17 დეკემბერს მალიბუ მსმენელს ახალ პროექტს წარუდგენს. მალიბუ და ბენდი „69“ ევროპულ ბაზარზეც აპირებს გასვლას. საკუთარი გეგმების შესახებ მუსიკოსი და მისი პროდუსერი ვაკო მეგენეიშვილი „რეიტინგს“ ესაუბრა.
- თქვენ მიერ შესრულებული სიმღერებიდან რომელს გამოარჩევდით?
- ყველა სიმღერას აქვს რაღაც დატვირთვა, რაღაც მესიჯი, მაგრამ უფრო ალბათ გამოვარჩევდი ჩემს სადებიუტო სიმღერას,
- თვლით თუ არა, რომ X factor-მა გავლენა იქონია თქვენს ამჟამინდელ წარმატებაზე?
- პროექტი საჭიროა იმისთვის, რომ შემსრულებელი გაიცნოს საზოგადოებამ და არა იმისთვის, რომ უბრალოდ გახდე ცნობილი და დაიკარგო. საჭიროა იმისთვის, რომ შემდეგ შენი შემოქმედება მოისმინონ და მოეწონოთ. ჩემთვის ეს იყო პროექტი და, რა თქმა უნდა, რაღაც გავლენა იქონია ჩემს კარიერაზე, რადგან მე ამით დავიწყე.
- რამ მოგცათ კლიპის შექმნის მოტივაცია?
- ზოგადად ძალიან მიყვარს რისკი. ძალიან მიყვარს ახალი რაღაცეები ჩემს ცხოვრებაში და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დეფიციტია იმ ჟანრის მომღერლების, რა ჟანრშიც მე და ეკუნა ვართ. საინტერესო იყო მუშაობის და სიმღერის დაწერის პროცესი. ეს არის ერთგვარი რისკი, თუ რამდენად გაამართლებს და რამდენად სწორად მიიღებს მაყურებელი. მე მგონია, რომ ძალიან გაამართლებს.
- ვის ეკუთვნის სიმღერის ტექსტი და მუსიკა?
- სიმღერას ყოველთვის მე ვწერ. ვთვლი, თუ გაქვს პრეტენზია იყო მომღერალი, აუცილებლად უნდა იყო მუსიკის ტექსტის ავტორიც. რთულია, სხვისი დაწერილი სიმღერა შეასრულო ისე, რომ მსმენელამდე მივიდეს სწორად.
- თქვენი აზრით, შედგა დუეტი ეკუნა ყანჩაველთან და გაამართლა თქვენმა მოლოდინმა?
- ეკუნასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო და საინტერესო. ვფიქრობ, რომ 100%-ით გაამართლებს. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ნინო ჩხეიძეს, რომ გვერდით გვიდგას და გვეხმარება ყველანაირად.
- რას გეგმავთ მომავალში?
ვაკო მეგენეიშვილი (პროდუსერი): ძალიან ბევრი შემოთავაზებებია ბარებიდან და ლაუნჯებიდან, მაგრამ არ მინდა ჩემს პროდუქტს ხარისხი გავუფუჭო. 3 თვეა, რაც ვთანამშრომლობთ და კონტრაქტი დავდეთ. მთავარი გეგმა უკვე დაანონსებულია, რომელმაც რევოლუცია მოახდინა საქართველოში, „მალიბუ და 69“. „69“ ეს არის ბენდი მაგრამ, არა კლასიკური ბენდი, დრამით და როგორც ხდება ხოლმე. გვყავს 2 უნიჭიერესი მუსიკოსი, რომელსაც სამწუხაროდ ფართო მასები არ იცნობს, მაგრამ ახლა გაიცნობს. ეს არის პროექტი და უკვე იყიდა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ. დანიშნულია კონცერტები ევროპის ქვეყნებში, ჰოლანდიაში და ბელგიაში. ჩვენი ნამუშევრის პრეზენტაცია 17 დეკემბერს „თბილისი 360“-ში გაიმართება. იქნება მოწვეული პოლიტიკოსები, პროდუსერები, მომღერლები. რაც მთავარია, ამ პროექტის პრეზენტაცია იქნება მხოლოდ და მხოლოდ გემოვნებიანი მსმენელისთვის. ეს პროექტი მასშტაბურია და ერთგვარი გამოწვევაცაა. პროექტი მოიცავს მალიბუს სიმღერებს და ტექსტებს, აქ ქავერი არ იქნება. გუშინ დაგვიკავშირდა „ევროვიზიის“ წარმომადგენელი. შარშან მალიბუ იყო ჟიურის ფავორიტი, თუმცა, სამწუხარო შედეგი დაიდო. ძალიან დიდ პატივს ვცემ თაკო გაჩეჩილაძეს, როგორც ვოკალისტს და მუსიკოსს, მაგრამ მე, როგორც პროდუსერს, ვერ წარმომიდგენია „ევროვიზიაზე“, იმიტომ რომ ევროვიზია სხვა თემატიკის კონკურსია და სხვა ჟანრის მომღერლები სჭირდება. მე საქართველოს და ევროპის ბაზარზე ვმუშაობ და ვიცი ზოგადად რას ითხოვს ეს კონკურსი. პირველად ვადასტურებ თქვენთან, რომ წელს მალიბუ და 69 საოცარი მუსიკალური ნომრით წარსდგება „ევროვიზიის“ შიდა შესარჩევ კონკურსზე, ზუსტად ვიცი live როცა გავა, ჩვეულებრივად ბომბი აფეთქდება და ქვებს გვესვრიან, მაგრამ მზად ვართ.
ანუკა მგელაძე