10 ნოემბერი, 2017
"პარკეტის მოცარტად" წოდებული ქართველი ხელოსანი, რომელსაც მინისტრებისა და ვარსკვლავების მხატვრულ იატაკებზე უმუშავია
იატაკი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია სახლში. მას შეუძლია მთლიანად შეცვალოს ინტერიერი. როცა იატაკის საფარს ირჩევთ, ამ საკითხს დიდი სერიოზულობით უნდა მოეკიდოთ და გარწმუნებთ, თქვენ მიიღებთ შესანიშნავ შედეგს: დახვეწილ, მყუდრო და ჰარმონიულ ინტერიერს. ბოლო პერიოდში აქტუალურია მხატვრული პარკეტი. იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ელიტარულ პროდუქტად ითვლება, ვინაიდან მზადდება ხის ძვირფასი, ძვირადღირებული ჯიშებისგან და მათი დამუშავება სპეციალური ტექნოლოგიით ხდება. მხატვრული პარკეტის შექმნა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. მხატვრული პარკეტის შესახებ გვესაუბრება გრიშა გედენიძე, რომელსაც ხშირად პარკეტის მოცარტსაც კი უწოდებენ.
იგი
29 წლის გახლავთ და პარკეტზე მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს. მხატვრული პარკეტის დაგება რუსეთში ისწავლა. წლების განმავლობაში თავისი ხელობით მუშაობდა კრემლის დარბაზებში, მინისტრების კაბინეტებში, ფეშენებელურ ვილებში, სავაჭრო ცენტრებში, პარკეტი დაგებული აქვს რუსული ესტრადის არაერთ ვარსკვლავთან. გრიშა დაახლოებით 6 თვის წინ დაბრუნდა საქართველოში და სურს, მხატვრული პარკეტი აქაც ისეთი აქტუალური და მოთხოვნადი გახადოს, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია.

- განსხვავებული მეთოდით აგებთ პარკეტს. რა ჰქვია ამ მეთოდს?
- ეს არის მხატვრული პარკეტი. მოსკოვში ვისწავლე მსგავსი მეთოდით პარკეტის დაგება. ორი წელი ერთ-ერთ წამყვან ფირმაში ვმუშაობდი, შემდეგ მე თვითონ გავაკეთე ქარხანა და კერძოდ დავიწყე მუშაობა. ბრიგადაში 5-6 კაცი მყავდა და ერთობლივად ვმუშაობდით.

- ქაღალდზეც ისე არაჩვეულებრივად ხატავთ, როგორც პარკეტზე?
- არა, რეალურად ხატვის ნიჭი არ მაქვს. ქაღალდზე ხატვა არ შემიძლია. პარკეტზე პირდაპირ ნახატიდან გადამაქვს გამოსახულება. ჩვენთან რაც მოაქვთ ნახატი, გვაქვს სპეციალური პროგრამა და იმაზე ვჭრით ნახატს, შემდეგ კი გადაგვაქვს პარკეტზე.

- მოსკოვში მუშაობის პერიოდს როგორ გაიხსენებდით? ძირითადად რა ტიპის ობიექტებზე გიწევდათ მუშაობა?
- კერძო შეკვეთებიც იყო, მაგრამ ძირითადად სამთავრობო სტრუქტურებში ვმუშაობდი. ნამუშევარი მაქვს კრემლში. რვა თვის წინ რუსეთის სატრანსპორტოს მინისტრის კაბინეტი გავაკეთეთ. მიმუშავია რუსული ესტრადის წარმომადგენლებთან, მომღერლებთან. პარკეტი დავაგე გრიგორი ლეპსის სახლში, ვალერი მელაძესთან და სხვებთან.

- როგორ დაკვეთებს იღებდით ამ ადამიანებისგან? რა იყო მათთან აქტუალური, მოდური?
- მხატვრული პარკეტი იქ ძალიან ცნობილი და მოდურია. საქართველოში იმდენი მოთხოვნა არ არის, რაც იქ იყო. ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ამის საშუალება საქართველოში ცოტას თუ აქვს. რუსეთში დიდი მოთხოვნაა კაკლის ხის მასალაზე, მაჰაგონზე, აფრიკულ ხეებზე და სხვა ძვირადღირებულ მასალაზე, რომელთა კვ.მ-ის ფასი მინიმუმ 200-300 დოლარიდან იწყება. ძირითადად იმ მასალებზე ვმუშაობდით, რომლებიც ძვირადღირებული, ეგზოტიკური და ეკოლოგიურად სუფთაა.

- ყველაზე რთული ნამუშევარი ვის სახლში შეასრულეთ?
- ოთხი თვის განმავლობაში ვმუშაობდით რუსეთის სატრანსპორტო მინისტრის კაბინეტში, რომელიც 700 კვადრატული მეტრი იყო.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS