ნამუშევრებზე, რომლებზეც წელიწადის ცივი სეზონები - შემოდგომა და ზამთარია ასახული, მაინც „თბილა“. მისი ფიგურები დამთვალიერებლისთვის უცხოა, თუმცა მაინც მშობლიური. ალბათ, ამას ხელს მხატვრის მიერ შერჩეული „მშვიდი“ და „ბუნებრივი“ ფერები და ყველასათვის ნაცნობი თემების სიხშირე უწყობს, რომელიც მარტივად, თუმცა არა ბანალურად აქვს გადმოცემული.
ბევრი ზღაპარი და ზოგადად საბავშვო ლიტერატურა აქვს დასურათებული, ამიტომ ჩვენი პირველი შეკითხვა ასეთია:
- საბავშვო წიგნების დასურათება, გარკვეულწილად, წარსულში გაბრუნებთ?
- ბავშვობაში ყველაფერი მაბრუნებს (იღიმის). ეტყობა, ძალიან მენატრება ის დრო. თან, ყოველთვის მიყვარდა წიგნების გაფორმება. ბავშვობაშიც ფურცელზე ლექსს გადავწერდი და ნახატს გავუკეთებდი. სკოლაში, დავალებას რომ მოგვცემდნენ, მათ ძალიან ხშირად რვეულშივე ვაფორმებდი ნახატებით. ეს განსაკუთრებით რუსულის მასწავლებელს მოსწონდა და ყველას მიუთითებდა ჩემზე, თუ როგორ შემოქმედებითად ვუდგებოდი ამ საქმეს...
- რომელი ზღაპარი ან წიგნი გიყვარდათ განსაკუთრებით, რომლის გაფორმებაც შემდეგში მოგიხდათ?
- ყველანი იაკობ გოგებაშვილის „დედაენით“ ვიზრდებოდით და ხშირად მიფიქრია, რომ ბედნიერება იქნებოდა ამ წიგნის გაფორმება. მართლაც, ოთხი წლის წინ „დედაენის“ გაფორმებამ მომიწია და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.

- ორგვარი შეფასება მსმენია თქვენს ნახატებზე: „ეს არის ბავშვების მხატვარი“ და მეორე: „მის ნამუშევრებზე ადამიანებს ყოველთვის სევდიანი გამომეტყველება აქვთ“. ამ მოსაზრებებზე ღიზიანდებით, ეთანხმებით თუ როგორ რეაგირებთ?
- კი, ხშირად უთქვამთ, რომ საბავშვო მხატვარი ვარ, მაგრამ მე ასე არ მივიჩნევ, ამ მოსაზრებაზე არც ვღიზიანდები. ჩემი ნახატები ყველა ასაკის ადამიანისთვის არის და რა სჯობს, თუ მათ შორის ბავშვებიც არიან?! რაც შეეხება სევდას, აი, ეს ცოტა მაღიზიანებს და მიკვირს. ბევრი მხატვარი მინახავს საოცრად ტრაგიკული, დეპრესიული პერსონაჟებით და მათ ფონზე ჩემს ნახატებზე სევდას ნამდვილად ვერ ვხედავ. „ფეისბუქზე“ ხშირად მწერენ და ერთ- ერთი კომენტარი ასეთი იყო: „დასანანია, რომ აქ არავინ იღიმის“. რამდენჯერაც დავიწყე ჩემი ნახატების გადახედვა, იმდენჯერ ვნახე, რომ ასე ნამდვილად არ არის, ადამიანები იღიმიან კიდეც. საერთოდ, ვერ წარმომიდგენია გაცინებული და მხიარული სახეების ხატვა, ეს ჩემი არ არის. თან ვფიქრობ, რომ პორტრეტებში რაღაც სევდა უნდა იყოს გარეული. ასეა ცხოვრებაშიც, ის მხოლოდ სიხარულისგან ხომ არ შედგება?! უმრავლესობას მოსწონს ჩემი ნამუშევრები და ალბათ იმიტომ, რომ მათში ემოციას, ნოსტალგიას აღძრავს, რაღაცაზე აფიქრებს, გრძნობებზე თამაშობს.

- ბოლო დროს მაქმანებიც გამოჩნდა თქვენს ნახატებზე...
- დიახ, ეს ბოლო ხანს... მთელი სკივრი მაქვს მაქმანებით სავსე. სულ შემთხვევით დაიწყო. ექვსი წლის წინ ჩემმა მეგობრებმა გააკეთეს გამოფენა, რომელიც ბებიის თემას ეძღვნებოდა. იმ პერიოდში მე ფერწერაში პაუზის პერიოდი მქონდა, მხოლოდ წიგნებს ვაფორმებდი. ბავშვობიდან მიყვარს ფოტოების გადაღება, ასე ვთქვათ, მოყვარული ფოტოგრაფი ვარ. გამოფენაზე მონაწილეობა რომ გადავწყვიტე, გავიტანე ჩემი მეუღლის ბებიის ფოტო - ბავშვთან ერთად და კიდევ მეორე. იმ დროს ჩემი მეუღლის 99 წლის ბებია თამარ აბაშიძე ახალი გარდაცვლილი იყო. როცა ის 97 წლის გახლდათ, მას და ჩემს უმცროს შვილს ერთად გადავუღე. სხვათა შორის, ახლახან ეს ფოტო წიგნში „საქართველოს ფოტოგრაფია“ შევიდა და მიხარია. ამას გარდა, შინ ვიპოვე ფოტო, სადაც ბებია 24 წლისაა, გადაღებულია თავის პირველ შვილსა და მეუღლესთან ერთად. ეს ორი ფოტო ერთად დავაკარი ტილოზე და ძველი, გაყ- ვითლებული ნაქარგი ვარდით გავაფორმე. საამისოდ ბებიას დროინდელი სუფრა დავჭერი. აი, აქედან დავიწყე ნამუშევრების მაქმანებით გაფორმება. ასე ძალიან ბევრი ნახატი გავაკეთე. ჯერ ახლობლებში გავიკითხე, შემდეგ თავადაც ვიძენდი მაქმანებს და ახლა უკვე დიდი კოლექცია მაქვს. მათ შორისაა როგორც ძველი, ხელით ნაქარგი ნამუშევრები, რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ისე თანამედროვე, ქარხნული წესით დამზადებული.

- მაისურებზეც ვნახე თქვენი ნამუშევრები, ერთ- ერთი თევზი იყო...
- დიახ, ეს იდეა მეგობრებმა მომაწოდეს და მაისურებზე ჩემი ნახატები მათვე დაბეჭდეს. თავიდან არ მინდოდა, მაგრამ დამარწმუნეს, რომ ეს მსოფლიოში მიღებული ფორმაა და თუკი ადამიანს სურს ასეთი მაისურის ტარება, რატომ არ უნდა ჰქონდეს ამის საშუალება. რაც შეეხება თევზს, ეს ნახატი ჩემს მეუღლეს წელს დავუხატე და დაბადების დღეზე ვაჩუქე. პროფესიით ფიზიკოსია, მაგრამ ძალიან უყვარს თევზაობა. იმდენად, რომ ბავშვებს ის მეთევზე ეგონათ. ერთხელ ბაღში ჩემს უმცროს შვილს, როცა ბავშვები მშობლების პროფესიაზე ლაპარაკობდნენ, უთქვამს, ჩემი მამიკო მეთევზეაო (იღიმის).

- ნახატებზე ბევრგან ჩანს ბაბუა. სხვადასხვა ადამიანია თუ ერთი?
- ეს ჩემი ბაბუაა. ის ძალიან მოსიყვარულე ადამიანი იყო. აქამდე გამომყვა მისი სითბო. მამის მხრიდან ბებია- ბაბუა საერთოდ არ მახსოვს, დედის დედა რომ გარდაიცვალა, 22 წლის ვიყავი, ხოლო დედის მამა, ანუ ბაბუა 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. საბედნიეროდ, ის დიდხანს იყო ჩვენ გვერდით. მას უამრავი პროფესია ჰქონდა, სად არ უმუშავია. სამხედროც გახლდათ, თეატრის დირექტორადაც მუშაობდა. ბოლომდე ენერგიული დარჩა, სულ შრომობდა და წამით არ ჩერდებოდა...

- გამოფენისთვის ხომ არ ემზადებით?
- მორიგი გამოფენა გაზაფხულზე მექნება - განსხვავებული იმისგან, რაც აქამდე ყოფილა, თუმცა მინდა, დეტალები სიურპრიზად დავტოვო. „გამომცემლობა პალიტრა L“- ი გურამ პეტრიაშვილის ზღაპრებს გამოსცემს. წიგნი მე გავაფორმე. 28 ზღაპარია, რომელსაც ერთი, ორი ან სამი ნახატი ახლავს თან. საერთო ჯამში „პატარა ქალაქის ზღაპრებისთვის“ 90- მდე ნახატი შეიქმნა, რაც ძალიან შრომატევადი იყო.

- ხშირი იყო ფერწერაში პაუზები?
- ერთი და დიდი პაუზა მქონდა, პატარები მყავდა და საამისოდ დრო არ მქონდა.
დედობრივი მზრუნველობა სხვაგვარად წარმოუდგენელია. ახლა მარიამი 16- ის და ირინა 9 წლისაა. სულ მაწუხებდა, რომ ვერ ვხატავდი, თუმცა მაშინ წიგნებს მაინც ვაფორმებდი. ვგრძნობდი, რომ ფერწერას დავუბრუნდებოდი და ასეც მოხდა. რაც შეეხება ილუსტრაციებს, ამ საქმეში სერიოზულად 2007 წლიდან ჩავერთე. პირველი წიგნი 2007- ში გავაფორმე, მას შემდეგ ყოველწლიურად ერთ- ორ წიგნს ვასურათებ და ეს ძალიან მომწონს (იღიმის).
ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“




















