პარამოცეკვავე, სალომე გოგეშვილის ცხოვრება ერთმა შემთხვევამ შეცვალა, ახალგაზრდა დედა სამი წლის წინ, ავარიაში მოხვდა და ხელი დაკარგა. იყო დეპრესია, გაუსაძლისი ტკივილები, სუიციდის მცდელობა, თუმცა, საკუთარ თავში იპოვა ძალა, ცხოვრება ცალი ხელით გაეგრძელებინა და საკუთარ თავში ისეთი შესაძლებლობები აღმოაჩინა, რომელსაც მანამდე ვერც კი ამჩნევდა.
სალომე ახლა პროექტ „ნიჭიერის“ მონაწილეა, უნდა რომ თავისი მეორე
- რთული, სევდიანი და მტკივნეული ისტორია მაქვს, ჩემი ცხოვრება 2014 წლის 17 აგვისტოს მომხდარი ავარიის შემდეგ ორად გაიყო. მანამდე ჩვეულებრივი დიასახლისი ვიყავი, რომელიც ორ შვილს ზრდიდა და მუშაობდა, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა. სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოხდა შეჯახება და დავკარგე მარჯვენა ხელი.
ავარიის დროს, ვერ ვგრძნობდი ტკივილს, მხოლოდ კადრები მიტრიალებდა ჩემი ცხოვრებიდან. მივხვდი, ვერაფერი მოვასწარი, ღირებული არაფერი შემიქმნია. ღმერთს მადლობას ვწირავ, ორი შვილის დედა ვარ, ეს რომ გავაცნობიერე, გადარჩენას ვითხოვდი, მივხვდი სიკვდილის უფლება არ მქონდა. ვითიშებოდი, სისხლისგან ვიცლებოდი, სიკვდილთან ბრძოლის ძალა არ მქონდა... მერე საავადმყოფოში მიმიყვანეს, მხოლოდ ერთი სიტყვა მესმოდა: ამპუტაცია... ვერ ვხვდებოდი, რის ამპუტაციას მიკეთებდნენ, ხელებს ვგრძნობდი, ფეხებსაც ვამოძრავებდი...
დილით როცა გავიღვიძე და მარჯვენა მხარეს გადავბრუნდი, მივხვდი... ვიკითხე, ხელი აღარ მაქვს-მეთქი?! რამდენიმე წუთი შოკში ვიყავი, დამამშვიდებელი გამიკეთეს და პალატაში მოვედი გონს. დეტალურად გამახსენდა ყველა წუთი, მივხვდი ბედნიერი ადამიანი ვარ, გამიმართლა, რადგან ცოცხალი ვარ. ხომ შეიძლებოდა საერთოდ არ გამღვიძებოდა? უამრავი ადამიანი მოდიოდა ჩემს სანახავად, უდიდეს სითბოს ვიღებდი, სწორედ ამან მომცა ძალა მე ძლიერი ადამიანი გავმხდარიყავი.
ღმერთმა მეორე სიცოცხლე მაჩუქა და ღირსეულად უნდა მეცხოვრა. ჩემი „ნაკლი“ ღირსებად უნდა მექცია. ჩემი სიმახინჯით (მაშინ სიმახინჯეს ვეძახდი), ამით უნდა მეცხოვრა. თუმცა, არ ვიცოდი საიდან უნდა დამეწყო.
- როგორ დაიწყეთ ახალი ცხოვრება?
- საავადმყოფოდან გამოწერის მერე მარტო დავრჩი საკუთარ თავთან, მოვიხსენი ხელზე მოფარებული რაც მქონდა... სარკეში ვუყურებდი ჩემს ხელს და ვეუბნებოდი, სალომე როგორ უნდა იცხოვრო ამით? მერე მივხვდი, არ მინდოდა ვყოფილიყავი სუსტი გოგო, რომელიც მანამდე 32 წელი ვიყავი, ამიტომ თავიდან დავიწყე.

- დეპრესიული პერიოდი როგორ გადალახეთ?
- რა თქმა უნდა, იყო დეპრესია, გაუსაძლისი ტკივილები, სუიციდის მცდელობა. მინდოდა გადავმხტარიყავი, თავი მომეკლა, რაღაც დამელია, ეს ყველაფერი რომ არ მეგრძნო. იყო პერიოდი, როცა არ ვიცოდი, როგორ გავმკლავებოდი ამ ყველაფერს. შიგნიდან ვგრძნობდი ძალას, რომელიც მეუბნებოდა შენ ეს შეგიძლია, ამას გადალახავ და ისეთ რამეს გააკეთებ, რაზეც აქამდე წარმოდგენა არ გქონდა.
დავიწყე ჩანაწერების გაკეთება, მერე როცა ვკითხულობდი ჩანაწერებს, აღმოვაჩინე ცუდზე მეტი კარგი ხდებოდა ამ ცხოვრებაში, მერე დავიწყე ჩემი მდგომარეობის შეფასება, ხელი რომ არ მაქვს, რატომ არის ეს კარგი და რატომ არის ცუდი? იმდენი ახალი შესაძლებლობა გაიხსნა ჩემს ცხორებაში, შეუძლებელი იყო, ყველაფრის არ დანახვა. საკუთარ შიშებთან დავიწყე დაპირისპირება, მეშინოდა ხალხში გასვლის, ხელის გამოჩენის, დავძლიე ეს შიშები.
ადრე რომ მიყურებდნენ ქუჩაში, მოვდიოდი სახლში და ვტიროდი. ახლა კი ვუღიმი ასეთ ადამიანებს. იმას არ ვამბობ რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ მაქვს, მაგრამ ამ შესაძლებლობებში აღმოვაჩინე ბევრი და ახალი შესაძლებლობები. ყველაფერი ჩვენს შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
დამიჯერეთ ბევრი პრობლემა მაქვს, დედა მეხმარება ფინანსურად, არ მაქვს არც სამსახური, არც სახლი... ისიც არ ვიცი, ერთი თვის მერე სად წავალ. მივმართე თავშესაფარს, მაგრამ თურმე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი თუ არ ხარ, ვერ მიგიღებენ.
რაც კი რესურსი არსებობდა ჩემს ირგვლივ ამოვწურე, ფაქტიუად ქუჩაში ვრჩები, არ ვიცი საიდან გადავიხადო ბინის ქირა, მაგრამ ვცდილობ, სხვა კუთხით შევხედო ყველაფერს. დღემდე მჯერა სასწაულების, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც მეორედ დავიბადე. ეს განსაცდელი კარგია იმისთვის, რომ განვვითარდე. მინდა, ყველა ბედნიერი იყოს და დავინახოთ ის, რასაც ვერ ვხედავთ, რადგან დრო არ გვაქვს ამის.

- პროექტ „ნიჭიერში“ მონაწილეობა რატომ გადაწყვიტეთ და რა მოლოდინი გაქვთ?
- „ნიჭიერში“ მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენს შესახებ. გვინდა ინკლუზიური ხელოვნება განვითარდეს საქართველოში, მინდა, ფართო აუდიტორიის წინაშე წარვსდგე, ვაჩვენო რომ შშმ პირებსაც შეუძლია ცეკვა. სწორედ ამ შეზღუდული შესაძლებლობების მიღმა შეგიძლია აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები, რაზეც მანამდე წარმოდგენა არ გვქონდა. იმედი კარგის მაქვს, უბრალოდ ამ ეტაპზე ვერანაირ პროგნოზს ვერ ვაკეთებ.