05 იანვარი, 2014
„შეშლილი ბეწვი“ და მამაკაცური დეტალები ქალების გარდერობში
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოდაში ბრუნდება ღრმა დეკოლტე დიზაინერი თეონა გარდაფხაძე წელს გარდერობში ფერადი პალტოების შეტანასა და გამომწვევი ბეწვეულის გამოყენებას გვირჩევს. სამხედრო თემა 2013-2014 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ძალიან აქტუალურია, სწორედ ამიტომ თეონამ „ტელნიაშკები“, „ტელეგრეიკები“ და სამხედრო ჩექმები მიუმატა საკუთარ ნამუშევრებს.

- რამდენიმე ქვეყანაში წარმატებით იყიდება ჩემი სამოსი, ნამდვილად სასიამოვნოა, როცა უცხო ქვეყანაში ხედავ შენს შემოქმედებას. როცა მეუბნებიან, რომ ჩემს სამოსში ისე კარგად გრძნობენ თავს, გახდა არ უნდათ, ეს ძალიან მახარებს, ესაა ჩემი წარმატება. სამწუხაროდ, კომერციულმა პროექტებმა ამ
სეზონზე ჩამომაშორა თბილისის მოდის კვირეულს, რაზეც გული მწყდება. ვმუშაობ კოლექციაზე, რომელშიც გამოყენებული იქნება კუბოკრული და ნაქსოვი შალის ქსოვილები, არჩევანი შევაჩერე ვარდისფერზე, იისფერსა და ბორდოსფერზე, ტენდენციების გათვალისწინებით, „ტელნიაშკები“, „ტელე-გრეიკები“ და სამხედრო ჩექმებიც კი დავამატე ჩემს ნამუშევრებს, რადგან ეს ერთდროულად კომფორტულიცაა და აქტუალურიც.
- რაც შეეხება 2013-2014 წლის შემოდგომა-ზამთრის ტენდენციებს, რა არის ამ სეზონზე აქტუალური?
- 2013-2014 წლის ტენდენციები საკმაოდ მრავალფეროვანია, აქტუალურია დიდი ზომის, ცისფერი, ყვითელი, ვარდისფერი და ზოგადად პასტელურ ტონებში გადაწყვეტილი პალტოები. შეიძლება ითქვას, რომ პასტელპალტო ყველა მოდის მოყვარულის გარდერობში უნდა მოიძებნებოდეს. ასევე აქტუალურია ფერადი ბეწვეული. ბეწვი ყველა დროში და სეზონზე მოდურია, თუმცა წელს მასზე განსაკუთრებულად კეთდება აქცენტი. ცოტა ეპატაჟურიც უნდა იყო, რომ წელს ბეწვი მოირგო, რადგანაც აქსესუარად მორგებული მელიის ფიტული თუ ყვითელი, ღვინისფერი ან ვარდისფერი ბეწვი, სწორედ ასეთი ადამიანების სამოსია. მოკლედ, წლევანდელი ბეწვეულის ტენდენციას შეიძლება, „შეშლილი ბეწვიც“ კი ვუწოდოთ. ამ სეზონზე ქალბატონების გარდერობი მამაკაცის სამოსის დეტალებმა დაიპყრო, რადგან ვხვდებით მამაკაცის ტექსტილით შეკერილ ქალის სამოსს, ანუ კაბები თუ 60-იანი წლების ქვედაბოლოები მამაკაცის სამოსის ფაქტურისგან იქმნება. თუმცა ამ სეზონზე ქალურობა არ კარგავს აქტუალურობას. მიუხედავად ამისა, სილუეტი იმის მიხედვით უნდა შევარჩიოთ, თუ როგორ ფორმაში ვართ და როგორი სტილის სამოსში ვგრძნობთ თავს კარგად, არასდროს არ უნდა მივყვეთ ბრმად ტენდენციებს, მთავარია, გვიხდებოდეს და ჩვენით შევქმნათ სტილი. როგორც უკვე გითხარით, დომინანტი 40-იანი, 50-იანი და 60-იანი წლების სამოსია. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოდაში ბრუნდება ღრმა დეკოლტე, რაც 40-იანი წლებიდან მოდის და ამ პერიოდის გავლენაა.
- გარდა კუბოკრულისა, რომელზეც ამბობენ, რომ სეზონის ჰიტია, როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსია მოდური?
- კუბოკრულის გარდა, აქტუალურია ჯარისკაცის სამოსის პრინტები, ასევე გამჭვირვალე და ე.წ. პლასტიკატის სამოსი, რომელიც „ბარბერის“ 2014 წლის ზამთრის კოლექციაში იყო გამოყენებული.
- დიზაინერების ნაწილი ამბობს, რომ მაღალი მხრები ამ სეზონზე აღარაა აქტუალური, ნაწილი კი კვლავ იყენებს თავის კოლექციაში.
- მაღალი მხრები ისეთი ტენდენციაა, რომელიც ბოლო რამდენიმე სეზონია, აქტუალური აღარ არის. რაც შეეხება ზედებს, დიდი ზომის ზედატანის მორგება შესაძლებელია ყველაფერზე. მთავარია, რამდენად სწორად შევუხამებთ ცალკეულ დეტალებს ერთმანეთს. ერთ რჩევას მოგცემთ, დიდი ზომის ზედა შეგიძლიათ მოარგოთ ძალიან მინიქვედაბოლოს.
- ფეხსაცმელსა და ჩექმაზე რას გვეტყვით?
- შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ძალიან მოდურია ფეხსაცმელი ჭადრაკის ეფე-ქტით, ანუ შავ და თეთრ ტონებში გადაწყვეტილი. რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ ისევ აქტუალურია ბოტფორტები.
- ჩანთების მხრივ როგორი ტენდენციაა წელს?
- აქტუალურია ქისის ტიპის ჩანთები.
- რამდენადაც ვიცით, ლელა მებურიშვილს და არა მარტო მას, ხშირად აცვია თქვენი შექმნილი სამოსი, მისი ჯვრისწერის კაბის დიზაინიც თქვენ ხომ არ გეკუთვნით?
- მე არა, ლელას ჯვრისწერის კაბის დიზაინი თავად ლელას ეკუთვნის. კატო სრულიად განსხვავდება ლელასგან ხასიათით, ჩაცმულობით კი - ნაწილობრივ... ლელას ხანდახან აცვია ჩემი სამოსი, ხან საკუთარი გარდერობიდან ირჩევს საჭირო ნივთებს.

ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS