- ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული მშობლები ნაძვის ხეს 31 დეკემბერს მიდგამდნენ და აქამდე მეც ასე ვიქცეოდი. წელს ამ დღესასწაულს დედაჩემის გარეშე ვხვდები, მინდოდა ამ ტრადიციის
- როგორც ყველა ოჯახში, ალბათ, თქვენთანაც მზადდება გოზინაყი, საცივი.. თავად რამდენად ერთვებით ამ პროცესში?
- ახალ წელს გოზინაყი და საცივი აუცილებლად მაქვს სუფრაზე. დანარჩენზე კი იმის მიხედვით ვიწყებ ფიქრს, რამდენად მაქვს დრო, გააჩნია ასევე ჯიბესაც და სხვა ფაქტორებსაც. გოზინაყი შეიძლება, ჩემმა ახლობელმა ან მეგობარმა დამიმზადოს, მაგრამ საცივს ყოველთვის თავად ვაკეთებ. მართლაც რიტუალია ეს, თან ჩემს მეგობრებს ძალიან მოსწონთ ჩემი გაკეთებული საცივი და ყოველთვის ელიან ამ დღესასწაულს, რომ დააგემოვნონ, ეს კი სტიმულს მმატებს და უფლებაც აღარ მაქვს, რომ არ გავაკეთო. სხვათა შორის, სწორედ დღეს შევიძინე ინდაური, ნელ-ნელა ვამზადებ ინგრედიენტებს. რადგან ტრადიციებზე ვსაუბრობთ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ყოველ წელს მინიმუმ ერთ ნაძვის ხის სათამაშოს მაინც ვყიდულობ. როგორც წესი, იმტვრევა ხოლმე მოსართავები, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, აუცილებლად ვამატებ ახლებსაც.
- საახალწლო საჩუქრების ტრადიცია თუ გაქვთ ოჯახში?
- ჩემს ბავშვობაში გვქონდა, მერე თითქოს მივივიწყეთ, რამდენიმე წლის წინ კი ჩემმა შვილმა ისევ აღადგინა. რამდენიმე დღის წინ დროზე ადრე მივედი სახლში, დავინახე, გახსნილი ყუთი იდო, დავინტერესდი და სასწრაფოდ ხელი დავავლე, აღმოჩნდა ტელეფონი, რომელიც ჩემს შვილს უნდოდა, საახალწლოდ ეჩუქებინა ჩემთვის, მაგრამ სიურპრიზის გაკეთება არ დავაცადე (იღიმის).
- რამდენიმე წელია შვილიშვილი გყავთ, ალბათ, მისთვისაც ამზადებთ საჩუქარს.
- რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ახალი წელი საჩუქრის გარეშე, მით უმეტეს, როცა საქმე ბავშვს ეხება. ჩემი შვილიშვილი 5 წლისაა და უნდა გითხრათ, რომ მისგან დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. ძალიან პატარამ გადაწყვიტა, რომ ჩემთვის დაეძახა გოგო, შემდეგ დიდ გოგოსაც მეძახდა, არ ვიცი, რას ნიშნავდა ეს, მაგრამ ამ ფორმით რომ მომმართავდა, მიხაროდა. კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ აღმიქვამდა არა ბებოდ, არამედ გოგოდ (იღიმის), ახლა კი უფრო მარინას მეძახის.
- მეკვლის ტრადიცია...
- ბოლო წლებია, მეკვლეობას ჩემი შვილი ითავსებს, გადის და შემდეგ შემოდის სახლში, თუმცა ისეც ხდება, რომ სტუმრებიდან ვინც უფრო ადრე მოდის, ის ხდება ჩვენი მეკვლე. პირადად მე დიდი ხანია არ ვყოფილვარ მეკვლე. წინათ დედაჩემის მეგობრების მეკვლე ვიყავი, თუმცა, როგორც გითხარით, ახალი წლის ღამეს სახლში ყოფნა მსიამოვნებს და ამიტომ არც არსად გავდივარ და არც არავის მეკვლე ვყოფილვარ.
- დასასრულ, უჩვეულო ახალი წლის შესახებ მინდა გკითხოთ...
- მოგიყვებით ერთ ისტორიას არასასიამოვნოს, მეორეს კი – პირიქით. პატარა ვიყავი, სკოლაში დავდიოდი, ჩემი კლასელი, რომელიც გორიდან გახლდათ, ჩემთან წავიყვანე და მინდოდა, განსაკუთრებულად შევხვედროდით ამ დღესასწაულს.... მაგრამ მოხდა სასწაული, ახალი წლის ღამეს ჩაქრა შუქი, ეს მაშინ მართლაც საოცრება იყო. 10 თუ 11 საათი იქნებოდა, დავწექით იმ იმედით, რომ შუქი მოვიდოდა და 12 საათისთვის გაგვაღვიძებდნენ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ახალი წელი გამოვტოვეთ - სინათლე გვიან მოვიდა და ისე ტკბილად გვეძინა, რომ აღარ გაგვაღვიძეს. მეორე ამბავი უკავშირდება სტუდენტობის პერიოდს და ჩემს მეუღლე გია მატარაძეს. ჩემს მეგობართან ვიყავით, აღვნიშნავდით ამ დღესასწაულს და ვიცოდით, რომ გია არ უნდა მოსულიყო, რადგან თელავში თავის მშობლებთან იყო წასული. იმ დროისთვის მე და გიას შორის გაცხადებული არ ყოფილა სიყვარული, თუმცა მის ყურადღებას აშკარად ვგრძნობდი, იყო საჩუქრები, სიურპრიზები, ფლირტი... მაშინ უკვე ბატონი რობიკო იყო ჩვენი პედაგოგი, ისიც ჩვენთან იყო იმ დღეს და კარგად ვმხიარულობდით. პირველი იანვრის ღამე იყო, ბედობა თენდებოდა, ზარი დაირეკა და შემოვიდა გია, რომელიც თურმე ღამე დაჯდა საჭესთან და წამოვიდა, რომ ჩვენთან ერთად გაეტარებინა საღამო და სწორედ მაშინ ამიხსნა სიყვარული. ის ნამდვილად ყველაზე რომანტიკული ახალი წელი იყო ჩემთვის.
ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“




















