14 ნოემბერი, 2017
"ამ ცხოვრებაში თუ რამეს მივაღწიე, ჩემი მეუღლის დამსახურებაა"
"ამ ცხოვრებაში თუ რამეს მივაღწიე, ჩემი მეუღლის დამსახურებაა, რადგან ყოველთვის გვერდში მიდგას. განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში... ჩემი ოჯახის წევრებს საზოგადოება არ იცნობს, რადგან მათ არ უყვართ გამოჩენა", - ამბობს დავით ოქიტაშვილი, რომელიც თავის მშობლებზე, მეუღლეზე და ოჯახურ იდილიაზე დღეს გულახდილად საუბრობს...

- დედაჩემი ბუხუტი დარახველიძესთან ერთად ცეკვავდა, ხელოვანი გახლდათ და ალბათ აქედან მოდის ჩემი ხელოვნებისადმი უსაზღვრო სიყვარული. პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ ჩემი სპეციალობის მიმართულებით არასოდეს მიმუშავია. მამაჩემი სპორტსმენი, მოკრივე გახლდათ... დედაჩემი ძალიან მკაცრი დედა იყო.

1984
წელს ჯარმა მომიწია და მშობლებმა მითხრეს, აუცილებლად უნდა წახვიდეო. დედაჩემმა თქვა, თუ შენ ჯარში ივარგებ, იქ მიხვდები, რომ ამ ცხოვრებაში დამოუკიდებლად რაღაცას მიაღწევო. მამაჩემი ამბობდა, შემიძლია, კიკეთში იყო სამხედრო ნაწილშიო, მაგრამ დედა კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა და ასე აღმოვჩნდი პოლონეთში... თავიდან ჩემთვის დიდი შოკი იყო იქ ყოფნა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ნებისმიერმა ახალგაზრდამ უნდა გამოსცადოს დამოუკიდებელი ცხოვრება. ორი წლის განმავლობაში იქ ვიყავი და იმდენად შრომისმოყვარე გავხდი, რომ ერთ თვეში ჯილდოდ ათდღიანი შვებულება დავიმსახურე... როდესაც სახლში გახარებულმა დავრეკე, დედაჩემმა მითხრა, შენ მანდ ვერ გაძელი, მაინც გამოიპარე და თბილისში ჩამოსული არ დაგინახოო...

ძლივს დავაჯერე, რომ ათდღიანი შვებულება წარჩინებისთვის მერგო. ჩამოვედი და დედა ჩემით ძალიან ბედნიერი იყო, ჯარში რომ ყველაფერს თავი კარგად გავართვი... ბოლოს ჯარიდან წამოსვლა აღარ მინდოდა, რადგან იქ ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და დამოუკიდებლობას მივეჩვიე. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, აქ ყველაფერი გამიადვილდა. მეტალურგიულ ქარხანაში ვმუშაობდი და ფიზიკური შრომა არ მეთაკილებოდა. ქვიშისგან რაღაც ყალიბებს ვაკეთებდით... მშობლებმა მითხრეს, საღამოს ისწავლი, დღე იმუშავებო და ყველაფრის ფასი გეცოდინებაო. ასე გამზარდეს, მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად არასოდეს გვიჭირდა. მე დღეს პატიოსან მუშას ბევრად დიდ პატივს ვცემ, ვიდრე კაბინეტში გაზულუქებულებს და ამისთვის მინდა, ჩემს მშობლებს დიდი მადლობა გადავუხადო. ღმერთის წყალობით, ორივე მყავს და ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს! ყველას უკვირდა, ფიზიკურად რომ ვშრომობდი, ცხვირი სულ სილით მევსებოდა ხოლმე. ქარხანაში დაახლოებით ხუთი წელი ვმუშაობდი. ასე გაზარდეს ზუსტად ჩემი ძმა – მალხაზიც... დღემდე დედის სიტყვა კანონია ორივე ძმისთვის.

- როგორ მოხდა, სულ რომ ხელოვნების მიმართულებით მოღვაწეობთ?

- ჩვენთვის თანამდებობა არასოდეს არ ყოფილა მიზანი, ყველაფერი თავისთავად მოხდა... ხელოვნების სფეროში რომ მოვხვდი, ჩემი უსაყვარლესი მეგობრის, ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა. მან დედაჩემი რომ გაიცნო და ნახა, ჩვენს ოჯახში რამდენი ცნობილი ხელოვანი იკრიბებოდა, მითხრა, რომ მსურს ამ ადამიანებს დავუახლოვდეთ და ყოველთვის ვაგრძნობინოთ, ჩვენი ქვეყნის სიამაყეები რომ არიანო... 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS