02 იანვარი, 2014
რომელ სპექტაკლში შეხვდებიან ერთმანეთს ჯემალ ღაღანიძე და მისი შვილიშვილი
უარყოფით როლებს მათამაშებენ ხოლმე და ახლაც, ჩემი კარიერის ბოლოს, ასეთივე პერსონაჟის განსახიერება მიწევს. თუმცა იმედი არ გადამიწურია და არ ვამბობ, რომ ჩემს კარიერას ახლა დავამთავრებ 30 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩავთვლით რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე საახალწლო პრემიერაა - მარკ ტვენის „უფლისწული და მათხოვარი“, რომლის რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეა. ალბათ, ყველას გსმენიათ ამ ამბის შესახებ - ქუჩის მაწანწალა და ინგლისის უფლისწული შემთხვევით გაიცნობენ ერთმანეთს და ადგილებს გაცვლიან. სპექტაკლში უფლისწულის როლს დათუნა გოცირიძე განასახიერებს, მაწანწალას - სანდრო მიკუჩაძე- ღაღანიძე,
ხოლო ჯემალ ღაღანიძე მამამისი „ხდება“.
მოგეხსენებათ, რომ ბაბუა- შვილიშვილი ერთად ცხოვრობს და საერთო საქმე აკავშირებთ. 2010 წელს სანდრო 21 წლის იყო, როცა რუსთაველის თეატრში მისი დებიუტი შედგა სპექტაკლში „ვარსკვლავბიჭუნა“. რაც შეეხება ბატონ ჯემალს, ის 1956 წლიდან ირიცხება რუსთაველის თეატრის დასში. ახალი სპექტაკლის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, მათ მორიგი რეპეტიციის წინ, თეატრის შენობაში შევხვდით.

ჯემალი:
- თითქმის 58 წელია, რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ. ამ წლების განმავ-ლობაში 100-მდე როლი მაქვს შესრულებული. ძირითადად უარყოფით როლებს მათამაშებენ ხოლმე და ახლაც, ჩემი კარიერის ბოლოს, ასეთივე პერსონაჟის განსახიერება მიწევს. თუმცა იმედი არ გადამიწურია და არ ვამბობ, რომ ჩემს კარიერას ახლა დავამთავრებ (იღიმის). მე ვთამაშობ სანდროს მამის როლს, ძალიან უარყოფითი ტიპია, მათხოვარი, ლოთი, აუტანელი პიროვნება. ამ სპექტაკლს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და გამორჩეულია იმ ფაქტის გამო, რომ მე და სანდრო პირველად ვთამაშობთ ერთ სპექტაკლში. სხვათა შორის, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და ალბათ, იშვიათად მომხდარა, რომ ბაბუა და შვილიშვილი ერთად მდგარიყვნენ სცენაზე.
ვერ დავამტკიცებ, მაგრამ თეატრის ისტორიას თვალი რომ გადავავლე, ვერ ვიპოვე ანალოგიური შემთხვევა. შეიძლება გამომრჩა... ასეთი რამ შეიძლება, საღარაძეების შემთხვევაში მომხდარიყო. გიორგი საღარაძე რუსთაველის თეატრის მსახიობი გახლდათ, შემდეგ - გურამი და მისი შვილიც. უბრალოდ, ვერ დავაზუსტე, ბაბუა და შვილიშვილს თუ მოუწიათ ერთ სპექტაკლში თამაშმა. ამ მხრივ მე ბედნიერი კაცი ვარ და მიხარია, რომ ასეთი ტანდემი შედგა.
სანდრო:
- პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ბედნიერებაა ბაბუასთან ერთად სცენაზე დგომა. ეს ენით აუწერელი გრძნობაა. რაც შეეხება პიესას და ჩემს როლს, ის საკმაოდ ცნობილია, განსაკუთრებით პოპულარულია მოზარდებს შორის. ჩემი პერსონაჟი - ტომი - მათხოვარია, ცოტა ამბიციური ბიჭია, რომელიც თავს მეფეს უწოდებს. ჩემი პერსონაჟი და პრინცი, რომლის როლს დათუნა გოცირიძე თამაშობს, ერთმანეთს ადგილებს უცლიან... შინაარსს ნამდვილად არ მოვყვები, უბრალოდ გეტყვით, რომ საინტერესო სპექტაკლი იქნება. ძალიან განვითარებული ახალი თაობა მოდის. მათ, მოზარდებისთვის განკუთვნილი, თუმცა საკმაოდ ფილოსოფიურ-პოლიტიკური ნაწარმოების აღქმა არ გაუჭირდებათ.
- ბატონო ჯემალ, როცა სანდრო თეატრში მოვიდა, ამბობდა, ბაბუა ძალიან ნერვიულობს, როცა სცენაზე ვდგავარო. ახლაც ასე ხართ, თუ ღელვა ჩაცხრა?
- იგივე განცდა მაქვს. თან, ახლა შეიძლება, უფრო მეტად ვღელავ, როცა ერთად ვდგავართ სცენაზე და პარტნიორები ვართ.
სანდრო:
- მაპატიეთ, შეგაწყვეტინებთ, თუ შეიძლება, მე გეტყვით. ბაბუა ყველაზე მეტად იმას განიცდის და ნერვიულობს, როგორ მოვალთ თეატრში. სახლიდანვე იწყებს ღელვას: ადექი, გაიღვიძე, წასვლის დროა.
ჯემალი:
- თანამედროვე ცხოვრება, კომპიუტერთან ჯდომა და ამათი ასაკი ხომ მოგეხსენებათ, როგორიცაა?!
- და ამას ვერ ეგუებით, რადგან თქვენ ყოველთვის მოწესრიგებულად და დროულად ცხადდებით რეპეტიციებზე...
- დიახ, მაგრამ მგონი, თავისკენ გადამიბირა (იღიმის). სახლიდან ერთად გამოვდივართ, მანქანით უნდა წამოვიდეთ, ამიტომ ძალაუნებურად ვღელავ და დილის 8 საათზე ვიწყებ, გაიღვიძე, სანდრო, გაიღვიძე, ადექი, ადექი... 10 საათზე ხომ მაინც უნდა ადგეს, რომ თეატრში 11-ზე ვიყოთ?! ამ დროს სანდრო 8 საათზე იძინებს და წარმოუდგენელია, 2 საათი ძილი ეყოს.
სანდრო:
- მე რომ დასაძინებლად ვწვები, იმ დროიდან უკვე ჩემს გაღვიძებას იწყებენ (იღიმის).
ჯემალი:
- არც ეგრეა საქმე, მაგრამ ის დრო, რაც სანდროს სძინავს, ადამიანს არ ჰყოფნის და ამიტომ რთულია მისი გაღვიძება.
- შვილთაშვილი გყავთ უკვე, როგორი განცდაა, დიდი ბაბუა რომ ხართ?
- ბავშვს ბებიის სახელი, ელენე დაარქვეს. ერთი ელენე მყავდა და ვითომ არ მეყოფოდა (იღიმის). ვენაცვალე ჩვენს პატარა ელენეს, კარგი გოგო გვყავს. მე ძალიან გვიან შევირთე ცოლი, ოჯახს რომ მოვეკიდე, 33 წლის ვიყავი. ძალიან წინააღმდეგი გახლდით, როცა სანდრომ ადრე გადაწყვიტა დაოჯახება. 21 წლის იყო. ცოტა შევშფოთდი, რადგან მიმაჩნდა, რომ სანდრო მოუმზადებელი იყო საამისოდ. ერთი ის მოვიგე, რომ ელენიკო მყავს და მას მოვესწარი. ერთად ვთამაშობთ, უკვე ყველაფერი ესმის და „ბაბუს“ მეძახის. თან, ისეთი ბრწყინვალე გოგონაა, კოჭებში ეტყობა ნიჭიერება.
- სანდრო, ახლა რამდენი წლის არის ელენე?
- 2 წლის და 8 თვის. ის უკვე კარგად აღიქვამს ყველაფერს. სხვაგვარად, ანუ ჟარგონულად რომ ვთქვათ, „აზრზე მოსული ბავშვია“. ძალიან მიხარია, რომ ახლა ამ ზღაპრის პრემიერა დაემთხვევა და ელენემ პირველად უნდა იხილოს მამა სცენაზე.
- საბავშვო სპექტაკლებიდან რუსთაველის თეატრის სცენაზე ეს შენთვის მეორე როლი იქნება...
- დიახ, საბავშვო სპექტაკლებიდან მეორე იქნება, „ვარსკვლავბიჭუნას“ შემდეგ.
- ბატონო ჯემალ, გარდა დაგვიანების თემისა, რაზე ვერ თანხმდებით ბაბუა-შვილიშვილი?
- როგორც ყველა თაობას შორის ხდება, ბევრი რამ მისაღებია ჩემთვის სანდროს ასაკის ხალხისგან, ბევრიც - მიუღებელი. რაღაც მომწონს, რაღაც - არა, ისევე როგორც მას. ვეუბნები, ჩვენ ასე ვიქცეოდით, თქვენ - ასე, ის თავისას ამბობს, მე - ჩემსას. აქედან გამომდინარე, ძალაუნებურად შავი და თეთრი ღრუბელი ერთმანეთს ეჯახება და იწვევს ქუხილს (იღიმის).
სანდრო:
- სხვათა შორის, ჯემალთან ყველაზე ნაკლები პრობლემა და უთანხმოება მაქვს. ბავშვობის მცირე ასაკიდან მასთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. თუნდაც, როცა ის ქალაქგარეთ გადიოდა, არ არსებობდა, მეც მასთან არ ვყოფილიყავი, ან ბაბუას მეგობრების შეკრებაზე, სადაც კი სუფრა იშლებოდა, მეც თან ვყავდი.
ჯემალი:
- აი, მანდ შევცდი, რომ პურ-მარილებზე გატარე (იღიმის).
სანდრო:
- არა, არ მგონია, რომ შეცდი, პირიქით (იცინიან). ძალიან ძმაკაცური ურთიერთობა გვაქვს. ალბათ, ერთადერთი მკაფიო გაუგებრობა, რაც არის და ჩანს, ჩემი ძილის თემასა და ღამის ცხოვრებას უკავშირდება.
- რეპეტიცია გეწყებათ, ამიტომ დასასრულ მითხარით, როგორ შეაფასებთ და რას იტყვით, როგორი იყო თქვენთვის 2013 წელი?
- მე პირადად კარგად შევაფასებ, რადგან მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ ყველაფერს. ცხოვრებაში „შავი წერტილებიც“ საჭიროა და უამისოდ წარმოუდგენელია.
ჯემალი:
- ძალიან მძიმე და განცდიანი წლები გავიარეთ თეატრალებმა. ბოლო წლებში ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვაკლდა: გურამ საღარაძე, გიგა ლორთქიფანიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ახლახან ჭაბუა ამირეჯიბი წავიდა. დაგვსეტყვეს, როგორც იტყვიან, დაგვსეტყვეს, მაგრამ რას ვიზამთ?! ცხოვრება ასეთია, ერთი თაობა მიდის და ახალი მოდის. აი, ჩვენც, მე და სანდრო, გვერდიგვერდ რომ ვსხედვართ, ამის საუკეთესო მაგალითი ვართ. ღმერთმა ქნას, რომ ჩემი სანდრო იმდენივე წელი ყოფილიყოს თეატრში, რამდენიც მე. ეჭვი არ მეპარება, რომ ის ჩემს წლოვანებას მიაღწევს და მეტსაც იცოცხლებს, მე კი ახლაც და მერეც დავლოცავ იქიდან, სადაც ვიქნები. მთავარია, თეატრში ცხოვრება ისე წაუვიდეს, როგორც მე წამივიდა და ვუსურვებ, კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის მიეღწიოს!

ანა კალანდაძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
GIO
წარმატებებს გისურვებტ ორივეს და ჩემ საყვარელ რუსტაველის თიატრს Uლოცავ შობა-ახალ წელს!
01:09 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS