არავის ვაკნინებ, უბრალოდ, ეკა ნამდვილი, ხარისხიანი, ეპოქალური, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია... ამაყი ვარ, რომ ჩვენს რეალობაში იშვა, მაგრამ ნერვებიც მეშლება, რადგან ჩვენს სინამდვილეშია და ვერ ვუფრთხილდებით... უმძიმეს დაავადებასთან ერთად, მისი ყოფითი მდგომარეობაც არანაკლებ მძიმეა... ის რომ ევროპაში, ან შტატებში მოღვაწეობდეს, ყველას ემახსოვრებოდა... რისი ბრალია?! იქნებ იმის, რომ გემოვნების დეფიციტს განვიცდით... ან იქნებ ეკას ბრალიც არის, უფრო მძაფრად რომ არ გვახსენებს თავს. თუმცა,
მრცხვენია, ძალიან მრცხვენია, რომ ასე ხდება...
თუ ხელისუფლება უძლურია, ჩვენ გავძლიერდეთ, მივცეთ მოტივაცია ამ საოცარ მომღერალს, რომ დადგეს სცენაზე და დაგვიბრუნოს მივიწყებული ხარისხი...
სიკვდილამდე უნდა დაფასდეს ხელოვანი... სიკვდილის მერე ნუგეში მიცვალებულზე გვირგვინივით იქნება...
დღეს მომინდა, შევხმიანებოდი და აღმოჩნდა, რომ მობილურიც არ ჰქონია...
უცხოელების ჩამოსაყვანად ათასობით, მილიონობით ლარი იხარჯება. არ ვამბობ, რომ ცუდია ასეთი ფაქტები. ოღონდ ჯერ ჩვენი დავაფასოთ... როგორც მინიმუმ, მშიერი მაინც არ მოვკლათ...
ეჰ, ჩემო ეკა, ჯერ კიდევ როდის იმღერე, „ღარიბი და მოწყენილი, ვის რად უნდა“?!
მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენ გვინდა, გვჭირდება და გვიყვარს ეკა...“
ეს გზავნილი პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა. ჩვენ მამა პეტრეს დახმარებით (რადგან მომღერალს მობილური ტელეფონი მართლაც არ აქვს) ეკას დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...
– სიმართლე გითხრათ, შევწუხდი მამა პეტრეს საჯარო პოსტის გამო. არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, არ მინდა ჩემი პრობლემები ვინმეს თავზე მოვახვიო. მამაომ ჩემი ნებართვის გარეშე გააკეთა ეს განცხადება, ვიღაცამ ხომ უნდა თქვასო, მითხრა... როგორ გითხრათ, ეს პრობლემა დიდი ხანია დგას ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ამჯერად გაცილებით მძაფრად... ეს ყველაფერი ერთი თაღლითი ადამიანის ბრალია. საკუთარ თავს ვცემ პატივს და მის გვარს არ დავასახელებ. მოკლედ, ათენში მიმიწვია ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში საბერძნეთში მოღვაწეობს, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ და თბილისშიც აკეთებდა მანამდე კონცერტებს. დაგეგმილი იყო ჩემი კონცერტი ათენში. დამპირდა სტუდიის გაკეთებას, სადაც მეყოლებოდა მოსწავლეები და მექნებოდა ანაზღაურება. რომ გადავთვალე, ვიფიქრე, რომ ბოლოს და ბოლოს მეღირსებოდა სახლი. ჩავაბარე ჩემი დაგირავებული ბინა და თანხა მშენებარეში შევიტანე. არცერთი დაპირება არ შესრულდა. კონცერტი ჩავატარე, ამ ადამიანმა ყველაფერში გადამაგდო. არც კონცერტის თანხა, არც სტუდია, არც ბავშვები. სანამ წავიდოდი, ყოველდღე ვურეკავდი და ვეუბნებოდი, მამუკა, მე ყველაფერს ვყიდი, ბინას ვაბარებ, ხომ არაფერი შეიცვლება, არ დამაღალატო-მეთქი. აბსოლუტურად ყველაფერი გავყიდე იმისთვის, რომ წავსულიყავი და თანხა მშენებარე ბინაში შემეტანა...
– მახსოვს, თქვენი ქალიშვილი, ნუკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში ავეჯის ფოტოებს აქვეყნებდა და წერდა, რომ ყიდდა, ისიც თქვენთან ერთად გეგმავდა წამოსვლას?
– კი, მას მერე, რაც მე მოვეწყობოდი და დავლაგდებოდი, ნუკასაც ჩავიყვანდი. მაგრამ, როგორც გითხარით, არცერთი პირობა არ შესრულდა... კონცერტი რომ ჩავატარე ჰონორარს ველოდებოდი. ამ დროს დედა გარდამეცვალა. ანგარიშზე პატარა თანხა მქონდა, რომელიც თბილისში გამოვაგზავნე ჩემს ძმასთან, რომ დედასთვის მიეხედა. არ ავადმყოფობდა დედა, ამ ამბავს არ ველოდი. ველოდებოდი ჰონორარს, რომ ბილეთიც ამეღო და ჩამოვსულიყავი... ვერ ჩამოვედი, დედის დაკრძალვაზე ვერ ჩამოვედი... იქ ჩემი კოლეგა იყო, მას ჩემს კოლეგად აღარც ვთვლი. რომელ დახმარებაზეა ლაპარაკი, არც მომისამძიმრა. ჩვენს ოჯახში გაიზარდა, დედაჩემს ძალიან კარგად იცნობდა. ჩემს ჰონორარს ვთხოვდი მამუკას, რომ დედის დაკრძალვაზე ჩამოვსულიყავი. ბოლოს იცით, რა მითხრა? არაფერზე არ მოგლაპარაკებივარო... გამოვიდა, რომ სულელი ვიყავი, ყველაფერი რომ გავყიდე და წავედი.
– რატომ ენდე ასე ამ ადამიანს?
– ბავშვობიდან ვიცნობდი. მის ორგანიზებულ კონცერტზე არაერთხელ მიმღერია. მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ კარგი დამოკიდებულება გვქონდა. რას წარმოვიდგენდი, რომ უცხო ქვეყანა ასე გაათაღლითებდა?!
– რა პერიოდი იყავი ათენში?
– 5 თვე. იქ ახლობლები მყავს, ექიმები, ძალიან კარგი ადამიანები არიან... ჩემთვის ეს სტრესი არაფრით არ შეიძლებოდა... დედაჩემს მობილურის ეკრანიდან დავემშვიდობე...
– ახლა სად ცხოვრობ?
– ხან სად, ხან სად. ხან ჩემს შვილთან, ნუკასთან ვარ, ხან ჩემს მეგობართან ვათევ ღამეს. ნუკა ერთოთახიანში ცხოვრობს, სტუდიოს ტიპის ბინაა და დროებით მასთან ვარ.
– მართალია, რომ მობილური ტელეფონიც არ გაქვს?
– დამივარდა, ეკრანი გაუტყდა და ვეღარ შევიძინე. მობილური და ყველაფერი მატერიალური მეორეხარისხოვანია ჩემთვის. მთავარი ადამიანობაა, ნდობაა, რომელიც თურმე ფუჭად მქონია. სულ ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრების 9 წელი წამართვეს, მომპარეს. უმუშევარი დამსვეს, უფულოდ, უყველაფროდ. არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ... ამას ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაემატა. ცოტა ხის წინ თავის საშინელი ტკივილები მქონდა, ისეთი, რომ გამაყუჩებელიც არ მშველოდა. ამ ყველაფერმა რომ გაიარა, მეორე პრობლემა დაიწყო. კოორდინაციის უნარი წამერთვა. პატარა ქუსლზეც ვერ ვდგები, ვბარბაცებ და მერიდება.
განაგრძეთ კითხვა: