით მაინც რჩება ამ სეზონზე. უფრო აქტუალური იქნება ფერადოვნება ფეხსაცმელში, შავ-თეთრის შერწყმა, არათავსებადი ტონების ერთმანეთთან შეხამება და ა.შ.
- როგორც ვიცით, ახლა ეკლექტიკაა მოდური, ამიტომ მოდა უფრო სპორტული ფეხსაცმლისკენ გადაიხარა, თქვენს შემოქმედებაში თუ შევხვდებით ამ ტიპის ნამუშევარს?
- სპორტული სტილი შემოვიდა იმიტომ, რომ მოდამ ფეხი აუწყო ადამიანების ცხოვრების წესს. ჩემი ფეხსაცმელი კი ბოლომდე არც სპორტულია და არც კლასიკური, შუალედურია. ტენდენციების გარკვეულ მოთხოვნებს კი ვაკმაყოფილებ, მაგრამ მაინც ვცდილობ, ჩემი ხედვით შევქმნა პროდუქტი, მეტიც, ჟურნალებსაც ინტენსიურად არ ვათვალიერებ, რომ უნებურად რომელიმე მოდის სახლის ან დიზაინერის გავლენის ქვეშ არ მოვექცე.
- როგორც აღნიშნეთ, თქვენთვის ფეხსაცმელზე მუშობა უფრო პრიორიტეტულია, თუმცა სამოსზეც მუშაობთ, ამ თვალსაზრისით რა ტენდენციებს გვთავაზობს მოდა?
- ამ სეზონის სილუეტი არ არის გამოკვეთილი და გამოყვანილი, არ მიჰყვება ტანის ფორმებს, უფრო თავისუფალი და სპორტული სტილია მოდაში, კლასიკური დეტალებით.

- ანუ, თუ გვინდა, რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ, აუცილებლად უნდა შევიტანოთ ჩვენს ჩაცმულობაში სპორტული დეტალი?
- კი, ასეა. შეიძლება, მთლად სპორტული სამოსი არ გეცვათ, მაგრამ კლასიკურ სამოსში, პიჯაკში აუცილებლად უნდა იყოს სპორტული შტრიხი. მაგალითად, შეიძლება, შევიკეროთ სპორტული სტილის კაბა, მაგრამ წელი გამოვკვეთოთ საინტერესო ქამრით, ასევე აქტუალურია სპორტულ ზედებზე მძივებით ან ბისერებით მოქარგვა.
- რაც შეეხება შარვლის ფორმას, ტოტს...
- ახლა შემოვიდა შლაქსის ტიპის, განიერი და ასევე სპორტული შარვლები. მოდურია კუბოკრული, ყვავილებიანი ნაჭერი, თუმცა პირადად მე არ ვაპირებ კუბოკრულის გამოყენებას, რადგან უკვე ბევრჯერ ნათქვამი ჩემში ინტერესს აღარ იწვევს.
- როგორი კაბები და ქვედაბოლოები უნდა მოვირგოთ?
- ქვედაბოლო უნდა იყოს მაღალწელიანი და ქვემოთ დავიწროებული.
- ცოტა რამ საგაზაფხულო მოდაზეც გვითხარით...
- საგაზაფხულოდ ძალიან ელეგანტური იქნება ერთი და იმავე ქსოვილისგან შეკერილი ზედა-ქვედა, ვთქვათ, კაბა და პიჯაკი, ან შარვალი და პიჯაკი. თუ პერანგიც იმავე ქსოვილისგან იქნება შექმნილი, ძალიან კარგი.
- თამთა, თქვენი კოლექციისთვის აქსესუარებსაც ქმნით, ამ მხრივ რას შესთავაზებთ მომხმარებელს?
- ამ სეზონზე აქცენტი გაკეთდება ყელსაბამებზე, სპორტული ტიპის სამოსს ძალიან მოუხდება ფერადი ქვებით გაწყობილი ყელსაბამი. ამ სეზონზე დიდი ზომის, ჩემოდნის ტიპის ჩანთები შემოვა მოდაში, თუმცა ქლაჩიც რჩება.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''




















