მას ცოტა ხნის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ოპერაციის გასაკეთებლად თურქეთში იმყოფებოდა, თუმცა, ოპერაციამდე გარდაიცვალა. მისი ბოლო სატელევიზიო ეთერი სწორედ მისივე თეატრის მსახიობის და ტელეწამყვანის გიორგი გასვიანის გადაცემა „ფაბრიკა“ გახლდათ. ჟურნალი “რეიტინგი” გიორგი გასვიანს დაუკავშირდა.
- ჩემი გადაცემის შემდეგ
პრინციპში მისი ბოლო კადრები და ბოლო სიტყვები საჯაროდ ჩემს გადაცემაში თქვა. ზოგადად ვამბობ ხოლმე, რომ სოხუმის თეატრი ინსტიტუციას წარმოადგენს, რომელიც მუდმივად თავის სათქმელს - აფხაზეთში დასაბრუნებელს ამბობს და ეს არის მუდმივი შეხსენება იმისა, რომ სანამ სოხუმის თეატრი იარსებებს, იქამდე არსებობს იმის განცდა, რომ ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში. დიმა ჯაიანი ამ სათქმელს ყოველთვის ყველგან ამბობდა და ბოლოს 27 სექტემბერს, როდესაც ჩემთან იყო გადაცემაში, მან ეს კიდევ ერთხელ თქვა.
თუმცა, აღარ იყო ისეთი მებრძოლი, როგორც ადრე. თითქოს მომეჩვენა, ნუთუ ასაკი შეეპარა-მეთქი. ჰყვებოდა და იხსენებდა ბევრ რამეს გულისტკივილით აფხაზებთან მიმართებაში. მესიჯებს ვუგზავნიდით აფახაზებს, რომ ისინი ძალიან გვიყვარს და ეს ყველაფერი არის მესამე ძალის ბრალი. ბევრი ფაქტი გაიხსენა, თქვა მაშინ როდესაც ჭურვები დაუშვეს ქალაქზე, ვფიქრობდი, ნუთუ ეს ჩემი ბავშვობის აფხაზ მეგობრებს უხარიათო?
- სოხუმის თეატრი და დიმა ჯაიანი?
- სოხუმის თეატრი ასოცირდება დიმა ჯაიანთან განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დავკარგეთ აფხაზეთის კუთვნილი თეატრი და სახლები. თეატრს არ გააჩნია შენობა და ის სახელმწიფო დრამატული თეატრია. თუმცა, ის მაინც აგრძლებს ფუნქციონირებას რეჟისორებთან ერთად და საუკეთესო სპექტაკლებს დგამს.
სოხუმის თეატრის ისტორია ასე იყოფა - დაახლოებით 105 წელი აფხაზეთში, ხოლო დანარჩენი 25 წელზე მეტი თბილისში. ბატონმა დიმა ჯაიანმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ზოგადად თეატრისთვის და ბევრი საინტერესო როლი დატოვა. ერთი პერიოდი თითქოს ამ ყველაფერს პათეტიკურად ვაფასებდი. ახლა, როცა დრო გავიდა, მივხვდი, ეს პათოსი არის ის პათოსი, რომელიც ყოველთვის საჭიროა. მას არასდროს განელებია ეს რაღაც ქართულ-კოლხური პათოსი და თავისი ნიშა ჰქონდა საზოგადოებაში, პოლიტიკურად ძალიან აქტიური იყო, ასევე წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციაში იყო, ამ ხელისუფლების დროს თეატრიდან წასვლა მოუწია და მისთვის ეს იყო ძალიან მტკივნეული წლები. მაშინ, როდესაც რაღაც ბრალდებებსაც უყენებდნენ და თითქოს იქამდეც მივიდა ყველაფერი, რომ მკვლელობაც დააბრალეს.
არ მინდა ამის გახსენება, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელე იყო. თვითონ ძალიან ემოციური იყო, მაგრამ ადვილად ივიწყებდა წყენას. იყო ავტორიტეტული პიროვნება, რომელსაც ყველაგან სიტყვა ეთქმოდა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენთან თითქოს გმობენ ხოლმე სახალხო არტისტების დამოკიდებულებას, რომ ეს არის ინტელიგენცია, რომელსაც მოჰყავს ესა თუ ის ხელისუფლება და ა.შ.
ვინ რა ისარგებლა ამით, რომ გადავხედოთ, ბოლოს ყველა სიცოხლეს ასრულებს ჩვეულებრივ სახლში. აფხაზეთის კულტურის მინისტრობა არ ნიშნავდა საერთოდ არაფერს. ეს იყო მხოლოდ იმ დასაქმებული აფხაზების და შემოქმედებითი ადამიანების ხელშეწყობა, რასაც აკეთებდნენ. დანარჩენი არაფერს არ ნიშნავს, არც ხელფასია იქ მაღალი და არც არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ აქვს ის მნიშვნელობა, რომ ეს არის სათქმელი, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს, სანამ დავბრუნდებით.
- შენ როგორ მოხვდი სოხუმის თეატრში ?
- როგორც კი უნივერსიტეტი დავამთავრე, დიმა ჯაიანმა ჩემი სადიპლომო სპექტაკლი ნახა და მაშინვე მოუნდა, რომ მივეყვანე თეატრში.
მე პირადად რამდენჯერაც შეხება მქონდა მასთან, ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება იგრძნობოდა, როგორც ახალი თაობის მიმართ. მოსწონდა ყელაფერი, თუ კი რამეს კარგად ითამაშებდი ან საღამოს წაიყვანდი. ძალიან დააკლდა სოხუმის თეატრს.
თეატრში დაბრუნების შემდეგ მეფე ლირის როლის თამაში უნდოდა ძალიან, თითქოს ამისთვის ენერგიაც დაგროვილი ჰქონდა, თუმცა, ვერ მოასწრო. წინა ხელისუფლების დროს გაუშვეს თეატრიდან, შემდეგ კი დაბრუნდა, ოღონდ მინისტრად. ისევ არტისტად ვეღარ დაბრუნდა, როგორც ადრე მოქმედებდა. ალბათ პოლიტიკური ბრძოლა იქნება თუ რაც არის ადამიანზე მაინც მოქმედებს.