06 იანვარი, 2014
„ის რუსი არ დამავიწყდება, რომელმაც ერთი ჭიქა წყალი ვერ გამოიმეტა!..“
ერთხელ ერთმა კლასელმა ფეხი დამიდო და წავიქეცი. ერთი კვირის მერე საშინელება დამემართა. ტვინის შერყევა მივიღე და შიდაქალის წნევა ძალიან მაღალი იყო. ახლაც მაჟრიალებს, ის პერიოდი რომ მახსენდებ მუსკომედიის თეატრის მსახიობი ლაშა რამიშვილი პროექტ „ერთი-ერთში“ მონაწილეობდა და ბოლო დროს რამდენიმე ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ ადამიანად გარდაისახა. პროექტში მონაწილეობა და თეატრის ამერიკაში გასტროლები ერთმანეთს დაემთხვა. სავარაუდოდ, ამანაც იქონია გავლენა იმაზე, რომ მსახიობი „ერთი-ერთშის“ ფინალში ვერ მოხვდა. ლაშა რამიშვილმა თავის ცხოვრებასა და ზემოხსენებულ პროექტზე ჩვენთან გულახდილად ისაუბრა.

„არ
ვიცი, რამდენად ვანათებ, მაგრამ ვფიქრობ, დადებითი სახელია“

- თქვენს ალბომში ფოტოს აქვს წარწერა, რომ თვისა და 18 დღის ხართ.
- ჩემმა მშობლებმა ცხოვრება ნულიდან დაიწყეს. ერთად ძალიან ბევრი რამ გადაიტანეს. რომ დავიბადე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. მამა სტუდენტი იყო. მას ორი უმაღლესი აქვს დამთავრებული, ისტორიის ფაკულტეტი და ფიზკულტურული. ყოფილი ფეხბურთელია. დედა ინჟინერია. დედა მომიყვა, რომ სურათის გადაღების დღეს სიცხე მქონდა. დედა თურმე ძალიან ნერვიულობდა. მამა სამსახურიდან ახალი მოსული იყო. სურათი მამაჩემის მეგობრის გადაღებულია, საშკასი, რომელიც ტელევიზიის ოპერატორი გახლდათ. საშას დედასა და მამას ქორწილიც აქვს გადაღებული. დედას ფოტოზე ეტყობა, რომ ნამტირალევია.

Rating

- როგორც ვიცი, გყავთ დედმამიშვილი.
- ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი და მყავს, მარიკა, რომელსაც სინამდვილეში მარგალიტა ჰქვია. მარგალიტა რომ დაუძახოთ, კიდევ არა უშავს, მოეწონება, ვერ იტანს, მარიკას რომ ვეძახით. მარი დამიძახეთო, გამოაცხადებს ხოლმე. მისი დაბადება ძალიან კარგად მახსოვს, მეორე კლასში ვიყავი, მაშინ რუსთავში ვცხოვრობდით. მახსოვს, დიდი პრობლემა იყო მისი სამშობიაროდან გამოწერა. დედასა და მამას ხელი მოწერილი არ ჰქონდათ. მამა რუსეთში იყო და დედას სამშობიაროდან არ უშვებდნენ. საბოლოოდ დედის გვარზე გამოწერეს. ჩემს დაბადებას კი დედა კინაღამ გადაჰყვა. ოთხ კილოზე მეტი დავიბადე და აბა, როგორია ამხელა ბავშვის გაჩენა.
- ინტერვიუს დაწყებამდე მითხარით, გიორგობა დღეს დავიბადეო, ამ შემთხვევაში, როგორც წესი, გიორგის არქმევდნენ ხოლმე.
- სახელის დარქმევასთან დაკავშირებით საინტერესო ამბავი გადამხდა. ერთი კვირა უსახელოდ ვიყავი. აპირებდნენ ბაბუაჩემის სახელის - პავლეს დარქმევას, ის 21 ნოემბერს გარდაიცვალა. მამა ამბობდა, სახელი მამას პატივსაცემად დავარქვათო. ოჯახში აღშფოთებულან, ორი დღის წინ გარდაცვლილი ადამიანის სახელი ბავშვს რატომ უნდა დავარქვათო. თან გასული საუკუნის 80- იან წლებში გიორგობას არ აღნიშნავდნენ ხოლმე. მერე ვიღაცამ თქვა, ლაშა დავარქვათ, კარგი სახელიაო. მანამდე ხან ბუხუტი ვიყავი, ხან ქიშვარდი და ბოლოს ლაშა შემრჩა.
- სახელით კმაყოფილი ხართ?
- ბედნიერი ვარ, მით უფრო, რომ ეს სახელი მანათობელ ადამიანს ნიშნავს. არ ვიცი, რამდენად ვანათებ, მაგრამ ვფიქრობ, დადებითი სახელია, ამიტომაც ჩემს შვილს ნახევრად ჩემი სახელი ჰქვია. ჩემი შვილი ლაშა-გიორგი რამიშვილია.
- მომდევნო ფოტო ვისთან ერთად გაქვთ გადაღებული?
- სურათი, თუ არ ვცდები, 1983 წელსაა გადაღებული. მამას გვერდით ჩემი ნათლია დგას, რომლის სახელიც არ მახსოვს. ფოტოზე არის მამიდაჩემი, რომლის ფანიც ვარ ბავშვობიდან. ფანტასტიკური მოცეკვავე იყო. მერე თავი დაანება. ფოტოზეა ასევე ბიძაჩემი, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანია. არ დამავიწყდება, მან ჩემს ცხოვრებაში პირველად დამსვა მანქანის საჭესთან. შვიდი შვილის მამაა. აქედან ხუთი გოგოა და ორი ბიჭი. ხუთი გოგო რომ ჰყავდა, ამბობდა, ძილში თავს მოვიკლავ, ხუთი გოგო რა ამბავიაო. პირველი ორი გოგონა რომ შეეძინა, მერე ტყუპი გოგო ეყოლა. ბოლოს ამბობდა, ვანის რაიონში თუ ვინმეს გოგონები უნდა, ორ ფუთ ლობიოდ გავაკეთებო. მაგრამ არ გაჩერდა და მერე ტყუპი ბიჭი ეყოლა, პავლე და შოთიკო რამიშვილები, რომლებიც ახლა შესანიშნავად მღერიან.

Rating

- მომდევნო ფოტოს გადაღების ისტორია გახსოვთ?
- ფოტოს გადაღების მომენტი კარგად მახსოვს. მაშინ დაახლოებით ექვსი წლის გახლდით. რუსთავშია გადაღებული, ამ დღეს მამამ ფული გამოაგზავნა. დედას ეგონა, რომ მამა ჩამოვიდოდა და ვერ ჩამოვიდა, ამიტომ ძალიან მოწყენილი იყო. ამ დღიდან დედამ მალე გადაწყვიტა, რომ ჩვენც რუსეთში წავსულიყავით. მამა ძალიან უყვარდა და მის გარეშე აღარ უნდოდა საქართველოში ცხოვრება.

Rating


რუსეთში გატარებული საშინელი წლები

- რუსეთში რომელ ქალაქში ცხოვრობდით?
- არხანგელსკის რაიონში ვიყავით. რუსეთში სამი-ოთხი წელი დავყავით და ის პერიოდი ცუდად მახსენდება. აგარაკი, ბინა და სახლი გვქონდა.
- მამა რას საქმიანობდა?
- ხე-ტყეზე მუშაობდა. ბრიგადები ჰყავდა ოფიციალურად და ფინანსურად კარგად ვიყავით. სანამ ბიზნესი აეწყობოდა, მახსოვს, მამა სულ ნაჯახით მუშაობდა და დედა ხეების დახერხვაში ეხმარებოდა. მე, პატარა ბავშვი, კი სულ ტყეში დავრბოდი. ტაიგაში. ძალიან ბევრჯერ თოვლში ცხვირით ჩავვარდნილვარ და ცხვირიდან სისხლი წამომსვლია. პირველად რომ ჩავედი, ღამე რუსულ ღუმელზე ვიწექი.… ალიოშას მეძახდნენ. ზოგიერთი კი „ღრუზინით“ მომმართავდა და ამის გამო ბევრჯერ მიჩხუბია.
ერთხელ ერთმა კლასელმა ფეხი დამიდო და წავიქეცი. ერთი კვირის მერე საშინელება დამემართა. ტვინის შერყევა მივიღე და შიდაქალის წნევა ძალიან მაღალი იყო. ახლაც მაჟრიალებს, ის პერიოდი რომ მახსენდება. რომ ვიწექი, ოთახის კუთხეებში ვიღაც დედაბრები იდგნენ. თვალწინ მიდგანან ის დედაბრები, ჩემკენ რომ მოდიოდნენ. ზუსტად იმ პერიოდში მარჯვენა ფეხზე ჩაი გადამესხა და საშინლად ვიყავი. ბოლოს იქამდე მივედით, რომ დედა მარჩიელთანაც კი მივიდა, რომ გაეგო, რა გვჭირდა. მახსოვს, მარჩიელმა ფრჩხილები და თმა მომაჭრა, სადღაც ქვაბში ჩაყარა, მოკლედ, რაღაც ჯადოქრობები ჩაატარა და როგორც კი რაღაც გამოისახა, დედას უთხრა, აქედან გაემგზავრეთ, თორემ უბედურება დაგემართებათო. მარჩიელისგან რომ წამოვედით, ჩემი და გახდა ცუდად. ვეღარ ამოისუნთქა. მერე თქვეს, საყმაწვილო დაემართაო. მახსოვს, სახლში წყალი არ გვქონდა, გაყინული იყო და მე პატარა ჭიქით გამოვვარდი გარეთ, ვეხვეწებოდი, ვისაც წყალი მოჰქონდა, ერთი ჭიქა წყალი მომეცი, ჩემი და ძალიან ცუდად არის-მეთქი და წყალი არ მომცა. ძალიან ბევრი რუსი მეგობარი მყავს და სოციალურ ქსელში მათთან სულ ვურთიერთობ. მაგრამ ის რუსი არ დამავიწყდება, რომელმაც ერთი ჭიქა წყალი ვერ გაიმეტა. თუმცა იყო კარგი მომენტებიც. გამოდიოდა გაზეთი „მაიაკი“, რომელშიც ჩემი პირველი ინტერვიუ დაიბეჭდა. მე და დედამ „სულიკო“ ვიმღერეთ მუსიკალურ სკოლაში და ჩვენგან აიღეს ინტერვიუ. სათაურიც კი მახსოვს. ლაშა რამიშვილმა დედასთან ერთად დაუვიწყარი „სულიკო“ შესანიშნავად შეასრულაო, წერდნენ. ის გაზეთი ძალიან შემიყვარდა. სულ ვყიდულობდი. ერთხელ გოგონა მოვიდა და თქვა, „მაიაკი“ აღარ არისო. გული ძალიან დამწყდა, ის გოგონა წავიდა რედაქციაში და ჩემთვის მოიტანა. ასეთ რუსებსაც ვიცნობ, მაგრამ ცუდი, ხომ იცით, უფრო გამახსოვრდება ადამიანს, ვიდრე კარგი.

Rating

- საქართველოში დაბრუნების მერე რა მოხდა?
- რუსთავში ორ არაჩვეულებრივ სკოლაში ვსწავლობდი - მეორე და 27-ე სკოლებში. მერე თეატრალურ ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა. ახლა კონსერვატორიის მაგისტრატურაში ჩავაბარე. ვცდილობ, როგორმე დავეუფლო კლასიკურ მუსიკას. ალბათ, ჩემში არის კლასიკური მუსიკის პატარა ნიჭი. მინდა, უზარმაზარი მადლობა გადავუხადო თემურ გუგუშვილს, რომელიც დიდ შრომას დებს იმაში, რომ კლასიკურ მუსიკას დავეუფლო. თემური 65 წელს გადაცილებულია და ჯერჯერობით ბადალი არ ჰყავს. უმაგრესი ტენორია. რომ გვაჩვენებს, როგორ უნდა გავაკეთოთ რომელიმე ეპიზოდი, პირი ღია მრჩება.
- მუსკომედიის თეატრის მსახიობი ხართ. ბევრს მოგზაურობთ. მომდევნო ფოტო ამერიკაში ბოლო გასტროლზე ყოფნისას გაქვთ გადაღებული. როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ კლასიკურ მუსიკას გაჰყვებით თუ მსახიობობას?
- ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავარია, საბოლოო ჯამში არტისტი შედგეს. მუსკომედიის თეატრი მოიცავს ცეკვას, სიმღერასა და მსახიობურ ნიჭს. თუ ეს ყველაფერი ერთად გაქვს, მაშინ ფანტასტიკური კაცი ხარ. ბროდვეი შენთ-ვის არაფერია.
- მომდევნო ფოტოზე მეუღლესთან ერთად ხართ. მასზე გვიამბეთ.
- ძალიან კარგი მეუღლე მყავს. თუ ჩემს საქმიანობაში ხელი არ მეშლება, ეს მეუღლისა და მისი გარემოცვის, ნათესავებს ვგულისხმობ, დამსახურებაა. ძალიან რთული ადამიანი ვარ. მაგრამ თუკი ადამიანის მხრიდან ოდნავ დადებითი დავინახე, თავს მოვიკლავ მისი გულისთვის.

Rating

ბელა ნოზაძე-რამიშვილისა ძალიან მაგარი ადამიანია. გვყავს ლაშა-გიორგი ლაშას ძე რამიშვილი და გვყავს ორი წლის მართა, რომელიც ქალი ფირალია. მართა კნავილს რომ იწყებს, ოჯახში ყველა ფეხზე ვდგავართ. ერთადერთი ადამიანი, ვისიც ერიდება, მე ვარ. ხანდახან „გაქოზე“ ვიცი ხოლმე მორტყმა. გაქოს ჩვენ ტაკოს ვეძახით. ლაშა-გიორგისთან იმავეს გაკეთება არასდროს დამჭირვებია. ფოტოზე მამა-შვილი რამიშვილები ვართ.

Rating

- მომდევნო ფოტოზე კი ლაშა-გიორგია. მღერის?
- არავითარ შემთხვევაში. ლაშა-გიორგი მომავალი ფეხბურთელია. მწვრთნელი ეუბნება, კარგი თავდამსხმელი იქნებიო და „გოლავიკს“ ეძახის.

Rating

- ყველა ორი სახელით მიმართავს?
- ზოგი ლაშას ეძახის და ზოგი გიუშას, თვითონ ამაზე ძალიან ბრაზდება. უნდა, რომ ყველამ ლაშა-გიორგი დაუძახოს.

„ამ ნომრებიდან ორი მაინც უნდა ყოფილიყო იმის საბაბი, რომ ორეულში მოვხვედრილიყავი“

- მომდევნო ფოტო პროექტ „ერთი-ერთშია“ გადაღებული. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, ბევრი ნომერი მომზადდა, მაგრამ მონაწილეები ჟიურის წევრებით კმაყოფილი არ იყვნენ. თქვენც იგივე მოსაზრება გქონდათ?
- ძალიან კარგი ჟიურის წევრები იყვნენ, თავიანთი საქმის პროფესიონალები. კარგი არტისტია ნანუკა ხუსკივაძე, ნანუკა ჩემი კერპია და ალბათ, ყოველთვის დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩემი უკან დაწევა მისი ქულების ბრალი იყო. მაგრამ მე მას ძალიან ვაფასებ. ეტყობა, რაღაც ხდებოდა ამ პროექტში ისეთი, რაც მე არ ვიცოდი და ღმერთმა ქნას, რომ ვერ გავიგო,… დანარჩენი მონაწილეები ძალიან კარგი ადამიანები არიან. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ყველა მათგანი ჩემი მეგობარია. ბევრი იწვალეს. ცხრა ლაივი იყო და გრიმებისგან ამ დროის განმავლობაში სახე „აგვეხა“. პროექტს პროფესიონალები ამზადებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, შიდა სამზარეულოში ისეთი რამ ხდებოდა, რაც ჩვენ არ ვიცოდით. მგონია, რომ რამდენიმე ნომერი ისე გავაკეთე, ვიზუალურადაც და ხმითაც ძალიან ვგავდი ამა თუ იმ ვარსკვლავს. ამ ნომრებიდან ორი მაინც უნდა ყოფილიყო იმის საბაბი, რომ ორეულში მოვხვედრილიყავი, რაც არ მოხდა და ისმის კითხვა, რატომ? პასუხს ჯერ არ ვეძებ. კაცი ვარ და ალბათ, თუ მანდილოსანია ამ ყველაფერში დამნაშავე, არც მოვძებნი და თუ კაცია ამაში დამნაშავე, მაშინ პასუხების გაცემა მოუწევთ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ შოუ შედგა.

Rating

- იმაზე არ გიფიქრიათ, რომ ყველა მონაწილე კარგი იყო, მაგრამ სხვა მცირედით ჯობდა?
- ვინც ადევნებდა პროექტს თვალს, აუცილებლად დაინახავდა ამ ყველაფერს. იყო ნომრები, სადაც საკუთარი თავი მეც არ მომეწონა, მაგალითად ლაიონელ რიჩის დავასახელებ. დანარჩენებზე ვერ ვიტყვი, გადავირიე-მეთქი, მაგრამ თემურ წიკლაურის შესრულებისას უპირობო ლიდერი ვიყავი. თვითონ ბატონმა თემურმაც თქვა, რომ ვიზუალურადაც და ხმითაც ასეთი მსგავსება არასდროს უნახავს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
სხვა ნინო
მომეწონა,კარგი ადამიანი ყოფილა და ღმერთმა ხელი მოუმართოს.
17:41 / 11-01-2014
გამოხმაურება / 0 /
რუსთაველი
ძალიან გაწონასწორებული და ღირსეული ხელოვანი ხარ. თუ ჩემ რჩევას გაითვალისწინებ, არ გირჩევ რამე არკვიო და შენი დრო ამაში დახარჯო. ყველას უყვარხარ და გაფასებენ. სიამოვნებას ანიჭებ ხალხს - ეს არის მთავარი.
10:44 / 06-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
რატომღაც მეც მეც ,,მეჩვენებოდა'', რომ იჩაგრებოდი :(
15:36 / 05-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS