22 დეკემბერი, 2017
„ჩვენი საახალწლო სუფრის მთავარი კერძი იქნება კომშში შემწვარი ინდაური“ - როგორ ხვდება ახალ წელს ლიზა ვადაჭკორია
ცნობილი ტელეწამყანი ლიზა ვადაჭკორია ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია და, შეიძლება ვთქვათ, მისი მემატიანეც. თუმცა, ბოლო ხანს მან პროფილი შეიცვალა და სოციალური თუ პოლიტიკური შოუების წაყვანით დაინტერესდა. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი გახლავთ გადაცემა „სახალხო კონტროლი“, რომელმაც მოკლე ხანში დიდი პოპულარობა მოიპოვა. წარმატებული და ნაყოფიერი წლის შემდეგ გადავწვიტეთ, გაგვეგო, როგორ ემზადება ტელეწამყავნი ახალი წლისთვის.

- ლიზა რაიმე განსხვავებული საახალწლო ტრადიცია თუ გაქვთ?

- ტრადიციულად ახალ წელს ოჯახში ვხვდები. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, როცა საახალწლო კონცერტები მიმყავდა, ამ
დღესასწაულს ქუჩაში ვხვდებოდი. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ახალი წელი არის საოჯახო დღესასწაული და აუცილებლად სახლში უნდა აღნიშნო. ამიტომ ოჯახთან ერთად მივდივართ დედაჩემთან სახლში, მე და ჩემი მეუღლე. იქვე ცხოვრობს ჩემი ძმა და მისი ოჯახიც. აივნიდან ვისვრით ფეირვერკს და აი, ასე ყველა ერთად ვხვდებით ახალ წელს.

- საახალწლო მენიუ თუ შეადგინეთ უკვე?

- საახალწლო მენიუ უკვე შედგენილია. ჩვენი საახალწლო სუფრის მთავარი კერძი იქნება კომშში შემწვარი ინდაური, ასევე, ბურვაკი ან მოხარშული კანჭი, ნივრით და კარტოფილით. სალათები, ღომი, ბაჟე და დედაჩემის საფირმო ხაჭაპური. მენიუს მეტწილად ჩემი მეუღლე ადგენს, რომელიც ძალიან საუცხოო კულინარია და სულ ვეუბნები, რომ მონაწილეობა მიიღოს რუსთავი 2 -ის ახალ გადაცემაში „ჩემი სამზარეულოს წესები“. თუმცა, მე რამდენად გავუწევ პარტნიორობას არ ვიცი. (იცინის)

- ნაძვის ხე მორთეთ?
- მთელი სახლი განათებებითაა მორთული. ორი ნაძვის ხე გვაქვს, დიდი მწვანე და პატარა ვერცხლისფერი, რომელსაც ყოველ წელს ერთ ახალ სათამაშოს ვამატებთ.

- საჩუქრებს როგორ არჩევ?

- საჩუქრების მომზადება არის ყველაზე სასიამოვნო პროცესი, რადგან ჩამოწერილი მაქვს, ვის რა უნდა ვაჩუქო. იშვიათად არის რაღაც ძვირიანი საჩუქარი, უფრო სამახსოვრო საჩუქრებს ვყიდულობ. მაგალითად ჩემს ძმას წიგნი, დედაჩემს ახალი პიჟამო, ჩემს ქალიშვილს კი სამკაულები უნდა ვუყიდო. წელს ჩემი შვილი ახალ წელს თავის ოჯახთან ერთად ახალ სახლში შეხვდება. ხოლო პირველ იანვარს მოვა ჩვენთან სტუმრად ჩემი ქალიშვილი, თავის დათუჩასთან ერთად. დაჩუნამ იცის, რომ საახალწლო პროგრამა აქვს და უნდა მოამზადოს ლექსები, წაიკითხოს და მიიღოს საჩუქრები. ხოლო ჩემგან მიიღებს სათამაშო სალაროს თავისი ურიკით, პროდუქტებით და ფულით.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS